ქართული პრესის მიმოხილვა 15.11.2018

საოკუპაციო ხაზი თბილისი-გორის მაგისტრალს კიდევ უფრო მიუახლოვდა

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნებას” თუ უნდა გადარჩეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს”

“შესაძლებელი გახდება ყველაზე მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება”, - ვაზიანში სამხედრო აეროდრომი შენდება

* * *

საოკუპაციო ხაზი თბილისი-გორის მაგისტრალს კიდევ უფრო მიუახლოვდა

“რუსეთის მხრიდან საქართველოს მცოცავი ოკუპაცია გრძელდება - რუსეთის ქმედებაზე საქართველოს შესაბამისი რეაქცია აუცილებელია, რუსები აგრესიული ნაბიჯებით თბილისი-გორის მაგისტრალს უახლოვდებიან. “საჭიროა, საქართველომ მცოცავი ოკუპაციის აღსაკვეთად სამხედრო შეიარაღებული ძალების პოსტები შექმნას და ასევე დროა, შეიარაღებული ძალების მუქარის ელემენტებიც გამოიყენოს. აგრესია, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ დაუფარავად ახორციელებს, არ შეწყდება, თუკი თავად საქართველოს რეაქციაც საკმაოდ მკაცრი არ იქნება. ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველო პროვოკაციაზე წამოაგოს ისე, როგორც ეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას, მანამდე კი აფხაზეთის ომის დროს მოხდა”, - სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოზე ჰიბრიდულ ომს ახორციელებს და დროა, საქართველოს საპასუხო რეაქციაც შესაბამისი იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საოკუპაციო ხაზი თბილისი-გორის მაგისტრალს კიდევ უფრო მიუახლოვდა / “უნდა შევქმნათ სამხედრო პოსტები, წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ თბილისი-გორის მაგისტრალზე კონტროლს”.

“რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ დაუფარავ აგრესიას ახორციელებს, ეს არის ჰიბრიდული ომის რეციდივი. არსებობს საშუალება, რომ შევაჩეროთ ეს ჰიბრიდული ომი. ჩვენ სამინისტროს ან არ უნდა, ან არ აკეთებს, მობილური პოსტების განლაგება და იქ შეიარაღებული ძალების შეყვანა პოლიციური ძალების მაგივრად. უკვე დროა, ჩვენც მონაწილეობა მივიღოთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მივმართავ - სუს-ს სასაზღვრო პირობებში აგრესიული მუშაობის გაძლიერება შეუძლია. გამოვლინდეს, როდის და სად შეიძლება მორიგი ჰიბრიდული ომი განხორციელდეს იმისათვის, რომ ჩვენ მომზადებული დავხვდეთ”, - აღნიშნა მან. აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომსა და აფხაზეთის ომს იხსენებს და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს კვლავ პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს, ამიტომაც რუსეთმა საქართველოს პროვოცირება ამჯერად ვერ უნდა შეძლოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ისეთი ქმედებაა, სადაც რუსეთის მხრიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ აფართოებს საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვარს. ჩვენ ვხედავთ, რომ ვერ გვშველის განცხადებები და მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა. არ ვიცი, ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს და სადამდე მივალთ. რუსეთი მაინც აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას. ეს ყველაფერი თანდათან შეიძლება იმ დონემდე მივიდეს, რომ ადგილი აღარ დარჩეს, სადაც ე.წ. საოკუპაციო ზოლი მავთულხლართებით არ იქნება თავიდან ბოლომდე გავლებული. როგორ უნდა დავუპირისპირდეთ, ომს ხომ არ დავუწყებთ?! სამწუხაროდ, ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ”, - აცხადებს ის. გორის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა ახალი მავთულხლართები გააბეს - სოფელ ხურვალეთში გამყოფი ზოლის რამდენიმე ადგილას მავთულხლართები დაამატეს და გაამაგრეს. ახალი ე.წ. საზღვარი სოფელ ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ჯუკაანთ კარს შორის იქნა დამონტაჟებული”, - დასძენს გამოცემა.

“ეს გზა ორ სოფელს, ხურვალეთსა და ოკუპირებულ ჯუკაანს აკავშირებს. ახალი “საზღვრის” შემდეგ კი, როგორც ადამიანების, ისე პირუტყვის გადაადგილებაა შეიზღუდება. ხელოვნური ბარიერის დამონტაჟების შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებლებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გაურთულდებათ. ლევან კიკნაძის განცხადებით, ასეთი შემთხვევების დროს აუცილებელია, საქართველოს პოზიცია ნათლად ჰქონდეს დაფიქსირებული, თუმცა ჩვენ ისეთი რეაქცია გვაქვს, რასაც რეალურად შედეგი არ მოაქვს. “ქართულ მხარეს არ აქვს თავისი ანალიტიკური ცენტრები, ყველა ასეთ შემთხვევასთან საკუთარი პოზიცია უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული. ამ ყველაფერზე რეაქცია, სამწუხაროდ, გვაქვს მხოლოდ ისეთი, რასაც შედეგი რეალურად არ მოსდევს. რუსეთი ამას აკეთებს იმიტომ, რომ კიდევ ერთ ასეთ პროვოვოკაციაზე წამოგვიკიდოს. ზოგმა შეიძლება თქვას, ჩვენ თვითონ რატომ არ ვუპირისპირდებითო. ამ შემთხვევაში ის მხარე იმ ხელშეკრულებას მოიშველიებს, რომელიც ამ სეპარატისტებთან აქვს გაფორმებული. ისევ იმ სისხლისმღვრელ ომში ჩაგვითრევს, რაშიც 2008 წელს ჩაგვითრია, უფრო ადრე კი - აფხაზეთის ომში. მასაც სწორედ ეს უნდა”, - განაცხადა ლევან კიკნაძემ. ვახტანგ მაისაიას თქმით, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად და რუსეთის მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად საჭიროა, საქართველომ უკრაინისაგან მაგალითი აიღოს იმისათვის, რომ მომავალში საქართველომ თბილისი-გორის მაგისტრალზე კონტროლი არ დაკარგოს, რადგან, როგორც მაისაია აცხადებს, რუსები უკვე მაგისტრალს უახლოვდებიან”, - წერს სტატიის ავტორი.

“უნდა შევქნათ სამხედრო შეიარაღებული ძალების პოსტები. უკვე დროა, რომ გამოვიყენოთ შეარაღებული ძალების მუქარის ელემენტებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ თბილისი-გორის მაგისტრალზე კონტროლს. შეგვიძლია, უკრაინისაგან მივიღოთ გამოცდილება, როგორ შეიძლება მოვუაროთ ამ საკითხს. უკრაინელებმა ამ პრობლემას საკმაოდ ადეკვატურად გასცეს პასუხი. უკრაინული გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია ჰიბრიდული ომის რეციდივების აღკვეთა”, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს - სოფელ ატოცში ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ე.წ. საზღვარი გაავლეს, რის შემდეგაც 30 ჰექტარი მიწა უკვე არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნებას” თუ უნდა გადარჩეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს”

“ახლა ისეთი ვითარება წარმოიქმნა, რომ ხელისუფლების ამომრჩეველს ოპოზიციის მთლიანი ამომრჩეველი უსწრებს. ამიტომ, ოპოზიცია გაიმარჯვებს თუ არა, მათ უკან უკვე დაახლოვებით 800 ათასი ამომრჩეველი დგას. ისინი, რა თქმა უნდა, საპროტესტო ტალღას გააგრძელებენ და ეცდებიან, რომ ეს ორი წელი “ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება არ მისცენ. სწორედ ამაზე საუბრობს, როგორც ჩანს მმართველი გუნდი. ბოლოს და ბოლოს პროცესები ქუჩაში გადავა, მიუხედავად იმისა პრეზიდენტი ვინ გახდება. როდესაც ამ სცენარზეა საუბარი, ხელისუფლებამ იმაზე კი არ უნდა იფიქროს, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვოს, იმაზე უნდა იზრუნოს, რომ არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში ვითარება სტაბილური იყოს და გაანალიზოს სიტუაცია, მოვლენები შემდეგ როგორ შეიძლება განვითარდეს”, - აცხადებს პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებას” თუ უნდა გადარჩეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს” - ძაბირაძე.

“მათი შიში აქვთ და ასე ღიად მისი გამოხატვა უფრო საფრთხის მატარებელია. ვაშაძემ გინდა გაიმარჯვოს და გინდა არა, პროცესები მაინც ქუჩაში გადავა. ის საზოგადოების საპროტესტო მუხტს, იქნება პრეზიდენტი თუ არა, მაინც სათავეში ჩაუდგება. ამის მარტო ხელისუფლებას არა, მეც მეშინია. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას ვურჩევ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სასწრაფოდ დაგეგმოს და აქვს “ოცნებას” შანსი, რომ ამ შემთხვევაში გადარჩეს. სხვაგვარად სოცილური ფონი და მუხტი ქვეყანაში იმდენად მძიმეა, რომ უმართავი სიტუაცია შეიძლება მოხდეს. ორი გამოსავალი აქვს ხელისუფლებას. ან შევარდნაძესავით არაადეკვატური უნდა იყოს, როდესაც რუსთაველზე აქციები იყო და ის ასლან აბაშიძესთან ძროხების სანახავად დადიოდა. როგორც ჩანს ხელისუფლებები, ვერ ახერხებენ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში რეალობა აღიქვან. ან “ოცნებაში” არ არიან ის ადამიანები, რომელთაც ამის გამოცდილება აქვთ ან კომპეტენცია, რომ რჩევის სახით მაინც მისცეს ხელისუფლებას ასეთ შემთხვევაში რა ქნან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ამ შემთხვევაში შიში ყველაზე ცუდი მრჩეველია. არ ვიცი ვინ მოიფიქრა ის არაპოპულარული ნაბიჯები, რომელმაც საზოგადოება კიდევ უფრო გააღიზიანა. თუნდაც კანაფის თემა ავიღოთ. ასეთი იდეის რეალიზებას სწორი დრო უნდა შეურჩიო. როდესაც ოპოზიციას სასაუბროდ თემას შენვე აძლევ, ეს სულ მსუბუქად რომ ვთქვათ, პოლიტიკის არცოდნაა. ან სიტუაციას ვერ ფლობ და არაადეკვატური ხარ, ან რაღაც მიზანი გაქვს და ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებ. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კაცმა გულზე ხელი რომ დაიდოს, ვერც ოპოზიციას ენდობა და ვერც ხელისუფლებას. ხალხი ქუჩაში გამოვა და იქ პროცესები საკმაოდ უმართავი იქნება. ეს ყველაფერი კი რას იწვევს, შეგვიძლია 90-იანი წლების მოვლენები გავიხსენოთ. მართული პროცესი ცუდია და უმართავი კი საერთოდ კატასტროფაა. ქვეყანაში თუ საპროტესტო მუხტი დაიწყო, მგონია, რომ ვერავისგან მართული ვერ იქნება. საზოგადოება იმდენად დაღლილია, რომ არავის აღარ ენდობა და ყველაფერი ყელში აქვს ამოსული”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, რომ საზოგადოების პროტესტი და უკმაყოფილება მოაგვაროს. თუმცა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ვაშაძე გამარჯვება, არ გამარჯვების შემთხვევაში მაინც საპროტესტო მუხტს დაიწყებს...” - პასუხობს:

“არის რაღაცეები, რაც ახლავე უნდა თქვას და გააკეთოს. პირველ რიგში, უნდა განაცხადონ, რომ არჩევნების შემდეგ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებები იქნება. უნდა თქვას, რომ დიდი შეცდეომები იქნა დაშვებული და მომავალი წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. ეს არჩევნები კი პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ამ ქმედებებით, შესაძლებელია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს. თუ „ოცნებას" გადარჩენა უნდა, მაშინ რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს და ხალხი მას ადეკვატურ პასუხსაც გასცემს. სხვაგვარად სიტუაცია ძალიან დაიძაბება. თუ ამას არ გააკეთებს, ჩვენ შეიძლება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მივიღოთ. რა თქმა უნდა, ასეთი პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსული ძალა ისევ იგივე პოლიტიკას აგრძელებს, რაც აქამდე გვქონდა. კრიტიკულ სიტუაციაში გამარჯვებული ყოველთვის ოპოზიცია რჩება”.

“შესაძლებელი გახდება ყველაზე მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება”, - ვაზიანში სამხედრო აეროდრომი შენდება

“ვაზიანში სამხედრო აეროდრომის აშენება საქართველოს საშუალებას მისცემს ყველაზე მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიც კი მიიღოს, რისი პოტენციალიც ნამდვილად არსებობს. იმ შემთხვევაში, თუკი ვაზიანის აეროდრომს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, უცხოელი პარტნიორების სამხედრო დანაყოფების მომზადებაც შესაძლებელი გახდება. ვაზიანში სამხედრო აეროდრომის აშენების ინიციატივის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურმა გენერალმა სტივენ ლაიენსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. “რეზონანსი” აღნიშნულთან დაკავშირებით “არსენალის” მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან სამხედრო აეროდრომი სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “შესაძლებელი გახდება ყველაზე მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება”, - ვაზიანში სამხედრო აეროდრომი შენდება.

“მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან, საბჭოთა პერიოდშიც, სამხედრო აეროდრომი სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა, რადგან იქ ორი საავიაციო პოლკი მაინც იყო ბაზირებული, მათ შორის თბილისის საჰაერო თავდაცვის საავიაციო პოლკიც იყო განთავსებული. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ვაზიანის აეროდრომის ინტენსიური გამოყენება აღარ ხდება, მაგრამ ის პოტენციალი დარჩა, რაც მას აქვს - არსებობს ასაფრენი ზოლი. რა თქმა უნდა, კაპიტალური რემონტი დასჭირდება, მაგრამ ამის შემდეგ, საქართველოს საშუალებას მიეცემა, რომ სამხედრო წვრთნების, სწავლებების ჩატარების მიზნით მიიღოს, თითქმის, ყველაზე მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიც კი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“აქ მთავარი ლოჯისტიკაა და ეს კომენტარიც, ალბათ, იმიტომ გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის წარმოამდგენელმა. საუბარია იმაზე, რომ ამ აეროდრომმა მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფინავები მიიღოს. ვაზიანში არის სამხედრო პოლიგონიც და გახსნილია ერთობლივი, ქართულ-ამერიკული წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ეს ყველაფერი დაეხმარება, რომ ვაზიანის აეროდრომზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების სამხედრო დანაყოფების მომზადებაც შესაძლებელი იყოს. ფოთში ჩამოტვირთვა და მერე ფოთიდან საავტომობილო გზით გადმოყვანა. ეს უფრო მეტ დროს მოითხოვს”, - დასძენს “არსენალის” რედაქტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა