რუსთავში 350 ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება

რუსთავში 350 ოჯახს  საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება

რუსთავში, მეექვსე და მეთერთმეტე მიკრო რაიონებში, ყოფილ საერთო საცხოვრებლებში მცხოვრებ 350 ოჯახს, საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საცხოვრებელი ფართების დაკანონება ქვემო ქართლის გუბერნატორისა და რუსთავის მერიის აქტიური ჩართულობით მოხდა.

მათივე ცნობით, ორი ათეული წლის განმავლობაში, მოსახლეობა აღნიშნული ფართის საკუთრებაში გადაცემას ვერ ახერხებდა.

„ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმეთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად კი, დაიწყო იმ პროცედურების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა, საცხოვრებელ ბინებს საკუთრებაში, უახლოეს პერიოდში, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დაირეგისტრირებს.

აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია, მოსახლეობას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეებმა, ზვიად ჭუნაშვილმა, კახა კობერიძემ და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ გააცნეს.

ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა ამ მიმართულებით განსახორციელებელი გეგმები, მე-6 მიკრო რაიონის მოსახლეობასთან დიალოგის რეჟიმში განიხილეს. ზვიად ჭუნაშვილმა, ადგილობრივ მცხოვრებლებს ის კონკრეტული რეკომენდაციები გააცნო, რომლის საფუძველზეც, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.