ვაჟა ბერიძე - როცა ინსტიტუტები სუსტია, ჩემთვის ამომრჩევლის მატერიალური წახალისება, ფაქტობრივი მოსყიდვა და აღვირახსნილი პოპულიზმი ერთნაირად მიუღებელია

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მთავრობამ არჩევნების წინ მოსახლეობის „ვალების განულების“ პროგრამის შესახებ განაცხადა, რომლის ხარჯებს, სავარაუდოდ 1, 5 მილიონ ლარს ფორდი „ქართუ“ დაფარავს.

პრემიერის მტკიცებით, „ვალების განულების“ პროგრამა 600 ათას მოქალაქეს შეეხება. როგორც შემდეგ დააზუსტეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება ძირითადად უიმედო სესხებს შეეხება და შესაბამისად ჩამოიწერება. ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების წინ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას?

- ეს ინიციატივა უნდა განვიხილოთ, უწინარეს ყოვლისა, საპრეზიდენტო–საარჩევნო კამპანიის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ მასზე მსჯელობა ჭარბვალიანობასთან ბრძოლის კურსის ფარგლებში ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო.

ქართული საზოგადოება არ არის გულუბრყვილო, რომ მსგავსი მტკიცებები არგუმენტირებულად ჩათვალოს. უდაოა, თავად ,,განულებას“ აქვს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტები

ქართული საზოგადოება არ არის გულუბრყვილო, რომ მსგავსი მტკიცებები არგუმენტირებულად ჩათვალოს. უდაოა, თავად ,,განულებას“ აქვს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტები.

ეკონომიკური და სოციალური არსით ეს ივანიშვილის სვლა ეფექტური და ეფექტიანია, პოლიტიკური თვალსაზრისით იგი, ბუნებრივია, შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და ამის სამართლებრივი შეფასება აუცილებელია.

თუმცა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. აქ პოლიტიკაში თამაშის წესებს, ან ზოგჯერ ბრძოლას ,,წესების გარეშე“ მთავარი ფიგურანტები ამკვიდრებენ, განსაკუთრებით საქართველოში, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ამიტომ, თუ ასე მივუდგებით, ამომრჩევლის მოსყიდვის ელემენტებს შეიცავს 400 ლარიანი პენსიის დაპირება, ან 1000 ლარიანი მინიმალური ხელფასი მასწავლებლებს, ან 2000 ლარიანი ხელფასი პატრულის თანამშრომლებს, იპოთეკური სესხების კაბალისგან გათავისუფლების შეპირება, ან სესხების გადათვლა 2012 წლის კურსით და ა.შ. და ა.შ.

ეკონომიკური და სოციალური არსით ეს ივანიშვილის სვლა ეფექტური და ეფექტიანია, პოლიტიკური თვალსაზრისით იგი, ბუნებრივია, შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და ამის სამართლებრივი შეფასება აუცილებელია

ამ ყველაფერს კი ,,ნაცმოძრაობა“ სისტემატურად იყენებს. რაც შეეხება ფინანსებს ამ პროექტისთვის, ის კერძო პირის ფულია და მას როგორც უნდა და როცა უნდა მაშინ გამოიყენებს. აი ასეთი წინააღმდეგობრივია მოცემული ინიციატივის პრეისტორია და კონტექსტი.

ახლა კონკრეტული საფინანსო–ეკონომიკური ასპექტის თაობაზე.

მინდა გამოვეხმაურო შეფასებას, რომ ,,განულება“ ეხება უიმედო სესხებს. მოცემული და გათვალისწინებული პორტფელი მოიცავს უიმედო სესხებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ასეთი სესხებისგან შედგება.

ტერმინებით მანიპულირება რომ არ მოხდეს, ამისთვის არსებობს კონკრეტული განმარტებები კანონმდებლობაში და კანონმქვემდებარე აქტებში. „უიმედო“ სესხი ისედაც ექვემდებარება ჩამოწერას და მას არ სჭირდება მთავრობის ჩარევა, განულება და ა.შ. როდესაც სესხი თავისი ვადაგადაცილებით, ამოღების შანსებით და სხვა პარამეტრებით გადავა „უიმედო“ კატეგორიაში, საკრედიტო ინსტიტუტი ისედაც ვალდებულია რომ ჩამოწეროს, მთავრობის ჩარევის გარეშე.

ეს, მე ფვიქრობ, საყურადღებო ასფექტია.

ახლა ის, რასაც, ჩემი აზრით, ამ აურზაურში ნაკლები ყურადღება მიექცა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სესხის განულება შეეხება 3 ტიპის სესხებს: პირველი – 2000 ლარამდე მოცულობის სესხები, რომლებზეც 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ფიქსირდებოდა ვადაგადაცილება, ანუ ადგილი ქონდა სესხის მომსახურების მინიმუმ 30 დღიან დაგვიანებას, ეს არანაირად არ გულისხმობს სესხის „უიმედოდ“ კვალიფიცირებას.

მეორე – სესხები, რომლებსაც დაუდგა ხანდაზმულობა, ანუ ბოლო 3 წელი არ მომხდარა თანხის გადახდა და არ მიმდინარეობს სასამართლო დავა, მიუხედავად იმისა, თანხა აღემატება თუ არა 2000 ლარს, ანუ თეორიულად აქ შეიძლება მოხვდეს მაგალითად 10 ათას ლარიანი ან უფრო მეტი მოცულობის სესხიც.

არ ვიცით ამ დავალიანებების აღების და შემდეგ ვადაგადაცილების მიზეზები, შესაბამისად არ ვიცით ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც ამ მსესხებლების რეაბილიტირებას შეიძლება მოყვეს

და მესამე – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირების სესხები. როგორც პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, ჯამში მილიარდნახევარი ლარის სესხებიდან, რომელსაც განულება შეეხება, 95% სწორედ პირველი კატეგორიის, ანუ 2000 ლარამდე მოცულობის სესხებია, რომლებიც 600 ათასამდე მოქალაქეს ეხება.

რა თქმა უნდა, ეს იქნება ახალი სისხლი ეკონომიკისთვის და ამიტომ ეს არ არის მხოლოდ სოციალური პროექტი. თან არ დაგვავიწყდეს, რომ 2008 წლის კრიზისმა და ჩვენს შემთხვევაში ომმაც ისე ჩაიარა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსესხებლების მხარდასაჭერად (ბანკებისგან განსხვავებით) ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

სამწუხაროდ, ამაზე მეტის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან გადაწყვეტილების მასშტაბურობის მიუხედავად, მთავრობას არ გამოუცხადებია ბევრი დეტალი, რომელიც საფუძვლიანი ანალიზის გაკეთების საშუალებას მოგვცემდა.

ეს გადაწყვეტილება ცალსახად კარგია, მაგრამ არ ვიცით შედეგი ერთჯერადი იქნება, თუ განგრძობადი და ა.შ.

კერძოდ, არ ვიცით ამ კატეგორიაში შესული მსესხებლების ასაკობრივი სტრუქტურა, არ ვიცით ამ დავალიანებების აღების და შემდეგ ვადაგადაცილების მიზეზები, შესაბამისად არ ვიცით ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც ამ მსესხებლების რეაბილიტირებას შეიძლება მოყვეს.

რომ შევაჯამოთ, ეს გადაწყვეტილება ცალსახად კარგია, მაგრამ არ ვიცით შედეგი ერთჯერადი იქნება, თუ განგრძობადი და ა.შ.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საუბარია ძირითადად სამომხმარებლო ონლაინ სესხებზე. თუ ქვეყანაში 600 ათასი ადამიანს არ შეუძლია ბანკის 2000 ლარის გადახდა, პრობლემა იმაში უნდა იყოს, რომ მევახშეები ეროვნული ბანკის რეგულაციებს მიღმა არიან დარჩენილი. თუ ასეა, თქვენი აზრით, რატომ მანამდე არ გაამკაცრა ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები მევაშეებისა და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების მიმართ?

- როგორც აღვნიშნე, ჯერ კარგად არ ვიცით რაზეა საუბარი, არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ზუსტი დასკვნები გავაკეთოთ. მევახშეობის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ფინანსური ურთიერთობის ეს ფორმა არ უნდა განვიხილოთ მთავრობის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში.

მოგეხსენებათ, დასახელებული 600 ათასი მსესხებლის შერჩევა მოხდებოდა რაიმე ბაზიდან და ჩვენს რეალობაში ასეთი ბაზა გააჩნია „კრედიტინფოს“. ამ ბაზაში შედის ბანკების, მიკროსაფინანსოების, ონლაინ–გამსესხებლების და სხვადასხვა ტიპის საფინანსო კომპანიების მონაცემები, მაგრამ არა მევახშეების.

შესაბამისად, ადამიანი ე.წ. „შავ სიაში“ ვერ მოხვდება თუ კერძო მევახშის ვალის ვერდაბრუნების, ან გადაცილების გამო. ანუ ეს ცოტა სხვა ტიპის პრობლემაა.

ადამიანს კონკრეტული პარამეტრების სესხის გადახდა ან შეუძლია, ან არ შეუძლია. ცივილური საკრედიტო ინსტიტუტი აფასებს ამ შესაძლებლობებს და მსესხებლის რისკის მიხედვით ან უზრუნველყოფით ან მის გარეშე აძლევს მას სესხს და სესხში ჩადებულ ქონებას დაესაკუთრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დაკარგავს ყველანაირ უნარს, გადაიხადოს სესხი.

კარგია, რომ მოხდა ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ამ ტვირთის შესამსუბუქებლად და პარალელურად შემოდის პრევენციული ზომებიც. საბოლოოდ, მსესხებლების ჯანსაღი ბაზა მნიშვნელოვნად უკეთ წაადგება ქვეყნის ეკონომიკას

ე.წ. კერძო მევახშეობის შემთხვევაში, მევახშის ინტერესი არის მხოლოდ სესხში ჩადებული ქონება და ის არც აქცევს ყურადღებას, მსესხებელი რამდენად შეძლებს სესხის გადახდას. ამგვარ პირობებში კერძო მევახშეობამ თავისი მძიმე კვალი დაატყო მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას, თუმცა, სულ სხვაა ბანკებთან პრობლემების მქონე პირთა წრე და სულ სხვაა მევახშეებით დაზარალებული ადამიანები.

ვისაც მიესვლება ბანკში, ის არასდროს წავა მევახშესთან სესხის ასაღებად. ეროვნული ბანკი ან ნებისმიერი სხვა უწყება ვერ ჩავა ორ სუბიექტს შორის რაიმე შეთანხმების (მათ შორის ფულის სესხების) სიღრმემდე და ვერ დაარეგულირებს მას, თუმცა როგორც კი ფულის გასესხება იღებს შედარებით ორგანიზებულ ხასიათს, მაგალითად სუბიექტს სესხი გაცემული აქვს 20–ზე მეტ მსესხებელზე და ა.შ. ის ექცევა რეგულაციებში, რაც იძლევა მსესხებლების განსაკუთრებით კაბალური პირობებისგან დაცვის გარკვეულ გარანტიებს.

ზოგადად, მომხმარებლების უფლებების დაცვის არასათანადო დონე, დაკრედიტების თანამედროვე სტანდარტების დროულად არდანერგვა და მსესხებლების მდგომარეობის უგულებელყოფა არის სწორედ ჭარბვალიანობის ერთ–ერთი მიზეზიც. საკრედიტო ინსტიტუტებმა მოსახლეობას აკიდეს იმ მოცულობის ტვირთი, რომლის გაწევაც უკვე შეუძლებელი ხდებოდა.

კარგია, რომ მოხდა ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ამ ტვირთის შესამსუბუქებლად და პარალელურად შემოდის პრევენციული ზომებიც. საბოლოოდ, მსესხებლების ჯანსაღი ბაზა მნიშვნელოვნად უკეთ წაადგება ქვეყნის ეკონომიკას.

- ოპონენტების შეფასებით, ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ამომრჩევლის უპრეცედენტო და დაუფარავი მოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მათი მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება “საარჩევნო კოდექსის“ არღვევს, ვინაიდან კოდექსი კრძალავს „მოქალაქეების დაინტერესებას ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით.“

მათივე მტკიცებით, ვალის დაფარვის დაპირება სხვა არაფერია თუ არა მოსყიდვა. თუ ასე არაა, რადგან ვალის დაფარვა 15 დეკემრიდან იწყება, ხელისუფლებას ამის შესახებ შეეძლო 1 დეკემბერს განეცხადებინა და არა არჩევნებამდე.

რას იტყოდით ხელისუფლების ოპონენტების არგუმენტებზე და იმაზე, რომ თუ ხელისუფლება არჩევნებამდე არ ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას, ამის შესახებ ხელისუფლებას განცხადება 1 დეკემბერს შეეძლო გაეკეთებინა?

- ქართულ პოლიტიკაში დამკვდრებული თამაშის წესებიდან გამოდინარე „ვალების განულებასთან“ დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადმული ნაბიჯები არ წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას. რა თქმა უნდა, ფაქტი შესაძლოა ინტერპრეტირებული იქნას როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ამის თაობაზე სამართალმცოდნეებმა უნდა იმსჯელონ.

ქართულ პოლიტიკაში დამკვდრებული თამაშის წესებიდან გამოდინარე „ვალების განულებასთან“ დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადმული ნაბიჯები არ წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას. რა თქმა უნდა, ფაქტი შესაძლოა ინტერპრეტირებული იქნას როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ამის თაობაზე სამართალმცოდნეებმა უნდა იმსჯელონ

აქ საჭიროა ჩაღრმავება, ,,ჩაკითხვა“ და ,,ჩაკირკიტება“, რადგან ფორმალური ლოგიკის თანახმად ბიძინა ივანიშვილი თავისუფალია თავისი ფინანსური რესურსის განკარგვაში და ამას არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გააკეთებს თუ ორი წლით ადრე, ყველა შემთხვევაში მისი პიროვნული ავტორიტეტიდან გამომდინარე და მის მიერ დაფუძნებული პარტიის სტატუსის გათვალისწინებით, მაინც ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ აქ მთავარი ხედვის კუთხეა.

- ხელისუფლების ოპონენტების გარდა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას დამკვირვებელთა ნაწილიც აშკარად პოლიტიკური მოსყიდვის მცდელობად აფასებს. მეტიც, მათი მტკიცებით, ადვილია გაღატაკებული მოქალაქეების მანუპულაცია და შესაბამისად დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია.

თუ მთავრობის ამ ნაბიჯმა 28 ნოემბრისათვის დაგეგმილ არჩევნებზე გაამართლა, სულაც არაა გამორიცხული რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ოცნება“ ამგვარ გადაწყვეტილებას კიდევ მიიღებს.

გასაგებია, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ბევრი ადამიანი ამოისუნქავს, მაგრამ, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რამდენად წაადგება მთავრობის ეს გადაწყვეტილება ისედაც არასრულყოფილ ქართულ დემოკრატიას?

- ღარიბ ქვეყანაში დასავლური სტანდარტების დემოკრატიის დამკვიდრება და ფუნქციონირება უაღრესად პრობლემატურია. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყნების დღევანდელი რეალობა. ეკონომიკების მოცულობისა და ზრდის ტემპის, წიაღისეულის ფლობის განსხვავებულობის მიუხედავად ყაზახურ, აზერბაიჯანულ და ბელორუსულ დემოკრატიებს ბევრი რამ აქვთ საერთო.

ღარიბ ქვეყანაში დასავლური სტანდარტების დემოკრატიის დამკვიდრება და ფუნქციონირება უაღრესად პრობლემატურია

ჩვენი დიდი მეზობლების – რუსეთის, თურქეთის და ირანის დემოკრატიები არსობრივად განსხვავდება, თუმცა ფაქტობრივად იმეორებს ერთმანეთს. ამდენად ამ გარემოცვაში მდებარე საქართველოში დემოკრატია ხშირად ოხლოკრატიასთან მეზობლობს და მხსნელის, მესიის, ბელადის, უკიდურეს შემთხვევაში ქარიზმატული ლიდერის ბრმად მიმდევარი ხდება.

რადგან დემოკრატიული ინსტიტუტები ვერ მისდევს ევროპულ სტანდარტებს, ხალხი ქმნის მორიგ კერპს, ვიღაცას ,,მსოფლიო პოლიტკოსობის“ გამო მიჰყვება, ვიღაცას რეფორმატორობის და ავტორიტარიზმის ჩიხში შედის, ვიღაცის მილიარდები ხიბლავს...

ამდენად ქართული დემოკრატია ერთი სარისკო ექსპერიმენტია, რომელსაც გარემო ავტოკრატიისკენ მიატრიალებს ხოლმე პერიოდულად.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დასმულ კითხვას პირდაპირ არ ვპასუხობ, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინების გარეშე პასუხის პოვნა შეუძლებელია. ქართულ დემოკრატიას, ფაქტობრივად არ აქვს ისტორია, თუ არ ჩავთვლის 1918–1921 წლებს. დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია, ამიტომ ჩემთვის ამომრჩევლის მატერიალური წახალისება, ფაქტობრივი მოსყიდვა და აღვირახსნილი პოპულიზმი ერთნაირად მიუღებელია.

როცა დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია, ჩემთვის ამომრჩევლის მატერიალური წახალისება, ფაქტობრივი მოსყიდვა და აღვირახსნილი პოპულიზმი ერთნაირად მიუღებელია

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საიდან მოვდივართ. მართალია, ყუთლუ–არსლანის დასი თამარის ეპოქაში მოითხოვდა ,,კარავის“ დაფუძნებას, რაც თავისი არსით პარლამენტის მინამსგავსი იყო არსებითად, მაგრამ ისტორიული ძნელბედობის გამო პარლამენტარიზმი ჩვენგან შორს, ევროპაში ჩამოყალიბდა. იმ დროს, როცა იქ დემოკრატია ვითარდებოდა, ჩვენ ,,ტვეთა სყიდვით“ ვიყავით დაკავებული ან არსენას ვადიდებდით, რომელიც უპოვართა შემწეც იყო და ყაჩაღიც, რაც იმ ეპოქისთვის თავსებად პარადოქსს წარმოადგენდა. დღეს მცხეთაში არსენას ძეგლი დგას.

ამ ფაქტის შეფასებას შორიდან არ ვუვლი, მაგრამ ვერც იმას ვივიწყებ – ჩვენ იმ ქვეყნის მოქალაქეები ვართ რომლის პრეზიდენტი შევარდნაძე მთავრობის სხდომაზე ევედრებოდა ბიზნესმენებს გადასახადები გადაიხადეთო და ისინი მაინც არ იხდიდნენ, მერე უყვიროდა – ,,დაყაჭეთო“ ფული, მაგრამ არ ,,დაყაჭეს“, მერე ემუქრებოდა საჯაროდ – სააკაშვილს დაგიტოვებთ ხელისუფლებაში და დაგსჯითო და დასაჯა კიდეც...

ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ დღეს, რომლის ექსპრეზიდენტიც ამ დღეებში სიამაყით ამბობდა – ივანიშვილს უბრალოდ ,,ავახევ“ მილიარდნახევარს, როგორც ,,ვარდების რევოლუციის“ მერე მოვატანინე ჯოხთაბერიძეს, ჩხაიძეს და სარალიძეს მილიონებიო. წარმოგიდგენიათ?

ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ დღეს, რომლის ექსპრეზიდენტიც ამ დღეებში სიამაყით ამბობდა – ივანიშვილს უბრალოდ ,,ავახევ“ მილიარდნახევარს, როგორც ,,ვარდების რევოლუციის“ მერე მოვატანინე ჯოხთაბერიძეს, ჩხაიძეს და სარალიძეს მილიონებიო. წარმოგიდგენიათ?

ეს მილიონები არსად დაფიქსირებულა. არავინ იცის ერთი იყო, ათი თუ ოცდაათი. სად წავიდა, რა გაკეთდა ამ ფულით? თავად სააკაშვილი აეროპორტისკენ გზის დაგებით ამაყობდა. სხვა სად არის? ვინ განკარგა? დოკუმენტაცია არ არსებობს და გვპირდება სხვა მდიდრების მიმართაც იმავეს გავაკეთებ როცა დავბრუნდებიო. და გააკეთებს კიდეც. მერე გზაში გაქრება ერთი, ათი ან ოცდაათი მილიონი. და მას მოსახლეობის 20% უჭერს მხარს.

ეს ქვეყანა ვართ ჩვენ და იმ 20%–ში ბევრი კარგი ქართველი და მოქალაქეა. ასეთია ჩვენი რეალობა. ამ დროს კი ევროპული საარჩევნო კულტურის პრიზმაში უნდა შევხედოთ 600 000 შეჭირვებული მოქალაქისთვის ვალების მაინცდამაინც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ,,განულების“ ფაქტს. ძნელია...

- როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ რეალობას და თქვენი დაკვირვებით როგორი თავისებურებებით ხასიათდება იგი?

- აქ მე გამოვყოფდი ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტს.

პირველი, ესაა ხალხისთვის რწმენის დაბრუნება, რომ არჩევნების გაყალბება საარჩევნო ყუთებთან ან შედეგების შეჯამების მეშვეობით შეუძლებელია. დამთავრდა ოპოზიციის ნაწილის გაუთავებელი საუბარი იმაზე, რომ ,,ოცნება“ გააყალბებდა არჩევნებს.

პირველი ტურის შედეგად დადგა ივანიშვილისა და ,,ოცნებისთვის“ აშკარად მიუღებელი შედეგი. ანუ საქართველოში თანდათან ყალიბდება დემოკრატიისთვის აუცილებელი გარემო, სადაც არჩევნების გაყალბება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

პირველი ტურის შედეგად დადგა ივანიშვილისა და ,,ოცნებისთვის“ აშკარად მიუღებელი შედეგი. ანუ საქართველოში თანდათან ყალიბდება დემოკრატიისთვის აუცილებელი გარემო, სადაც არჩევნების გაყალბება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

და მეორე, ხალხი რომელიც 90–იანი წლების დასაწყისიდან გაგდებული იყო პოლიტიკიდან, რადგან მავანთა აზრით ,,სწორ გადაწყვეტილებას“ ვერ იღებდა, პოლიტიკაში ბრუნდება, ბრუნდება როგორც სახელმწიფო ცხოვრების მთავარი ფაქტორი, რომელსაც ყველა და ყველაფერი ექვემდებარება, რომლის ნებით მანიპულირება შეუძლებელი ხდება. ვერანაირი ნაზარბაევების და ლუკაშენკოების მოდერნიზებული ვარიანტი საქართველოში ვერ დამკვიდრდება.

ეს ორი ფაქტორი, ჩემი აზრით, გამოიკვეთა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რაც დამაიმედებელია.

- თქვენ როგორ შეაფასებთ პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლებისა და „ოცნების“ როგორც მმართველი ძალის მოქმედებას?

- უფრო საინტერესო იქნება პირველ ტურამდე მმართველი ძალის საქმიანობის შეფასება. ეს იყო სრული მოწყვეტა საზოგადოებისგან, სხვა პოლიტიკური ძალებისგან, ექსპერტ–ანალიტიკოსებისგან, არასამთავრობო სექტორისგან, ანუ რეალობიდან სრული მოწყვეტა და აბსტრაჰირება.

მარცხის შემდეგ „ოცნება“ ოპერატიულად ცდილობს გარდაქმნას საარჩევნო კამპანია და გახადოს იგი უფრო გააზრებული, მიზანმიმართული და კარგი გაგებით აგრესიული

,,ოცნების“ წევრების გარდა პარტიას მხარდამჭერი არ აღმოაჩნდა საზოგადოებაში, რადგან მან ყველა ჩამოიცილა, ყველას ზურგი შეაქცია, ყველას ვისაც ერთი ადამიანის ხედვისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ხოლო თავიანთ რიგებში პოპულარული და საზოგადოებრივი ნდობის მქონე პირები, როგორიცაა მაგალითად კახი კახიშვილი, პოლიტიკას მოაშორეს და საკანცელარიო სივრცეში ,,ჩაკეტეს“. თუმცა, მარცხის შემდეგ „ოცნება“ ოპერატიულად ცდილობს გარდაქმნას საარჩევნო კამპანია და გახადოს იგი უფრო გააზრებული, მიზანმიმართული და კარგი გაგებით აგრესიული.

- როგორ შეაფასებდით არჩევნების პირველ ტურამდე და მეორე ტურის წინ “ნაციონალების“ მოქმედებასა და საარჩევნო კამპანიას?

- ,,ნაციონალები“ გამოცდილი პოლიტიკური მებრძოლები არიან, კარგად სტრუქტურირებული პარტიული ინფრასტრუქტურით, ხელისუფლების ნაკლოვანებებს და შეცდომებს ვირტუოზულად იყენებენ, განსაკუთრებით საინფორმაციო სივრცეში დივერსიების ორგანიზებით და მოქნილი პიარ–სვლებით. საარჩევნი კამპანიაში ეფექტურად აქვთ ჩართული ,,რუსთავი2“ – ნიჭიერი ადამიანების შემოქმედებითი გაერთიანება.

ვერც ერთ ქვეყანაში ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაძლებდა იმ ფონზე რასაც ქვეყნის ყველაზე ყურებადი ტელეარხი“რუსთავი-2“ აკეთებს ხელისუფლების წინააღმდეგ თავისუფალი მედიის დროშით.

ვერც ერთ ქვეყანაში ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაძლებდა იმ ფონზე, რასაც ქვეყნის ყველაზე ყურებადი ტელეარხი “რუსთავი-2“ აკეთებს ხელისუფლების წინააღმდეგ თავისუფალი მედიის დროშით

უბრალოდ მათ პოლიტიკას პირველ ტურამდე და პირველი ტურის შემდეგაც აქვს ერთი უპატიებელი და გამოუსწორებელი ნაკლი – მათ ჯეროვნად და ადეკვატურად არ შეუფასებიათ ის ყბადაღებული ,,ცხრა წელი“, დაშვებული შეცდომები და ჩადენილი დანაშაულობანი.

თავისი რიგებიდან არ გათავისუფლებულან ამ ქმედებებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებისგან, რის გარეშეც ამ პოლიტიკური ძალის სრულფასოვანი კათარზისი და დაბრუნება ხელისუფლებაში, რაგინდ თერთმეტ დამოუკიდებელ პარტიადაც არ უნდა დაიყონ, წარმოუდგენელი და შეუძლებელია.

- ვხედავთ, რომ ოპონენტები ნაკლებად მსჯელობენ ქვეყნის წინაშე დაგროვილი პრობლემების გადაჭრის გზებზე და უპირატესად დრო და ენერგია იხარჯება იმის მტკიცებაზე, თუ რომელი კანდიდატი უფრო მეტადაა კრემლის ფავორიტი.

პრეზიდენტობის კანდიდატები ნაკლებად საუბრობენ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე და იმაზე, სავარაუდოდ როგორი პოლიტიკის გატარებას აპირებენ ისინი რუსეთთან მიმართებაში. თქვენი აზრით, ამ საკითხებზე რატომ არ ამახვილებენ პრეზიდენტობის კანდიდატები ყურადღებას?

- რუსეთი ერევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებში, სენატის და კონგრესის არჩევნებში, ერევა დიდი ბრიტანეთის ,,ბრექსიტში“ და არ ერევა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში? ასე საკითხის დასმაც კი სასაცილოა.

თუმცა, ჩვენ ხომ გულუბრყვილო და მიმნდობი ხალხი ვართ, ჩვენთან არავინ საუბრობს იმაზე, ერევა თუ არა რუსეთი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენთან უბრალოდ ცდილობენ კანდიდატები ერთმანეთის მარგინალიზებას, ,,შენ რუსეთის აგენტოს“ დონეზე.

რუსეთი ერევა აშშ-ს პრეზიდენტის, სენატის და კონგრესის არჩევნებში, ერევა დიდი ბრიტანეთის ,,ბრექსიტში“ და არ ერევა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში? ასე საკითხის დასმაც კი სასაცილოა

კავკასია ისევ რუსეთის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების ზონად მიიჩნევა კრემის იდეოლოგების მხრიდან და ისინი არამარტო ,,მცოცავ ოკუპაციას“ ახორციელებენ, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასაც სკრუპულოზურად აკვირდებიან და ამ ქვეყანაში ნაცად ხერხს მიმართავენ – ძირითადად რუსეთის მაგინებლების ხელით აკეთებენ რუსულ საქმეს საქართველოში.

- პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა - „თუ ოპონენტებს დავუჯერებთ, ორივე კანდიდატი რუსეთის პროექტია, აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, მოგებული რუსეთი იქნება“. თქვენი აზრითაც, მთლად ასე ცუდად გვაქვს საქმე?

- რუსული პროექტი არც ზურაბიშვილია და არც ვაშაძე. ორივე ფიგურანტია მხოლოდ რუსულ პროექტში, რომელსაც ,,საქართველო“ ჰქვია.

რუსული პროექტი არც ზურაბიშვილია და არც ვაშაძე, ორივე ფიგურანტია მხოლოდ რუსულ პროექტში, რომელსაც ,,საქართველო“ ჰქვია

ვაშაძის გამარჯვება არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საქართველოს დამარცხება, მაგრამ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე სჯობს მხარი სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ, რადგან იმ ძალის კონტროლი, ,,ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, რომელიც დგას ზურაბიშვილის უკან, ქართული საზოგადოების მხრიდან მაინც შესაძლებელია, რასაც ვერ ვიტყვით ,,ნაცმოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილზე. ისინი უბრალოდ უკონტროლონი არიან თვითკონტროლის არარსებობის პირობებში.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო