ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი - ბიუჯეტში ცვლილება კანონიერად განხორციელდა

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილება კანონიერად განხორციელდა, - ასე უპასუხა ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა სულხან ევგენიძემ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებას.

სულხან ევგენიძის თქმით, სტიქიური მოვლენების განვითარების შემდეგ გეოლოგიური დასკვნა ჩატარდა, რის შემდეგაც პროექტის შესყიდვა მოხდა, რაც ბიუჯეტიდან თანხას საჭიროებდა.

„სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის მიზნით, ბიუჯეტში თანხის გათვალისწინება კანონით ნებადართულია. სტიქიური მოვლენების განვითარების შემდეგ ჩატარდა გეოლოგიური კვლევა და განხორციელდა პროექტის შესყიდვა, რის შემდეგაც მოხდა საჭირო თანხის გათვალისწინება. ყველა ღონისძიება განხორციელდა ეტაპობრივად, კანონმდებლობის ფარგლებში",- აცხადებს სულხან ევგენიძე.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წევრი მირდატ ქამადაძე ბათუმის მერიას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. როგორც მირდატ ქამადაძე განმარტავს, მიმდინარე წლის 8 და 10 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, თუმცა მერიამ თავის დროზე მოქალაქეების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის მერიამ წინასაარჩევნოდ ბიუჯეტში ცვლილებები განახორციელა და ახლა გადაწყვიტა მოქალაქეების დახმარება, რაც მისი შეფასებით, კანონდარღვევა და ამომრჩევლის მოსყიდვაა. მირდატ ქამადაძე აუდიტის სამსახურს ფაქტის შესწავლას სთხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა