სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრ მედეა ვასაძეს "ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელების საჯაროდ უაყოფა დაავალა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრმა მედეა ვასაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატს" ირაკლი ჭეიშვილს ერთი ლარი უნდა გადაუხადოს და რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადება ტელევიზიით უარყოს. საქმე ეხება რამდენიმე წლის წინ მედეა ვასაძის განცხადებას, რომ "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი მეგობარს თურქეთიდან სახელმწიფო ბალანსზე არსებული ავტომობილით ნარკოტიკის გადმოტანაში დაეხმარა. ვასაძე ამბობდა, რომ ამის მტკიცებულება გააჩნდა.
ცილისწამების გამო ირაკლი ჭეიშვილმა 2015 წელს სასამართლოს მიმართა, მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების უარყოფა ითხოვა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ერთი ლარი მოითხოვა. "სასამართლომ მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა დაასრულა. დღეს წერტილი დაესვა მედეა ვასაძის ბინძურ, ცილისმწამებლურ, ტყუილებზე აგებულ სამწლიან კამპანიას. მედეა ვასაძე სასამართლომ დაავალდებულა ჩემს წინააღმდეგ „რუსთავი 2“-ში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის ამავე ტელევიზიის ეთერშივე უარყოფა, რაც გულისხმობდა საზღვარზე ნარკოტიკების გადმოტანაში ჩემს მონაწილეობას. მისი მიზანი, ყველანაირად შეეცადოს პოლიტიკური ოპონენტის ღირსების შელახვას, ვერ განხორციელდა. მედეა ვასაძის და მურმან დუმბაძის ტყუილების მუდმივი ტირაჟირება და ცილისმწამებლობა დღეს უკვე დოკუმენტურად დადასტურდა სასამართლოს მიერ. იარაღი, რომელსაც ისინი მუდმივად იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ყოველგვარ ზნეობას მოკლებული და ამორალურია. თუმცა, ჩვენ მათ არასდროს მივცემთ საშუალებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მედეა ვასაძე დაემალა სამართალს და დღეს არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე",- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

























