თორნიკე რიჟვაძე - ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფორუმს დაესწრო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმზე მდგრადი განვითარების ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე იმსჯელეს. ფორუმის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მდგრადი და ინკლუზიური განვითარება არის ჩვენი სამთავრობო გუნდის გაცხადებული ხედვა და მთავარი პრიორიტეტი.

მაშინ, როცა გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ტურისტული ცენტრი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ შავის ზღვის რეგიონში, მდგრადი განვითარება და „მწვანე ქალაქები“ კიდე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხები დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა წარმატებულ ნაბიჯებს დგამს ევროინტეგრაციის გზაზე“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის მდგრადი გავითარების ფორუმი წელს პირველად ჩატარდა და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. მისი მიზანია შეიქმნას ურბანულ საკითხებზე მოსაზრებების, წინადადებების და საუკეთესო გამოცდილების პლატფორმა, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

ფორუმზე აქცენტები გაკეთდა მდგრადი განვითარების სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხზე, როგორიცაა სტრატეგიული და ურბანული დაგეგმარება, სატრანსპორტო სისტემების განვითარება, სასმელი წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვა, კატასტროფების რისკების შემცირება, კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია, განათლება და შესაძლებლობების გაძლიერება.

ბათუმის მდგრადი განვითარების ფორუმის ფარგლებში იმართება ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი, რომლის სლოგანია „მდგრადობა, მობილობა, ადამიანი“. ფორუმზე მოხსენებებით წარსდგებიან ადგილობრივი სატრანსპორტო დარგის ექსპერტები და ცნობილი სპეციალისტები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან.

აღსანიშნავია, რომ დღეს ქალაქი ბათუმი ტრანპორტის სპეციალისტებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. ის ფაქტობრივად პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ფართომასშტაბიანი სატრანსპორტო რეფორმა დაიწყო, რაც დეტალურად იქნება განხილული ფორუმის ფარგლებში.

ფორუმის თანაორგანიზატორები არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ააიპ სითი ინსტიტუტი საქართველო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

ბათუმის ფორუმს ხელისუფლების, კერძო და სამოქალაქო სექტორის, პარტნიორ ქალაქებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს