ვასილ კაჭარავა - აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგები მართლაც რომ შთამბეჭდავია, ვინაიდან ტრამპისადმი ამერიკელი ხალხის ნდობის ვოტუმი შედგა

აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედგებზე „ინტერპრესნიუსი“თსუ-ს პროფესორს, ამერიკანისტიკის ინსტიტუტის დირექტორს, ვასილ კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო ვასილ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის წლებში აშშ-ს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, საკმაოდ ბევრი სამუშაო ადგილებიც შეიქმნა, აშშ-ში შუალედური არჩევნები ტრადიციულად პრეზიდენტის „რესპუბლიკური“ პარტიის მცირედი, მაგრამ მაინც მარცხით დასრულდა.

პრეზიდენტ ტრამპის „რესპუბლიკურმა“ პარტიამ დაკარგა წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა და როგორც ჩანს, 2010 წლის შემდეგ „დემოკრატები“ წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობას პირველად მოიპოვებენ. პრეზიდენტმა ტრამპმა არჩევნების შედეგები „შთამბეჭდავ წარმატებად“ შეაფასა. თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს? ჯერ წარმომადგენლობით პალატაში ძალთა ბალანსით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ ამ არჩევნების სხვა შედეგებზე...

- იყო ასეთი არაჩვეულებრივი ქართული ფილმი, ,,მაია წყნეთელი’’, რომელიც ჩემი უსაყვარლესი ისტორიული ფილმია ფილმ ,,ვატერლოოსთან’’ ერთად. ამ ფილმში მაია წყნეთელი პირველად რომ შეხვდება მეფე ერეკლეს ვერ ხვდება ვისთან აქვს საქმე და ჯიქურ ჰკითხავს - ,,არა სტყუიხარ, მართლა მეფე ხარ“? რაზეც მეფე ერეკლე პასუხობს - ,,იქნება ვცდები, მაგრამ არა ვსტყუივარო’’.

სენსაცია ის იქნებოდა რომ „რესპუბლიკელებს“ წარმომადგენლეთა პალატაშიც შეენარჩუნებინა უმრავლესობა

მგონი ამჯერად არც ტრამპი ტყუის, როდესაც ამ შუალედური არჩევნების შედეგებს ,,შთამბეჭდავს’’ უწოდებს და მადლობას უხდის ამერიკელებს, თუმც მის ოპონენტებს ალბათ ჰგონიათ, რომ იგი ცდება.

მეც მიმაჩნია, რომ ამ აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგები მართლაც რომ შთამბეჭდავია, ვინაიდან ტრამპისადმი ამერიკელი ხალხის ნდობის ვოტუმი შედგა. პირველი - „რესპუბლიკელებმა“ არა მარტო შეინარჩუნეს არამედ გაზარდეს კიდეც უმრავლესობა სენატში ეს კი ნამდვილად დიდი წარმატებაა.

მეორე - მათ მართლა დაკარგეს უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში, მაგრამ არა იმდენად, როგორც ამას „დემოკრატები“ ელოდნენ და აანონსებდნენ, რომ მათი ,,ცისფერი ტალღა’’ წალეკავდა კონგრესს.

ეს მით უმეტეს მნიშვნელოვანია, როცა ახალი პრეზიდენტის პარტია პირველ შუალედურ არჩევნებში ყოველთვის კარგავს ხმებს. და აქ არავითარ სიახლესთან და სენსაციასთან არ გვაქვს საქმე. ასე დაკარგეს უაღრესად პოპულარულმა „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტებმა ეიზენჰაუერმა და რეიგანმა უმრავლესობა შუალედეურ არჩევნებში.

ტრამპის მასირებულმა და უაღრესად აქტიურმა წინასაარჩევნო კამპანიამ მართლაც შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო და დემოკრატთა და ტრამპზე გადაკიდებული მასმედიის ტოტალური მობილიზაცია შედარებით მოკრძალებული შედეგებით დაკმაყოფილდა

სენსაცია ის იქნებოდა, რომ „რესპუბლიკელებს“ წარმომადგენლეთა პალატაშიც შეენარჩუნებინა უმრავლესობა. საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებული პარტია ამ შუალედური არჩევნების მეშვეობით იძიებს ხოლმე შურს, მით უმეტეს რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი მისი ყველა დაპირების შესრულებას პირველ ორ წელიწადში ვერც ასწრებს.

ასე რომ, ტრამპის მასირებულმა და უაღრესად აქტიურმა წინასაარჩევნო კამპანიამ მართლაც შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო და დემოკრატთა და ტრამპზე გადაკიდებული მასმედიის ტოტალური მობილიზაცია შედარებით მოკრძალებული შედეგებით დაკმაყოფილდა.

