სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქუთაისის რეგიონულ ოფისში საინფორმაციო შეხვედრა – „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გაიმართება

ქუთაისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქუთაისის რეგიონულ ოფისში 13 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება – „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“.
შეხვედრის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ და სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების შესახებ მოსწავლეებში ცნობადობის ამაღლებაა, ამიტომ დაგეგმილ ღონისძიებას სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრაზე განიხილება დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული) პროფესიული განათლების პერსპექტივები საქართველოში. ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგები. ღონისძიების მიმდინარეობისას ახლად გახსნილი სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ მოსწავლეებს აღნიშნული კოლეჯის მიერ შეთავაზებულ პროფესიულ პროგრამებს გააცნობს. პრეზენტაციის ნაწილში ორგანიზატორები ისაუბრებენ რეალურ ისტორიებზეც - ინკლუზიური პროფესიული განათლებისა და პროფესიულ სტუდენტთა დასაქმების მიმართულებით.
კოლეჯი „სპექტრი“ უკვე 2 თვეა საინფორმაციო კამპანიის - „პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება,“ ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში შეხვედრებს მართავს. აღნიშნული შეხვედრა უკვე 26-ეა, რომელსაც კოლეჯი თანაორგანიზატორებთან ერთად კამპანიის განმავლობაში მართავს.
პროფესიული განათლების პოპულარიზაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტია. დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული) სწავლების პროცესში კოორდინატორის ფუნქციის ეფექტურად შესასრულებლად პალატასთან დაფუძნდა დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიც კოორდინატორის ფუნქციის შესრულებასთან ერთად, განათლების აღნიშნული მიმართულების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. ამიტომ, პალატა აქტიურად უწევს ორგანიზებას პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და ჰქმნის დიალოგის პლატფორმას“, – აცხადებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

























