კახა კალაძე - 7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი

7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და პირველ რიგში ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებულები, რომ არასოდეს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.

კალაძის თქმით, 7 ნოემბერი შესულია ისტორიაში, როგორც ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითი.

„დღეს 7 ნოემბერია, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ; შესულია ისტორიაში, როგორც ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითიც. ამ დღეს დაიწყო ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება მთელი ევროპის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა თავისი მედიის თუ ლობისტების საშუალებით მაქსიმალურად შეეფუთა 7 ნოემბრის გამომწვევი მიზეზები, ტრაგიკული შედეგები და შემდგომი ანგარიშსწორება, დაწყებული პროცესი მაინც შეუქცევადი გახდა და ამ დღის თითოეული შემოქმედის დამსახურებაა, რომ რეჟიმის ჭეშმარიტი სახე დაინახეს ასევე უცხოეთშიც.

7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებულები ჩვენ ყველანი, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ არასოდეს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში.

რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, საზოგადოება დავყოთ პრივილეგირებულ ჯგუფებად- იმისიანებად და ამისიანებად. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ამ მიდგომებმა და დამოკიდებულებამ რა მოგვიტანა ქვეყანაში. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ადამიანები მოვკვეთოთ საზოგადოებიდან, ჩავქოლოთ, გავრიყოთ და გვქონდეს ეს დამოკიდებულება. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, ეს არის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ქვეყნის ეკონომიკურად სწრაფი განვითარება, რომ ეს იგრძნოს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ხალხი და მთავრობა არის ერთი მთლიანი ძალა და არა ერთმანეთის მოწონააღმდეგე ძალები. ესაა ქვეყნის განვითარების საწინდარი და ჩვენ ყველამ ერთად მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ თანამშრომლობისა და წინსვლისკენ",- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე - 7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა