მთავრობის  წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონის დასახლებებში გაზიფიცირების მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში გაზიფიცირების დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 500-მდე აბონენტს ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

„სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში უკვე 70 000-მდე აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის საშუალება. მალე დასრულდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა სენაკის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში დარჩენილ გარკვეულ დასახლებებში და საბოლოო ჯამში, 2019-2020 წლებში მთლიანად დასრულდება სამეგრელოს რეგიონის გაზიფიცირება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელიასთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან ერთად სოფელ შამგონაში ერთ-ერთ ოჯახში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. შამგონა კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელია.

„ეს არის კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფელი, აქ ცხოვრობს მოსახლეობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ძალიან მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ეკონომიკის სამინისტროს სახელით ამ ადამიანებს მივულოცოთ გაზის ჩართვა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ განახორციელა. ვულოცავ მათ ამ დღეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც შამგონაში მცხოვრები ალეკო შერვაშიძე აცხადებს, სოფელში მთავრობის ყველა დანაპირები შესრულდა, მათ შორის წყლის სანაპირო ჯებირების გამაგრება, გზისა და სანიაღვრეების დაგება-მოწყობა და გაზის შეყვანა.

საქართველოს გაზის ტრასპორტირების კომპანიის ხელმძღვანელის, ჯაბა ხმალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სოფელ შამგონაში 36740 გრძივი მეტრი გაზსადენი აიგო. გარდა ამისა, მისივე თქმით, 7 ნოემბერს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერშიც, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ 552 აბონენტს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლისთვის დასრულდება ქალაქ მარტვილში დარჩენილი უბნების გაზიფიცირება და 1258 აბონენტი ჩაერთვება ქსელში. ასევე 2019-2020 წლებში დაგეგმილია დაბა ჩხოროწყუსა და ქ. წალენჯიხას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება, რომლის შედეგად 4506 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას.

„დღევანდელი მონაცემებით, უკვე გაზიფიცირებულია საქართველოს მოსახლეობის 86%. პროცესი გრძელდება და გეგმის მიხედვით, მალე გაზიფიცირებული იქნება აბონენტების დანარჩენი ნაწილიც. გაზიფიცირების პროცესს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და „სოკარი“ ერთობლივად ახორციელებენ. გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ქსელის მშენებლობისთვის დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 160 000 000-მდე ლარია გამოყოფილი,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს