„ევროპული საქართველოს“ ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, მათი პარტიის წევრს მანქანა დაუზიანეს

„ევროპული საქართველოს“ ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, კობა ძაგნიძის ინფორმაციით, პარტიის წევრს, აპოლონ რამიშვილს მანქანა დაუზიანეს.

როგორც ძაგნიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რაიონში პარტიის კოორდინატორებს აშინებენ და მათზე ზეწოლას ახდენენ.

„ჩვენი კოორდინატორის, ბადრი ოჩხიკიძის დაშინებას ცდილობდნენ უნომრო სატელეფონო ზარით, რის გამოც, ჩვენი პარტიის წევრი, საკრებულოს დეპუტატი აპოლონ რამიშვილი წუხელ, გვიან ღამით, სოფელ შუამთაში მივიდა ბადრი ოჩხიკიძესთან. მან დაახლოებით, 10 წუთი დაჰყო ოჩხიკიძის ოჯახში, იქედან გამოსულს კი, საკუთარი ავტომობილი დაზიანებული დახვდა. კერძოდ, მანქანის უკანა შუშა დაახლოებით, 2-კილოგრამიანი ქვით დახვდა ჩამსხვრეული. ეს ქვაც იქ ეგდო. ამ პიროვნებას მტერი არ ჰყავს ასეთი რამ რომ გაეკეთებინა. ჩვენ დაგვსდევენ „ოცნების“ აქტივისტები და მანქანა გაბოროტებულმა ხალხმა დაგვიზიანა. მანქანიდან წაღებული არაფერია, მხოლოდ შუშაა ჩამსხვრეული.

გამოვიძახეთ საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. გამთენიის 5 საათამდე პოლიციაში ვიმყოფებოდით, დაკითხეს ჩვენი აქტივისტები და თავად აპოლონ რამიშვილი. ასევე პოლიციაში დღეს არის დაბარებული ბადრი ოჩხიკიძეც.

რაც შეეხება კოორდინატორების დაშინებას, მათ ნაწილს ჩვენი პარტიის წევრის სახელით უნომრო ზარებით უკავშირდებიან და ამომრჩევლების პირადობის მოწმობების მიტანას სთხოვენ. კერძოდ, ჩვენს კოორდინატორთან მივიდა მისი მეზობელი და უთხრა, რომ გია ოჩხიკიძემ დამირეკა ტელეფონზე და მითხრა ჩვენი მომხრეების პირადობები შემიგროვეო. გია ოჩხიკიძე ჩვენი პარტიის წევრია, რომელსაც ამ ადამიანისთვის არ დაურეკავს. ვის რა მიზნით სჭირდება ეს პირადობები, არ ვიცით. შესაძლოა, წაიღონ ჩვენი მომხრეების პირადობის მოწმობები და ამ ადამიანებმა საერთოდ ვერ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, - ამბობს ძაგნიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა