გიორგი ქობულია - კოოპერატივები დაგვეხმარება, გავზარდოთ სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ ეწვია და საწარმოო პროცესს გაეცნო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხიზა“ 64 მეპაიეს აერთიანებს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა ჯამში 500 ფურზე მეტს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს ინფორმაციით, კოოპერატივი ჩართულია „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მეშვეობითაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს საშუალება აქვთ საკუთარ საწარმოში აწარმოონ რძის პროდუქტები, შემოსავალი კი უკვე რძის პროდუქტების რეალიზაციიდან მიიღონ.

„კოოპერატივი „ხიზა“ წარმატებული მაგალითია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი მსგავსი ტიპის ფერმერული გაერთიანება გვჭირდება. ისინი ჩვენ დაგვეხმარება, გავზარდოთ სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობა. ამიტომ მოვუწოდებ ფერმერებს, გაერთიანდნენ კოოპერატივებში. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი გზა ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიმართულებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კოოპერაციული საწარმოს დათვალიერების შემდეგ, რომელიც განთავსებულია 300 კვადრატული მეტრი ფართობის სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამის შენობაში.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს. საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 3 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი (HACCP). საწარმო „ხიზამ“ სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით ასევე მიიღო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ წარმოებული სულგუნი, იმერული ყველი და შებოლილი სულგუნის ჩხირები, რომლის ბრენდინგი USAID/REAP-ის პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა, გაყიდვაშია თბილისის სუპერმარკეტებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კოოპერატივ „ხიზას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძესთან ერთად ეწვია.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1142 ჰა სათიბ-საძოვარი ასპინძის მუნიციპალიტეტში 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა. კოოპერატივს საქონლის საკვებწარმოებისათვის 90%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა