ბათუმში მუსლიმთა სამმართველოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში მუსლიმთა სამმართველოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ქალაქ ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში, შუამავალ მუჰამედის დაბადებიდან 1448-ე წლისადმი მიძღვნილიღონისძიება გაიმართა. რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.

ღონისძიებას მუსლიმი სასულიერო პირები, მრევლი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, აჭარის მთავრობის თავმდჯომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აზერბაიჯანის, ირანის და თურქეთის საელჩოების წარმომადგენლები ბათუმში დაესწრნენ.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგაოდებას სიტყვით დასავლეთ საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ და საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა მიმართეს.

ბეგლარ ქამაშიძემ სამმართველოს მიერ 2018 წელს გაწეულ საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენება წარადგინა, ისაუბრა წლის განმვლობაში მეჩეთების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოების, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ბოლო ერთი წლის მიღწევებში თითოეული იმამისა და რელიგიური მოღვაწის თავდაუზოგავი როლი, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობებში წარმატებები უსურვა.

რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა ნინო ჭავჭავაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოსა და მუსლიმთა სამმართველოს პარტნიორული ურთიერთ-თანამშრომლობის შესახებ, მან შეკრებილ საზოგადოებას საიუბილეო წელიწადი მიულოცა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერისათვის და მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად აქტიური ჩართულობისათვის.