რელიგიის სააგენტო საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აზერბაიჯანში დაკავებულ საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე მირტაგ ასადოვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გუშინ, მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში დააკავეს მირტაგ ასადოვი - საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე.

მირტაგ ასადოვი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მისი დაარსების დღიდან ურთიერთობს, მათ შორის - სასამართლო პროცესების რეჟიმშიც. გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, მირტაგ ასადოვის სასარგებლოდ არც ერთი სასამართლო პროცესი არ დასრულებულა. კერძოდ: 2015 წელს, მირტაგ ასადოვმა რელიგიის სააგენტოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი დაფინანსების მიღების მოთხოვნით („საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117-ე დადგენილების ფარგლებში), რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მეორედ, მირტაგ ასადოვმა საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, სადაც ითხოვს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფარგლებში - შიიტების ცალკე დაფინანსებას. აქვე ვიტყვით, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს წესდებაში (1-ლი მუხლის 1.3. პუნქტი) უთითებდნენ, რომ ორგანიზაცია „მუსლიმთა ისლამურ ზოგად რელიგიას“ განეკუთვნება, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ერთი თვით ადრე კი, წესდებაში ცვლილება შეიტანეს და დააფიქსირეს, რომ ორგანიზაცია განეკუთვნება შიიტურ დენომინაციას. საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ამდენად, სრულიად გაუგებარია ზოგიერთი განცხადების პათოსი, რომ მირტაგ ასადოვი სახელმწიფოს უპირისპირდებოდა, ბევრი სასამართლო პროცესი მოუგო და მისი მოცილება იყო საჭირო - სახელმწიფოს წინააღმდეგ მირტაგ ასადოვს არც ერთი სასამართლო პროცესი არ მოუგია.

ასევე, უცნაურია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მირტაგ ასადოვის დაკავებით სახელმწიფომ წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვა აიცილა თავიდან - ბატონი ასადოვი სასულიერო პირია და მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებების შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი.

ასევე, მიუღებელია სააგენტოს მისამართით გამოთქმული საყვედური, რომ ჩვენ, თურმე, არაფერი ვიცოდით ბატონ ასადოვის გადაადგილებების შესახებ. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, რომელსაც მირტაგ ასადოვი ხელმძღვანელობს, ერთ-ერთია საქართველოში არსებულ მრავალრიცხოვან მუსლიმურ ორგანიზაციათა შორის, საქართველო კი დემოკრატიული სახელმწიფოა და მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას კანონი უზრუნველყოფს.

ჩვენ ვიცნობთ მირტაგ ასადოვს, მის თანამოაზრეებს. გაუგებარია, რატომ არ მოგვმართეს ოფიციალურად მისი დაკავების თაობაზე თუნდაც, მისმა მამამ, რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ოფიციალური იურიდიული მიმართვის შემთხვევაში, ჩავერთვებით პროცესებში - ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში. რასაკვირველია, ვწუხვართ მომხდარის გამო და გვჯერა, რომ სიმართლე მალე დადგინდება“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა