დავით ზალკალიანი - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისთვის, რის დასაცავადაც ლევან მიქელაძე 2007 წლის 7 ნოემბერს გადადგა

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისთვის, რის დასაცავადაც ლევან მიქელაძე 2007 წლის 7 ნოემბერს გადადგა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლევან მიქელაძის სახელობის ინსტიტუტსა და ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერისას განაცხადა, სადაც ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცნობილი ქართველი დიპლომატი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

დავით ზალკალიანის თქმით, წინა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა და უღალატა იმ პრინციპებს, რომელთა ერთგულიც ლევან მიქელაძე იყო.

„ლევანმა ეს ნაბიჯი გადადგა პირველ რიგში თავისი ქვეყნისთვის, იმ იდეალებისთვის, რასაც იგი ემსახურებოდა. აქ მხოლოდ სამი იყო წარმოდგენილი, მაგრამ ეს არის უდიდესი არმია, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. სწორედ ამის ეშინოდათ მაშინ, რომ ლევანი მოვიდა როგორც გამაერთიანებელი ადამიანი, რომლისაც სჯეროდათ და სწამდათ. მაგრამ ჩვენ არაფრის გვეშინია. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ამ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული ვართ. წერილში ლევანი ამბობს, რომ ჩემი გადაწყვეტილება ჩემს ღირებულებებთან და ფასეულობებთან თავსებადია და ეს ასეც არის.

ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, რომ საქართველომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში თავისი ადგილი იპოვოს, ის ღირსეული ადგილი, რომლისთვისაც ლევანი ასე თავდაუზოგავად იბრძოდა. ის ასევე ამბობს, რომ გული უგრძნობდა, რომ ეს ბრძოლა არ დამთავრებულა და საქართველოს კიდევ ბევრი განსაცდელი ელოდა, რისი მოწმეც ჩვენ შემდგომ გავხდით. განსაცდელი და პრობლემები ყოველთვის იქნება, მაგრამ თუ ჩვენ გავერთიანდებით ასეთი ადამიანების გარშემო, ჩვენ ასეთ პრობლემებს ყოველთვის ღირსეულად დავძლევთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, ლევან მიქელაძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად გაიღო ეს მსხვერპლი და გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, მათ შორის ქვეყნის იმიჯის გადასარჩენად. მისი შეფასებით, ლევან მიქელაძემ ამ ნაბიჯით და თავისი ცხოვრებით დიპლომატიის მაღალი სტანდარტი დააწესა და იგი ოცნებობდა ევროპული ტიპის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოდელზე, რომლისკენაც დღეს უწყება მიდის.

„ბედნიერი ვარ, რომ წლების შემდგომ ჩვენ გავერთიანდით ლევან მიქელაძის გარშემო, ამ ღირსეული ადამიანის გარშემო, რომლისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ის პრინციპები, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა. მას სხვაგვარად არ შეეძლო და ჩვენ რა თქმა უნდა მის გვერდით გავერთიანდით, დავუდექით მხარში იმ ბრძოლაში, რომელშიც ის ასე თავდაუზოგავად გადაეშვა. სამწუხაროდ, ის ჩვენთან აღარ არის, მაგრამ ჩვენი ვალია, ის პრინციპები და ღირებულებები რისი ერთგულიც ლევანი იყო, ბოლომდე ვატაროთ. ლევანმა დააწესა დიპლომატიის მაღალი სტანდარტი. მე მინდა რომ ამ გადმოსახედიდან ამ სტანდარტებიდან განვავითაროთ ქართული დიპლომატია. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სამსახური, რომელიც ამ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული იქნება. ევროპული პატარა ქვეყანა ვართ და ლევანი ყოველთვის ოცნებობდა, საქართველოს ევროპის თანაზომადი პატარა ქვეყნის სტანდარტების მქონე საგარეო სამინისტრო ჰქონოდა. რასაც შევძლებ გავაკეთებ სანამ ვარ და რომ არ ვიქნები, იქიდანაც დავეხმარები საგარეო საქმეთა სამინისტროს, იმიტომ რომ ეს ჩემი სახლია, ჩვენი სახლია და ჩვენთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ლევანმა ერთგვარად იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობაც აიღო ამ გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა ის ხელისუფლება არ აცნობიერებდა და ამას ვერ გააცნობიერებდა. ეს რომ გაეცნობიერებინათ, იმ სადამსჯელო ოპერაციას და რაც მას შემდგომ მოჰყვა, რა უბედურებაში და ტრაგედიაშიც აღმოვჩნდით, თავიდან ავიცილებდით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენა.

„ძალიან კარგად მახსოვს ის დღე - 7 ნოემბერი. მაშინ ელჩად ვიყავი დანიშნული ერთ-ერთ ქვეყანაში, აგრემანს ველოდი. დილით, როდესაც გავიგეთ ასეთი ამბავი მოხდა, მყისიერად გამოვემართე სამინისტროსკენ, რუსთაველზე საშინელება ხდებოდა. ახლაც მახსოვს და ვგრძნობ იმ მომწამვლელი გაზის სუნს, რომელიც გაუშვეს, ადამიანებს როგორ დასდევდნენ პარლამენტის შენობასთან და შემდეგ ზემოთ, ჩიტაძის ქუჩაზე. ფეხით ამოვედი, შემოვედი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასეთი სამინისტრო არ მახსოვს. იყო საოცარი სიჩუმე, ყველა შეკეტილი იყო ოთახში, ვერავინ ვნახე, ვისთანაც შემეძლო ჩემი ემოციის გაზიარება და გადმოცემა. შევედი ოთახში, ტელევიზორი ჩავრთე, თვალს ვადევნებდი. პირველი რაც გავაკეთე, ჩემი ელექტრონული ფოსტა გავხსენი და პირველი გზავნილი იყო ლევანისგან. შინაგანად დარწმუნებული ვიყავი და მივხვდი კიდეც, ეს რა წერილი იქნებოდა. სხვაგვარი მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა. როდესაც წერილი და წავიკითხე გავხსენი, დავმშვიდდი, იმიტომ რომ მე ამ ნაბიჯს ველოდი, ვიცოდი, რომ ლევანი ასე მოიქცეოდა. ყველას იგივე განცდა გვქონდა, რომ ჩვენც ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. ამის შემდეგ, როგორც იქნა, დავუკავშირდი ლევანს და მან მთხოვა, რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა. მაშინაც, ამ მძიმე სიტუაციაში ლევანი სახელმწიფოზე ფიქრობდა და გაგვაფრთხილა, რომ სახელმწიფოებრიობა ჩამოიშლებოდა, მოდი, მხოლოდ ჩემი იყოს ეს პროტესტი და მერე ვიფიქროთ ამაზეო. დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ, შესაძლოა შეცდომა იყო, მაშინ რომ ბევრ ადამიანს მსგავსი პროტესტი გამოეხატა და მსგავსი ნაბიჯი გადაედგა, შესაძლო,ა ის შედეგები არ გვქონოდა, რა შედეგებიც შემდეგ დადგა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ღონისძიებას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ლევან მიქელაძის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ბორდის წევრები და თანამშრომლები, ასევე ლევან მიქელაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა