სიღნაღის საკრებულოში ფრაქცია "ნაცმოძრაობის" წევრს სასამართლომ 2 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სიღნაღის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს გიორგი ბაბაკიშვილს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სიღნაღის მერიაში განუცხადეს.
იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ია პაპუაშვილის ინფორმაციით, საქმე ეხება მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ბაბაკიშვილის მიერ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას, რაზეც ზურაბიშვილის წარმომადგენელმა მერიას რეაგირებისთვის მიმართა.
„29 ოქტომბერს მერიაში შემოვიდა დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის საჩივარი, სადაც აღნიშნული იყო, რომ გიორგი ბაბაკიშვილმა არჩევნების დღეს, სოფელ ბოდბისხევის ამბულატორიიდან ჩამოხსნა ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალა. წარმოდგენილი იყო ფოტო მასალა და მოწმეთა ვინაობა, ვინც ამ ფაქტს დაადასტურებდა. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, 1 ოქტომბერს მერიამ მოვახდინეთ რეაგირება და სამართალდარღვევის ოქმი შევადგინეთ, რაც შემდგომში სასამართლოს გადავუგზავნეთ. დღეს დანიშნული იყო სხდომა, სადაც მოსამართლე პაატა ნოზაძემ გიორგი ბაბაკიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა 2 ათასი ლარით", - აღნიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ია პაპუაშვილმა.
ამასთან, გიორგი ბაბაკიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და გასაჩივრებას გეგმავს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მოსამართლემ გადაწყვეტილება მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე მიიღო, რადგან არ იყო შესაბამისი მტკიცებულებები და მოწმეებიც „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ.
„ყველანაირი მტკიცებულების გარეშე დამაკისრეს ჯარიმა. მე არ უარვყოფ რომ მეკავა ზურაბიშვილის პლაკატი, თუმცა ჩამოხევის ფაქტს არ ვადასტურებ, ეგდო და ავიღე. სხვებს არ მოვუწონებდი ამ ფაქტს და მე რატომ გავაკეთდები? მოწმეებიც "ქართული ოცნების" აქტივისტები იყვნენ და ბუნებრივია, მათ სასარგებლო ჩვენებას მისცემდნენ. მე თვითონ იურისტი ვარ და არ ვაპირებ გაჩერებას, მოსამართლე პაატა ნოზაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გავასაჩივრებ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ჩემს პოლიტიკურ აქტიურობასთან", - განაცხადა გიორგი ბაბაკიშვილმა.

