- უმცირესობის ლიდერი ნენსი პელოსი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ „დემოკრატები“ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და მედიკამენტებზე ფასის დაწევაზე იზრუნებდნენ, ასევე წინააღმდეგობას გაუწევენ „რესპუბლიკელთა“ გეგმას შეკვეცონ სოციალური ხარჯები და კვლავ აქტუალური გახადონ ობამას დროს მიღებული ჯანდაცვის კანონი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო.

გასაგებია, რომ წარმომადგენლობით პალატაში დემოკრატების უმრავლესობას პრეზიდენტ ტრამპის საშინაო პოლიტიკაში ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად სახიფათოა პრეზიდენტ ტრამპისათვის ქვედა პალატაში უმრავლესობის დაკარგვა?

- მართალია, პელოსიმ დაანონსა, რომ არჩევნების შემდეგ „ამერიკა ახალ ცხოვრებას დაიწყებდა’’, მაგრამ მგონი ეს უფრო ლამაზი ფრაზაა, ვიდრე ასეთი რადიკალური ცვლილება.

თავად პელოსისითვის შეიძლება მართლაც დაიწყოს ახალი ცხოვრება და იგი აღარ იყოს დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში. ასაკიც და არცთუ ძალიან წარმატებული წლები თავისას მოითხოვს და პალატაში დემოკრატთა ახლი უმრავლესობის ლიდერი, სავარაუდოდ, სხვა იქნება.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული უმრავლესობა გაზრდის პრობლემებს ტრამპის გეგმების აღსრულებისთვის და იქნებ მართლაც შეჩერდეს ობამკაირის ლიკვიდაცია, მაგრამ სწორედ ესა დემოკრატია

რასაკვირველია, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული უმრავლესობა გაზრდის პრობლემებს ტრამპის გეგმების აღსრულებისთვის და იქნებ მართლაც შეჩერდეს ობამაკეირის (ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა) ლიკვიდაცია, მაგრამ სწორედ ესა დემოკრატია. და თუ შესაჩერებელია და ამერიკელთა უმრავლესობა ამას შეეწინააღმდეგება, ალბათ ასეც უნდა იყოს. სწორედ ესაა დემოკრატია.

ჩვენი პოლიტიკოსების მიერ უბედურებად შერაცხული კოჰაბიტაცია, როდესაც პრეზიდენტი ერთ პარტიას ეკუთვნის, კონგრესში კი სხვა პარტიას აქვს უმრავლესობა, სწორედაც რომ დემოკრატიის სიმბოლოა და არა გამართლება საკუთარი უუნარობის.

სწორედ ასე მუშაობს ამერიკული დემოკრატია დროის უდიდეს მონაკვეთში. და ამიტომაა მოსახლეობა უფრო კმაყოფილი ვიდრე ერთპარტიულ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტიც და პარლამენტიც მუდამ ერთი პარტიისაა.

ასე რომ, არც ამერიკისთვის და არც პრეზიდეტ ტრამპისთვის, რომელიც სწორედაც რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტია, მე ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავ. ესა ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ჩვენი პოლიტიკოსების მიერ უბედურებად შერაცხული კოჰაბიტაცია, როდესაც პრეზიდენტი ერთ პარტიას ეკუთვნის, კონგრესში კი სხვა პარტიას აქვს უმრავლესობა, სწორედაც რომ დემოკრატიის სიმბოლოა და არა გამართლება საკუთარი უუნარობის

შეიძლება იგივე შეეხოს ,,დიდ ამერიკულ კედელს’’ და წარმომადგენელთა პალატამ დაამუხრუჭოს თანხების გამოყოფა მისი მშენებლობისთვის. ასეთ შემთხვევაში ტრამპს მოუწევს ამერიკული არმიის ქვედანაყოფების პერმანენტული განლაგება მექსიკის საზღვარზე, როგორც დღეს ხდება. ეს კი შესაძლოა უფრო ძვირი დაუჯდეს ამერიკის ბიუჯეტს. პრეზიდენტი ხომ ელემანტარულად ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეყანა არალეგალური და მით უმეტეს ძალით შემოვარდნილი ე.წ . ემიგრანტებისგან, ამაზე არც არავინ დავობს.

- დამკვირვებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ქვედა პალატაში დემოკრატების მიერ კონტროლირებადი კომიტეტები გააქტიურებენ გამოძიებას 2016 წლის არჩევნებში რუსეთსა და ტრამპს შორის სავარაუდო თანამშრომლობაზე. იქნება გაუთავებელი მოსმენები და ხალხის დაკითხვაზე დაბარება. მეტიც, ზოგიერთ დემოკრატს შეიძლება იმპიჩმენტის საკითხზე წაუცდეს ხელი...

- რაც შეეხება ე.წ რუსულ კვალს და მასთან დაკავშირებულ იმპიჩმენტს, მიმაჩნია, რომ ეს სრული ქიმერაა. დემოკრატები სამი წელია ეძებენ საბუთს რომ ტრამპი პუტინის აგენტი და სამშობლოს მოღალატეა, მაგრამ ვერაფერი მოიძიეს.

კი ბატონო, ალბათ გაზრდიან მოსმენების რაოდენობას კონგრესში, თუმცა მათ ამის გაკეთებას არც მანამდე უშლიდა ვინმე ძალიან აქტიურად. სხვა რა მიზეზი უნდა გამოუნახონ იმპიჩმენტისთვის?

არა მგონია, ტრამპის იმპიჩმენტის იდეა მედიის და დემოკრატთა ოცნებებს გასცდეს

ტრამპის წინააღმდეგ სტრიპტიზის არცთუ მაღალი ზნეობის მოცეკვავემ შანტაჟი დაიწყო, თანაც არცთუ შედეგიანად. ეს არაა საკმარისი დაპირებების შემსრულებელი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, რომელმაც ამერიკის ეკონომიკა გაააძლიერა.

თავის დროზე, როდესაც კლინტონს ოვალურ კაბინეტში ცოდვებისთვის და ამასთან დაკავშირებული ტყუილებისთვის მოუწყვეს იმპიჩმენტი, ამანაც არ იმუშავა, მით უმეტეს, რომ მის დროს ეკონომიკა ყვაოდა. ასე რომ, არა მგონია ტრამპის იმპიჩმენტის იდეა მედიის და დემოკრატთა ოცნებებს გასცდეს.

- შუალედური არჩევნების შედეგებით “რესპუბლიკელებმა“ სენატში უმრავლესობა კი შეინარჩუნეს, მაგრამ დაკარგეს ინდიანას, მისურისა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატები. უნდა აღინიშნოს, რომ ტეხასში ვერ გაიმარჯვა ბეტო რურკმა, რომელზეც დემოკრატები დიდ იმედებს ამყარებდნენ. იუტას შტატში სენატორი მიტ რომნი გახდა. თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების შედეგებს წამყვან პარტიებს შორის სენატში ძალთა ბალანსის თვალსაზრისით?

- სენატში მგონი ისე იქნება, როგორც ტრამს და ტრამპისტებს გაუხარდებათ. 60 სენატორი რომ ერთი პარტიის იყოს, საკმაოდ იშვიათობაა და მაინც და მაინც არაა საჭირო. თუმცა, თანამშრომლობა, ხმებისთვის ბრძოლა და ვაჭრობა მუდამ იქნება.

ბუნებრივია, არჩევნების შედეგები საგარეო პოლიტიკასაც ხელს შეუწყობს, მით უმეტს, რომ ამ სფეროში ზეპარტიული თანამშრომლობა უფრო ეფექტურია. თუმცა, რასაკვირველია, ეს ყველა საკითხს არ ეხება

ტრამპმა უმაღლეს სასამართლოში ადრეც კი ყველა გაიყვანა და ახლა მით უმეტეს. თუმცა, ჯერჯერობით იქ სიკვდილსა და გადადგომას არავინ აპირებს ახლო მომავალში.

ბუნებრივია, ეს საგარეო პოლიტიკასაც ხელს შეუწყობს, მით უმეტს, რომ ამ სფეროში ზეპარტიული თანამშრომლობა უფრო ეფექტურია. თუმცა, რასაკვირველია, ეს ყველა საკითხს არ ეხება.

- რაც შეეხება გუბერნატორების არჩევის შედეგებს. „დემოკრატებმა“ „რესპუბლიკელები“ დაამარცხეს ტრადიციულად რესპუბლიკელების კანზასის შტატში. “რესპუბლიკელები“ ასევე დამარცხდნენ ვისკონსინის შტატში, სადაც გუბერნატორის პოსტს აქამდე გუბერნატორი სკოტუ ოკერი იკავებდა, რომელმაც სახელი პროფკავშირებთან ბრძოლით გაითქვა.

დემოკრატების აქტიურობის მიუხედავად რესპუბლიკელებმა შეინარჩუნეს გუბერნატორის პოსტები ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებში. თქვენ როგორ შეაფასებით, გუბერნატორების არჩევნების შედეგებს „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის კონკურენციის თვალსაზრისით?

- ჩემი აზრით, ამ საკითხშიც ბალანსი დაცულია და ეს რაიმე გადამწყვეტ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე არ მოახდენს. თუმცა, ტეხასის შტატში რესპუბლიკელის გამარჯვება ძალზე შთამბეჭდავია.

- მოგეხსენებათ შუალედური არჩევნების პარალელურად სხვადასხვა შტატებში რეფერენდუმებიც ჩატარდა. ფლორიდის მოსახლეობამ მილიონნახევარ სასჯელმოხდილ პატიმარს ხმის უფლება აღუდგინა. მიჩიგანმა მარიხუანის სარეკრეაციო, ხოლო მისურის შტატმა სამედიცინო მოხმარება დაუშვა.

არკანზასში და მისურიში ამომრჩევლებმა მომდევნო წლებში მინიმალური ხელფასის ზრდას დაუჭირეს მხარი. ვაშინგტონის შტატის მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა ინციატივას, რომელიც მიზნად ისახავდა ყოველ ტონა ნახშიროჟანგზე 11 დოლარის გადასახადის დაწესებას.

გასაგებია, რომ სარეფერენდუმო თემები საკმაოდ მრავალფეროვანი გახლდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენი დაკვირვებით, მისი შედეგები სავარაუდოდ რა ტენდენციებზე მიუთითებენ?

- რეფერენდუმები შტატებში ძირითადად იმ ჯანსაღ ტენდეციებზე მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში წმიდათაწმინდა ცნება - რასაც შტატის უფლებების დაცვა ჰქვია, მტკიცედაა დაცული. და ეს უარესად მისასალმებელია.

არ დაგავიწყდეთ აშშ-ში 1861 წლის სამოქალაქო ომი სწორედ შტატების უფლებების დაცვის გამო დაიწყო. ყველა ჩამოთვლილ რეფერენდუმს მივცემდი ხმას, გარდა მარიხუანის ლეგალიზაციისა. მას უარესად უარყოფითად ვუყურებ.

მარიხუანის ლეგალიზაცია არცთუ ისე ბევრ შტატში სურთ, მაგრამ თავად ტრამპი და მისი მომხრეები ამის კატეგორიული წინააღდეგნი არიან

ორი წლის წინ თავად ვნახე კოლარადოს შტატის დედაქალაქ დენვერში, სადაც მარიხუანა ლეგალიზებული იყო უკვე, მარიხუანასგან მართლაც რომ საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაში მყოფი ბევრი ადამიანი ქალაქის ცენტრში.

უაღრესად დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვეს ამ ადამიანებმა და ნამდვილად არ მინდა ჩემს პატარა სამშობლოში ასეთი საშინელება ვნახო.

ამერიკა უდიდესი ქვეყანაა და ასე თუ ისე გადაიტანს ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილის დეგრადაციას. ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის კი ეს დაღუპვის ტოლფასია. ისიც ნუ დაგავავიწყდება, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არცთუ ისე ბევრ შტატში სურთ, მაგრამ თავად ტრამპი და მისი მომხრეები ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან.

- მოგეხსენებათ, აშშ-ს საქართველოში მარტის თვიდან ელჩის სახით არ ჰყავს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი. ელჩის მოვალეობას წინა ელჩის მოადგილე ასრულებს. ამ თემაზე საუბრისას ბევრი შენიშნავდა, რომ ვაშინგტონი ელჩის შერჩევისას სიფრთხილეს იჩენდა და შუალედური არჩევნების შედეგებს უკავშირებდა.

ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, სავარაუდოდ ვის მოიაზრებენ ვაშინგტონში საქართველოს ახალი ელჩის თანამდებობაზე? თქვენი დაკვირვებით, არჩევნების შედეგების გათვალისწინებით სავარაუდოდ, ვის შეიძლება იყოს აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში?

- რამდენადაც ვხდები, საქართველოში ელჩის დანიშვნა ნამდვილად არაა შუალედური არჩევნების შედეგებთან რაიმე კავშირში. ვისაც ამ პოსტზე ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენთან კონსულტაციების შედეგად შეარჩევდა, იგი უპრობლემოდ დაინიშნებოდა. ახლა ხომ მით უმეტეს.

ელჩის დასანიშნად ან ვერ მოიცალეს, ან საუკეთესო ვარიანტს ეძებენ და არ ჩქარობენ, ვინადან ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი რუდსი მშვენივრად ართმევს თავს ამ ამოცანას და ეს ბოლტონმაც დაგვიმოწმა

ეს უბრალოდ დამთხვევაა და ან ვერ მოიცალეს ან საუკეთესო ვარიანტს ეძებენ და არ ჩქარობენ, ვინაიდან ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი რუდსი მშვენივრად ართმევს თავს ამ ამოცანას და ეს ბოლტონმაც დაგვიმოწმა.

ასე რომ, აქ მე მგონი სანერვიულო ნამდვილად არაფერი გვაქვს. ვინ მოიაზრება, ნამდვილად არ ვიცი. მგონია, რომ ტრადიციულად გამოცდილ და საქართველოს მიმართ კეთილგანწყოფილ პროფესიონალს გამოაგზავნიან, მით უმეტეს ქართულ ამერიკული თანამშრომლობის გააქტიურების ფონზე.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო