ხათუნა ბურკაძე  - საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს ციფრული ჰაბი რეგიონში

კიბერსივრცის უსაფრთხოების აქტუალურ თემაზე ”ინტერპრესნიუსი” სამართლის დოქტორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, 2017-2018 წლებში თქვენ საკმაოდ რთულ და საინტერესო კვლევაზე მუშაობდით მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევით ცენტრში. რამდენადაც ვიცით, თქვენი კვლევა აქტუალურობით გამორჩეულ კიბერშეტევისა და კიბერომის საერთაშორისო-სამართლებრივი საკითხების განსაზღვრას ეხებოდა, ამ კვლევის ფარგლებში თქვენ მიმოიხილეთ გაეროს წესდებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ის მუხლები, რომელთა რეინტერპრეტაციის საფუძველზე დღეს კიბერშეტევა წარმოადგენს თავდასხმის ახალ ფორმას, რომელიც სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს თავდაცვის ინდივიდუალური ან კოლექტიური სისტემა. იქნებ უფრო დეტალურად მოგვითხროთ თქვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე.

- უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რადგან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევით ცენტრში ზემოაღნიშნული კვლევა განვახორციელე ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.

რაც შეეხება ჩემს მიერ განხორციელებულ კვლევას კიბერშეტევებისა და კიბერომის საერთაშორისო სამართლებრივი განსაზღვრების შესახებ, დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფად განვითარება განაპირობებს კიბერსივრცის აქტუალურობას.

ტექნოლოგიური მიღწევები არის გასაღები საზოგადოების განვითარებისთვის. თუმცა კომპიუტერული ქსელების გამოყენებით შესაძლებელია ომის თანამედროვე ფორმით წარმოებაც. მეტიც, მომავალში სახელმწიფოები ალბათ კიბეროპერაციებს სპეციალური რობოტების მეშვეობითაც განახორციელებენ.

მომავალში სახელმწიფოები ალბათ კიბეროპერაციებს სპეციალური რობოტების მეშვეობითაც განახორციელებენ

კვლევის შედეგად მიმაჩნია, რომ აუცილებელია არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ხელახალი ინტერპრეტაცია, რათა სახელმწიფოებმა შეძლონ შესაბამისი რეაგირება კიბერშეტევებზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება მიიღეს იმ პერიოდში, როდესაც კიბერსივრცის შექმნის განჭვრეტა რთული იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ 21-ე საუკუნეში კიბერინციდენტები ყოველდღიური რეალობაა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ გაეროს წესდება და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი -კოლექტიური თავდაცვის უფლება, ვრცელდება კიბერსივრცეზე.

იმის გათვალისწინებით, რომ 21-ე საუკუნეში კიბერინციდენტები ყოველდღიური რეალობაა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ გაეროს წესდება და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი - კოლექტიური თავდაცვის უფლება, ვრცელდება კიბერსივრცეზე

მით უფრო, რომ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებში არ არის განმარტებული შეიარაღებული თავდასხმის ცნება. საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კიბერშეტევების შემთხვევებში გასათვალისწინებელია თავდასხმის ინტენსივობა, მასშტაბი და ხანგრძლივობა.

ასევე იმისათვის, რომ კიბერშეტევამ მიაღწიოს შეიარაღებული თავდასხმის ზღურბლს და სახელმწიფოს ჰქონდეს ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა, ის უნდა იწვევდეს არსებით ზიანს.

ამასთანავე, ეს მოქმედება უნდა ხორციელდებოდეს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ ან არასახელმწიფოებრივი აქტორის მეშვეობით, როდესაც კიბერთავდასხმები ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან, მაგალითად, ჰაკერთა ჯგუფის მიერ სხვა სახელმწიფოს მხარდაჭერით, დაფინანსებით.

- საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ფონზე კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხე ტრადიციული საფრთხეებისაგან რამდენად განსხვავებულია?

კიბერშეტევების მეშვეობით მიზანი მიიღწევა არა იარაღის, არამედ კომპიუტერული ქსელების გამოყენებითა და სისტემაში უნებართვოდ შეღწევით, მონაცემების დაზიანებით, განადგურებით ან მანიპულირებით

- კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხე ტრადიციული საფრთხეებისგან განსხვავებით არ არის შეზღუდული კონკრეტული პოლიტიკური და გეოგრაფიული საზღვრებით. კიბერშეტევები, ჩვეულებრივი თავდასხმებისგან განსხვავებით, შეიძლება განხორციელდეს მშვიდობიან პერიოდშიც.

ამასთანავე, კიბერშეტევების მეშვეობით მიზანი მიიღწევა არა იარაღის, არამედ კომპიუტერული ქსელების გამოყენებითა და სისტემაში უნებართვოდ შეღწევით, მონაცემების დაზიანებით, განადგურებით ან მანიპულირებით.

- კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რა სახის გამოწვევების წინაშე არიან სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო?

- მზარდი ტექნოლოგიური მიღწევების გამო კიბერშეტევები უფრო იხვეწება და იკარგება კონტროლი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაზე.

ტექნოლოგიური მიღწევები ხელს უწყობენ საბრძოლო ტაქტიკის სწრაფად განვითარებას კიბერსივრცეში. ამდენად, სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვა

ტექნოლოგიური მიღწევები ხელს უწყობენ საბრძოლო ტაქტიკის სწრაფად განვითარებას კიბერსივრცეში. ამდენად, სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვა.

- არსებობს საერთაშორისო დონეზე რაიმე ტიპის ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს კიბერშეტევებისა და კიბერომთან დაკავშირებულ საკითხებს?

- არ არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც უშუალოდ დაარეგულირებს კიბერშეტევებისა და კიბერომის საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს. ერთადერთი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია ევროსაბჭოს ფარგლებში მიღებული კონვენცია „კიბერდანაშაულის შესახებ“.

არ არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც უშუალოდ დაარეგულირებს კიბერშეტევებისა და კიბერომის საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს

თუმცა, ეს კონვენცია კიბერსივრცეში მომხდარ დარღვევებს განიხილავს სისხლის სამართლის კონტექსტში და იგი არ ეხება კიბერშეტევებს, როგორც ომის წარმოების ერთ-ერთ ფორმას.

- საერთაშორისო დონეზე სახელმწიფოებს შორის არის თუ არა მიღწეული კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოთა რეაგირება კიბერშეტევებზე?

- საერთაშორისო დონეზე ჯერ კიდევ არ არის ერთიანი ხედვა ჩამოყალიბებული კიბერშეტევებისა და კიბერომის განმარტებებთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, რეგიონულ დონეზე ნატოს წევრმა ქვეყნებმა შეიმუშავეს მკაფიო ხედვა კიბერსივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, 2007 წელს ესტონეთის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ ნატომ შეიმუშავა კიბერთავდაცვითი პოლიტიკა.

ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი შეიძლება გამოვიყენოთ კიბერსივრცეში. შესაბამისად, ახალი საერთაშორისო ხელშეკრულების შემუშავების ნაცვლად, შესაძლებელია მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმების რეინტერპრეტაციის საფუძველზე განვახორციელოთ კიბეროპერაციები

მეტიც, ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი შეიძლება გამოვიყენოთ კიბერსივრცეში. შესაბამისად, ახალი საერთაშორისო ხელშეკრულების შემუშავების ნაცვლად, შესაძლებელია მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმების რეინტერპრეტაციის საფუძველზე განვახორციელოთ კიბეროპერაციები.

კერძოდ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერით განხორციელდა კვლევითი პროექტი, რომლის ფარგლებში 2013 და 2017 წლებში გამოიცა ტალინის სახელმძღვანელოები.

ამ სახელმძღვანელოების ავტორები, ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები, განმარტავენ, რომ კიბერშეტევამ შეიძლება მიაღწიოს შეიარაღებული თავდასხმის ზღურბლს, რაც გაეროს წესდების 51-ე და ნატოს მე-5 მუხლების საფუძველზე სახელმწიფოს აძლევს უფლებას განახორციელოს როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური თავდაცვითი ოპერაციები.

ნატო-საქართველოს კომისიის ბრიუსელის დეკლარაცია ხაზს უსვამს კიბერთავდაცვით სფეროში საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას

2016 წლის ვარშავის სამიტზე კი ალიანსმა კიბერსივრცე აღიარა ოპერაციების წარმოების დომეინად, რაც ნიშნავს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მოდერნიზებას.

ისტორიულად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ორიენტირებული იყო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. დღეს კოლექტიური თავდაცვის აღნიშნულ კომპონენტებს დაემატა კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება.

- როგორი უნდა იყოს საქართველოს როლი კიბერსივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში?

- კიბერსივრცის დაცვა საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველო ტრადიციული საომარი მოქმედებების პარალელურად კიბერშეტევების სამიზნე აღმოჩნდა.

ამ პერიოდიდან დასავლელ პარტნიორებთან ერთად იწყება ფიქრი საქართველოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვადასხვა მექანიზმზე, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე.

კერძოდ, 2012 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონი. ასევე, საქართველო ამ მიმართულებით განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან. სახელდობრ, ნატო-საქართველოს კომისიის ბრიუსელის დეკლარაცია ხაზს უსვამს კიბერთავდაცვით სფეროში საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

საქართველოს აქტიური ჩართულობა ინფორმაციული სისტემების დაცვის მექანიზმების განვითარების მიმართულებით უზრუნველყოფს დაცული საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნას და გაზრდის ჩვენს სტრატეგიულ როლს, მეტიც გვაქცევს ციფრულ ჰაბად რეგიონში.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა