სახალხო დღესასწაული „ზესტაფონობა 2018“ გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ტრადიციული დღესასწაული „ზესტაფონობა - ღვინის ფესტივალი 2018“ გაიმართა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სახალხო დღესასწაული ასლანიკაშვილის სახელობის სანაპიროზე გაიმართა და იქ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. სანაპიროს მიმდებარე სკვერში განთავსებულ იმერულ ოდებში სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის გამოფენა და განთქმული იმერული სამზარეულო მოეწყო. ასევე, გამოფენილი იყო საჯარო სკოლების მოსწავლეთა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონის“ აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრები. გამოირჩეოდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კუთხე, რომელიც ქალაქის წარსულისა და ღირსშესანიშნაობათა ამსახველი ექსპონატებით, დიდ ინტერესს იწვევდა დამთვალიერებელში.

პარალელურად მიმდინარეობდა საზეიმო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები და მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა დღესასწაული მიულოცა ზესტაფონელებსა და მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორისაც პოლონეთის ელჩი-მარიუშ მაშკიევიჩი და ესტონეთის კონსული- იურგო ლოო იმყოფებოდნენ.

„ეს არის ტრადიციული დღესასწაული და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა, რათა სიყვარული გამოუცხადოს მშობლიურ ქალაქს. დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ზესტაფონის არჩეული მერი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ქალაქისა და კუთხის განვითარებისათვის“, - განაცხადა მერმა კახაბერ მახათაძემ.

ღვინის ფესტივალის ფარგლებში კი, პროფესიული ჟიურის მიერ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მეღვინეები და საოჯახო მარნები გამოვლინდნენ. ასევე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო ზესტაფონელები, რომელთა შორისაც იყვნენ: კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, გერმანული ენის სპეციალისტი და მრავალი თაობის აღმზრდელი ლეილა კამლაძე და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.

დღესასწაული „ქუჩის მუსიკოსების“ კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს