გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ინფორმაციით, ზუგდიდის #67-ე საარჩევნო ოლქის მიერ დანიშნულმა კომისიის 10-მდე წევრმა თანამდებობა დატოვა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ინფორმაციით, ზუგდიდის #67-ე საარჩევნო ოლქის მიერ დანიშნულმა კომისიის 10-მდე  წევრმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის #67-ე საარჩევნო ოლქის მიერ დანიშნულმა კომისიის 10-მდე წევრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ანა წითლიძე უბნებზე კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და სხვა წევრების მიერ უბნების დატოვებას „ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბს უკავშირებს და ამბობს, რომ საუბნო კომისიის წევრებმა უარი თქვეს შტაბის დავალებების შესრულებაზე.

„თითოეული მათგანი საოლქოსგან წარდგენილი კადრია. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ეს არის კარგი ტენდენცია და მე მინდა მოვუწოდო ყველას იგივე ქმედებებისკენ. ჩვენ შეგვხვდა რამდენიმე მათგანი და გვითხრა იმ კონკრეტული დავალებების შესახებ, რომელსაც შტაბიდან აძლევდნენ. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან",- განაცხადა წითლიძემ.

ზუგდიდში, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მათი მხრიდან საოლქო საარჩევნო უბნების კომისიისთვის არანაირი დავალებები არ გაცემულა. შტაბში აცხადებენ, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა და ისინი არიან აგონიაში, რადგან იციან, რომ ვერ მოიგებენ მეორე ტურს.

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ კომისიის რამდენიმე წევრმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.