მინისტრებმა ფოთში, მდინარე რიონზე მდებარე რეაბილიტირებული წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძი დაათვალიერეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ფოთში იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მდინარე რიონზე მდებარე რეაბილიტირებული წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძი დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში კაშხლის ფარებზე მოხდა მექანიკური ნაწილების აღდგენა და განახლება, ახლით შეიცვალა ამორტიზებული ელექტროტექნიკა, გარემონტდა წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც წყლის დონის, ისე ნაკადის რეგულირებისთვის, რომ სტიქიური უბედურებები ქალაქ ფოთში და მიმდებარე ტერიტორიებზე ავიცილოთ. დაახლოებით 20 დამცავი ფარიდან მუშაობდა მხოლოდ ორი. მილიონ 200 ათას ლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული ამ ნაგებობაში იმისთვის, რომ სრულყოფილად ფუნქციონირებდეს. ეს არის 1959 წელს აგებული ნეგებობა და ამის შემდეგ მას სჭირდებოდა კაპიტალური რემონტი. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა კომპანია ,,მელიორაციის“ მიერ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ ნაგებობას არ აღვადგენდით, წყლის დონის მომატების შედეგად შესაძლებელი იყო სტიქიური უბედურებები. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ ქალაქ ფოთისთვის და მიმდებარე ტერიტორიისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან დავითაშვილმა.
წყალმარეგულირებელი ნაგებობის დათვალიერების შემდეგ მინისტრები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

























