ხულოში, „ქართული ოცნების" ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ხულოში, „ქართული ოცნების" ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრი ომარ მახარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს.
როგორც ომარ მახარაძემ განაცხადა, თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების" ხულოს ორგანიზაციის შტაბიდან თანხის გაფლანგვაში უსაფუძვლო ბრალი დასდო, რითაც ცილი დასწამა.
ომარ მახარაძე თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდებს, რომ ბრალდება უარყოს.
„მინდა გამოვეხმაურო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ბრალდებებს ჩემი მისამართით. ბატონო თორნიკე, მე, ომარ მახარაძე 2011 წლიდან, ბევრისგან განსხვავებით, აქტიურად ვიდექი „ქართული ოცნების“ რიგებში. კარგად მესმის თქვენი, რადგან ახალგაზრდა პოლიტიკოსისათვის ძალიან ადვილია სხვის დაწერილი ტექსტის კითხვა და აბსურდული ბრალდებების გაჟღერება. ბატონო თორნიკე, თქვენ გასცდით პოლიტიკურ ჩარჩოებს, მძიმე და ამავდროულად არაადეკვატური ბრალდებები წამიყენეთ, ამიტომ, გირჩევთ მოეშვით აბსურდულ ბრალდებებს და თავი შეიკავეთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან",- განაცხადა ომარ მახარაძემ.
ხულოში, „ქართული ოცნების" ორგანიზაციის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის თანამდებობიდან წასვლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ომარ მახარაძე პარტიიდან ფინანსური დარღვევის გამო სამი თვის წინ გაუშვეს. მან ომარ მახარაძეს ქურდი უწოდა.

























