გურიაში „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგები გაიმართა

გურიაში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, ტრენინგის ფარგლებში ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის ყველა საბავშვო ბაღის 100-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი გადამზადდა, რითაც გურიის რეგიონში სახელმძღვანელოს დანერგვა დასრულდა.
მათივე ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილეებს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესაუბრა და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო საქმიანობაში დახმარება აღუთქვა.
„სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.
გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის, კახეთისა და გურიის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება“, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























