კანონის პროექტი, 13 ხმით, პირველი მოსმენით მიღებულია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დეპუტატებმა განცხადებებისთვის განკუთვნილი დროით ისარგებლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, უმეტესად, მიმდინარე არჩევნებზე გაამახვილეს ყურადღება და მმართველი პარტია ამომრჩეველზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. საპასუხო განცხადებები გაკეთდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდანაც, რის შემდეგაც კანონმდებლები პირველი საკითხის განხილვას შეუდგნენ.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტი აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ და უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ პირველი მოსმენით წარმოადგინეს.

აჭარის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტის მიზანი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, წარმოქმნილი კოლიზიებისა და ხარვეზების აღმოფხვრაა, რაც განპირობებულია აჭარის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტი საქვეუწყებო დაწესებულებების სამინისტროების სისტემაში გადასვლასა და რიგ სხვა ცვლილებებს ითვალისწინებს.

„11 თავისა და 44 მუხლისგან შემდგარი პროექტის თანახმად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტები ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო საარქივო სამმართველო განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში გადადის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მომხსენებელმა კანონმდებელთა შეკითხვებს უპასუხა. კანონის პროექტთან დაკავშირებით, მოკლე განმარტებები გააკეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ:

„უმთავრესი და მნიშვნელოვანია ის, რომ წარმოდგენილი ინიციატივით მოქმედი კანონი შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციასთან, ამიტომ კეთილი ვინებოთ და პატივი ვცეთ უზენაეს კანონს“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.

კანონის პროექტს პირველი მოსმენით, დარბაზში მყოფი 18 დეპუტატიდან 13-მა დაუჭირა მხარი.

კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ წულაძის ანგარიში 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს