ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ კულტურათა დიალოგი" ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების კონცერტი გაიმართა

ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ კულტურათა დიალოგი" ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების კონცერტი გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ტოლერანტობის კვირეულთან დაკავშირებით, მრავალეთნიკური ხელოვნების ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ კულტურათა დიალოგი" ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობით ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, კონცერტზე საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ კულტურათა დიალოგი" უკვე მეათედ გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვნელმა თინა ღოღელიანმა მიმართა. მან ახალგაზრდებს არაჩვეულებრივი ნომრების შესრულებისათვის მადლობა გადაუხადა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ღონისძიებას აგრეთვე დაესწრო საქართველოს გაეროს ასოციაციის ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA] ხელმძღვანელი ლაშა ჯუღელი. ფესტივალი საქართველოს გაეროს ასოციაცის მხარდაჭერით ხორციელდება.