ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2018

დიდი ლუსტრაციის ზღვარზე

"გამსახურდიამაც გამოაქვეყნა 4 ადამიანზე „ვერბოვკის“ ფურცლები, ოთხივე ძალიან ცნობილია“ - ბერძენიშვილი

დიდი ლუსტრაციის ზღვარზე

“უნდა მოხდეს თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება, რომელიც დაადგენს და ამხელს, ვინ თანამშრომლობდა საბჭოთადროინდელ უშიშროების სამსახურებთან, ვინ იყო კა-გე-ბეს ქართველი აგენტი. "ქართული ოცნების" წევრი ლევან კობერიძე თანაგუნდელებს მოუწოდებს, გვერდით დაუდგნენ ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას და მისი მიღება სასწრაფოდ მოხდეს. მის ამ მოწოდებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი ამბობს, რომ იდეას პრინციპის დონეზე ეთანხმებიან, თუმცა ერთი, რომ ძალიან დაგვიანებულია, ძალიან ბევრი ცოცხალი აღარ არის მათგან და ასევე კატეგორიულად მიუღებელია აგენტურის სიის გასაჯაროება, რადგან ეს დაპირისპირებას გამოიწვევს. "ოცნების" დეპუტატების განცხადებით, კანონში მთავარი მხოლოდ ის უნდა იყოს, რომ თანამდებობაზე არ მოხდეს იმ ადამიანის დანიშვნა, ვინც საბჭოთადროინდელ უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობდა. რატომ გახდა ეს თემა აქტუალური დღეს, რას ან კონკრეტულად ვის უკავშირდება?“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დიდი ლუსტრაციის ზღვარზე / "წარმოგიდგენიათ კგბ-ს ყოფილი წევრის ყოფნა პარლამენტში, მთავრობაში ან უსაფრთხოების სისტემაში?"

"გედევან ფოფხაძის აზრით, ეს თემა ალბათ იმიტომ წამოიწია, რომ მარაზმამდე მივიდა მოღალატის ძახილი, თუმცა ისედაც დაძაბულ ვითარებას ამ თემაზე საუბარი კიდევ უფრო ძაბავს. როგორც ამბობს, პრინციპს ეთანხმება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება ასეთი კანონის გარეშე გარკვეული რისკის წინაშე დგას იმიტომ, რომ კა-გე-ბესთან თანამშრომლობა კომპრომატია და საფრთხეა, უცხო ქვეყანამ ეს ადამიანები ჯაშუშობისთვის გამოიყენონ. "წარმოგიდგენიათ კა-გე-ბეს ყოფილი წევრის ყოფნა პარლამენტში, მთავრობაში ან უსაფრთხოების სისტემაში? მეორე მხრივ, ეს სია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თუ ადამიანისგან მოსალოდნელია საფრთხე, შეუძლია რეაგირება, რათა სახელმწიფოს ზიანი არ მიადგეს. "გარდა ამისა, ეს პროცესი დროში გაიწელა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ასეთი ადამიანები ფიზიკურად ბევრნი არ იქნებიან. ხოლო სულ წარსულზე აპელირება ჩემთვის სასიამოვნო თემა არ არის - ერთ დროს იყო და მოდით, ახლა გავრიყოთ", - ამბობს ფოფხაძე და დასძენს, რომ წინასწარ ვერ იტყვის, დაუჭერს თუ არა მხარს ამ კანონის მიღებას: "შეიძლება იდეის მიმართ ლოიალური ვიყო, მაგრამ დოკუმენტმა, პირიქით, აზრი შემაცვლევინოს. ამიტომ ჯერ უნდა გავერკვეთ, რა სამართლებრივ შედეგებს მოიტანს და ამის შემდეგ ვიფიქრებ მხარდაჭერაზე", - აღნიშნავს გამოცემა.

„ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, თავის დროზე რომ მიეღოთ ეს კანონი, ახლა კი საკითხავია, რა დოკუმენტი დარჩა, რადგან "ნაწილი დამწვარია, ნაწილი გატანილია და ნახევარ-ნახევრაზე არ უნდა გამოვიდეს". მისივე თქმით, სახიფათოა ისიც, რომ ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა, ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპიროს და თავის დროზე ამის გამოც შეიკავეს თავი.

"ნაწილი გატანილია, ნაწილი - დამწვარი, ამიტომ საჭიროა განხილვა, მოძიება, რა გვაქვს ხელში და არ იყოს ისე, რომ ლუსტრაციის კანონი მივიღოთ და ხელში არაფერი შეგვრჩეს. "ლევანის წინადადება გულითაა ნათქვამი, მაგრამ საჭიროა, განვიხილოთ, რეალურად ავწონოთ, მოგვიტანს თუ არა იმ შედეგს, რა შედეგიც ლუსტრაციის კანონმა უნდა მოუტანოს სახელმწიფოს", - მიიჩნევს ქანთარია: "ლუსტრაციის კანონი თავის დროზე რომ მიგვეღო, დარწმუნებული ვარ, ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ვერც დარეგისტრირდებოდა. "1921 წლიდან, შემდეგ 1937 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლის ბოლო წლებამდე ალბათ ისეთი ხალხი მოიყრის თავს სიაში, რომელზეც არ გვიფიქრია ვინმეს", - განაგრძობს გამოცემა.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, უფრო კონკრეტულად რას ეხება კობერიძის ინიციატივა, არ იცის, მაგრამ მიაჩნია, რომ საბჭოთა სახელმწიფოს საიდუმლო სამსახურის აგენტებს შეზღუდული უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური აქტიურობა. "ეს განსახილველი ინიციატივაა და პრინციპულად ვიზიარებ იმას, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ. ოღონდ ეს სამართლიანად უნდა გაკეთდეს. მაგრამ ეს არ არის ჩვენი მთავარი პრობლემა", - ამბობს ჟორჟოლიანი. რატომ განახლდა ლუსტრაციის კანონზე საუბარი ახლა? გაჩნდა მოსაზრებები, რომ იგი გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციის მიზნით "გაახსენდათ" მმართველ პარტიაში, რადგან "ოცნების" მხრიდან ხშირად ისმის განცხადებები, რომ ვაშაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და, შესაბამისად, საბჭოთა უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტია. დეპუტატი ლევან კობერიძე "რეზონანსთან" უარყოფს, რომ რომელიმე კონკრეტულ ადამიანთან არის დაკავშირებული მისი ინიციატივა. არ მიმაჩნია, რომ კონკრეტული ადამიანების გამო უნდა იყოს რამე კანონი ქვეყანაში ინიცირებული. დიდი ხანია, ამ თემაზე ვმუშაობ და ჩვენი ტიპის ქვეყანას, რომელსაც გამოვლილი აქვს საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურების ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკურ ველზე, მგონია, უნდა ჰქონდეს ლუსტრაციის შესახებ კანონი", - დასძენს გამოცემა.

„მისი თქმით, როცა კანონპროექტზე ფიქრი დაიწყო, მისი ინსპირაცია იყო ის, რომ ორი პრეზიდენტი გვყავდა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იყვნენ დაკავშირებულნი რუსეთის სპეცსამსახურებთან თუ სპეცსამსახურებში საქმიანობასთან. "სიტყვა "ლუსტრაცია" ნიშნავს თვითგანწმენდას მსხვერპლშეწირვის გზით. ეს კანონი არ იქნება მარტივი და უმტკივნეულო კანონი საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის. აქ საუბარი არ არის, რომ ამ კანონით კონკრეტული ადამიანები რამე ფორმით დასაჯონ ან წნეხის ქვეშ მოექცნენ. "ეს არ არის სადამსჯელო კანონი. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი იქნება საფუძველი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური ლიდერები, სხვათა შორის ბევრ ქვეყანაში ეს სასამართლოსაც ეხება, თავისუფალი იყოს მსგავსი ტიპის გავლენისაგან", - წერს სტატიის ავტორი.

"გამსახურდიამაც გამოაქვეყნა 4 ადამიანზე „ვერბოვკის“ ფურცლები, ოთხივე ძალიან ცნობილია“ - ბერძენიშვილი

"ჩეკისტებითაა გატენილი „ოცნება", თავის რიგებში ჰყავს უამრავი. ან, ბიძინა ივანიშვილი თავის ბიზნესში ვის ეყრდნობოდა, რუსეთის უშიშროებასთან არ თანამშრომლობდა?!. ჩვენთან რომ გაჟონოს (სუკ-ის ყოფილი აგენტების) სიამ, ვინც აღმოჩნდება, ყველა იტყვის, რომ ტყუილია და აბა, საქმე მაჩვენეთო, საქმე კი რუსეთშია გატანილი... ზვიად გამსახურდიამაც გამოაქვეყნა 4 ადამიანზე ე.წ. გადაბირების, „ვერბოვკის" ფურცლები, სადაც მათ ენიჭებათ თიკუნები და წერია, რომ გადაიბირეს, მათ შორის ერთი ძალიან დიდი კაცია, ოთხივე ძალიან ცნობილია. მათ ვინაობას ვერ ვიტყვი. თუ მიიღებენ კანონს, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს ყალბი ლაპარაკია,"- ლუსტრაციის კანონის შესახებ საუბრობს „რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, "გამსახურდიამაც გამოაქვეყნა 4 ადამიანზე "ვერბოვკის“ ფურცლები, ოთხივე ძალიან ცნობილია“ - ბერძენიშვილი

"კორესპონდენტის თქმით, „ოცნების" დეპუტატი ლევან კობერიძე გამოდის ინიციატივით, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდეს, იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ მთავარია ყოფილი სუკ-ის თუ კა-გე-ბეს აგენტები თანამდებობებზე არ ინიშნებოდნენ, სიის გასაჯაროვება კი არ მოხდეს, რადგან ეს ადამიანებს დააპირისპირებს. კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მივიღოთ ახალი და ქმედითი კანონი? ლევან ბერძენიშვილის თქმით, ჩვენ უკვე გვაქვს კანონი „თავისუფლების აქტი", რომელშიც მთლიანად არის ის ნაწილი, რაზეც ახლა ლაპარაკობენ. „ლუსტრაციის კანონი" ჩვენ სინამდვილეში გვაქვს. ეს კანონი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც საბჭოთა დროს ამა და ამ თანამდებობაზე იყვნენ, დღეს თანამდებობას ვერ დაიკავებენ. ამ კანონით აკრძალულია კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკა. სხვათა შორის, ამას წინათ ხელებს რომ იქნევდნენ სასამართლოში, ეტყობა მოსამართლემ არ იცის, რომ ეს კანონით აკრძალულია და ფაშისტები რომ ჰყავდა დარბაზში, ეს ვერ მიუთითა. ახლა რაზეც არის ლაპარაკი, ეს გასაგებია, უნდათ გრიგოლ ვაშაძეს ამით დააკლონ ხმები. „ლუსტრაციის კანონით", სხვათა შორის, ვინმე თუნდაც „მამალი ჩეკისტი" იყოს, არჩევით თანამდებობებს არ ეხება არსად მსოფლიოში, თუ ხალხმა იცის, რომ ჩეკისტია და მაინც ირჩევს. მაგალითად ნამდვილი ჩეკისტია ჩეხეთის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელსაც „ლუსტრაციის კანონით 9 წელი პოლიტიკაში მოღვაწეობა ეკრძალებოდა, მაგრამ მერე მაინც აირჩიეს. ამიტომ ეს ლაპარაკი ახლა, არის ყალბი ლაპარაკი, წინასაარჩევნო ლაპარაკი. არსებულ კანონს არ იცავენ, სტალინის ქუჩაა გორში, რაც კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ ხომ მაინც არის?! არის ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ადრე რაიკომის მდივანი იყო, არ აქვს თანამდებობაზე ყოფნის უფლება, მაგრამ მაინც არის. კანონი გვაქვს, კანონში არ არის საქმე“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ბერძენიშვილის თქმით, რაც შეეხება აგენტების გამოვლენას, აგენტების სია გვაქვს, მაგრამ მათი საქმეები რუსებს აქვთ წაღებული და მთავრობას არც მოუთხოვია. ამიტომ მხოლოდ სია შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, თუ არ იცი რა საქმეები გააკეთა კაცმა. მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ლუსტრაციის კანონისთვის, ნინო ბურჯანაძემ ჩააგდო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მეორეჯერ და მესამეჯერაც იყო მცდელობა. შემდეგ 2011 წელს მივიღეთ თავისუფლების აქტი, რომელიც სრულიად საკმარისია იმ ამოცანებისთვის, რომელიც ახლა დგება, ანუ გავარკვიოთ ვინ, ვინ არის. აგენტურაზე კი მასალები არ გვაქვს. მეც არ ვიქნებოდი წინააღმდეგი აგენტების სია რომ გამოაქვეყნონ, მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველები გეტყვიან, რომ ეს არასწორია, იმიტომ რომ, აგენტს შეიძლება არაფერი ჩაუდენია, უბრალოდ ისე დათანხმდა და ა.შ., მაგრამ კობერიძისგან ეს ლაპარაკი ახლა ყალბი ლაპარაკია და არ მიიღებენ ასეთი კანონს. ასეთი კანონი თუ მიიღეს, საქართველოს პარლამენტში ნოზაძეები და მისი მსგავსები როგორ უნდა იყვნენ?! ჩეკისტებითაა გატენილი იქაურობა. „ოცნებას" თავის რიგებში ჰყავს უამრავი. ან, ბიძინა ივანიშვილი თავის ბიზნესში ვის ეყრდნობოდა, რუსეთის უშიშროებასთან არ თანამშრომლობდა?! არ ვიცით ვინ, ვინ არის, მაგრამ ახლა ილაპარაკებენ, ამით შეგვახსენონ, რომ ბატონი ვაშაძე რახან საგარეოში მუშაობდა, ჩეკისტი იყო“, - განაგრძობს გამოცემა.

"მეჩითოვის გამოკვლევა თუ უნდათ, თუ შემთხვევით მეჩითოვი გრუ-ს აგენტია და მასალები აქვთ, რომ აგენტურაა, ამას ლუსტრაციის კანონი რაში სჭირდება, ამას სჭირდება დაპატიმრება, ჩხრეკა. მეჩითოვი ან არის ვიღაცის აგენტი და დავალებით ამბობს, ან თავისით ამბობს იმას, რაც არავის არ მოგვწონს. თავისით თუ ამბობს, ვერაფერს ვერ ვუზამთ, შეგვიძლია ცუდი სიტყვები ვაკადროთ, მაგრამ ძალადობა არ ივარგებს, რადგან ამით მაინც უნდა ვაჯობოთ. მან ყველას შეგვაფურთხა, თურმე როგორ გვიყურებს. თურმე ჩვენი გოგოების სიკვდილი დაინახა, ბიჭები ვერ დაინახა. „ალ ჯაზირას" აძლევდა ინტერვიუს და იქ ქალების მოკვლა უფრო მოეწონებათ-ო თუ რა იყო, არ ვიცი, რა ჭკუას ემსახურება. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, შეურაცხმყოფელი, მაგრამ სიტყვის თავისუფლების ფარგლებში, ალბათ, ჯდება. ხოლო თუ აგენტია და გრუ-ს დავალებებს ასრულებს, გამოიძიონ და დააპატიმრონ. ლუსტრაციის კანონი რას უზამდა ვითომ, მინისტრად არ დავნიშნავდით?! კობერიძემ შეიძლება არც იცის „ლუსტრაციის კანონი" რას ნიშნავს. არის ორი სია, ვის ეხება და რა ეხება. „რა ეხებაში" არის ის, რომ თანამდებობაზე ვერ დანიშნავ, მაგრამ არჩევა შეიძლება. თუ მეჩითოვს ეხება ეს, გაემიჯნონ სიტყვებით, თქვან, რომ ეზიზღებათ ასეთი ლაპარაკი, მაგრამ რაღაც კანონებით გველაპარაკებიან. კი ბატონო, მიიღონ კანონი, კი არ მეწყინება, იმდენი მასალა მაქვს, დავეხმარები, პოლონური, ჩეხური, გერმანული, უნგრული. ალბათ ჩვენი „წითელი ინტელიგენციის" 80% იყო აგენტი. ძალიან დიდი პროცენტია და ამიტომ მას ხელს ვერ მოჰკიდებს ვერავინ, იმიტომ რომ, დედასთან, მამასთან, ბებია-ბაბუასთან, ბიძაშვილებთან ექნებათ საქმე. ეს სია საქართველოში არსებობს, მაგრამ მათი საქმეები წაიღო რუსეთმა. თუ მოითხოვს საქართველო, გამორიცხული არ არის, გადმოგვცენ კიდეც. ჩემი საქმე მოვითხოვე, მინდოდა მენახა, პატიმარი რომ ვიყავი, ვინ ჩამიშვა და მითხრეს იგორ გიორგაძემ წააყოლა ხელსო. ამ სიით ყველა ხელისუფლებამ იხელმძღვანელა, ყველა თავისთან მიიყვანა და უთხრა, რომ სია მე მაქვს, ამიტომ ახლა მომემსახურებით მე“, - დასძენს გამოცემა.

"ბერძენიშვილის თქმით, ჩეხეთში სიები ჰქონდა სახელმწიფოს და კაცი რომ დააპირებდა თანამდებობაზე დანიშვნას, ამოწმებდნენ და სიაში მყოფს უარს ეუბნებოდნენ. თუ კენჭის ყრას დააპირებდა, უბრალოდ უქვეყნებდნენ, რომ ის აგენტია. თუმცა ჩეხეთში ეს სიები მაინც გასაჯაროვდა, მაგრამ ეს სახელმწიფომ კი არ ქნა, ინფორმაციამ გაჟონა და დღეს ყველა ოჯახში სიდი დისკზე აქვთ, ვინ იყო აგენტი და ვინმეს ცოლი რომ მოჰყავს, არკვევენ, მისი მშობელი აგენტი ხომ არ იყო. ჩვენთან რომ გაჟონოს სიამ, ვინც აღმოჩნდება, ყველა იტყვის, რომ ტყუილია და აბა საქმე მაჩვენეთო, საქმე კი არაა, გატანილია. ჩეხეთში რომ გაჟონა, იქ ამას ენდნენ, რადგან ჩეხები არიან და იციან, რომ ტყუილს არ იკადრებდნენ, ჩვენთან კი ასე არ იქნება. ზვიად გამსახურდიამაც გამოაქვეყნა 4 ადამიანზე ე.წ. გადაბირების, „ვერბოვკის" ფურცლები, სადაც მათ ენიჭებათ თიკუნები და წერია, რომ გადაიბირეს, მათ შორის ერთი ძალიან დიდი კაცია, ოთხივე ძალიან ცნობილია. მათ ვინაობას ვერ ვიტყვი. თუ მიიღებენ კანონს, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს ყალბი ლაპარაკია“, - წერს სტატიის ავტორი.