გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების მცდელობაზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიცია  ზუგდიდში  გადასატანი  ყუთის მეშვეობით გაყალბების მცდელობაზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდში გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების მცდელობაზე საუბრობს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გადასატანი ყუთის სიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ჩაწერეს, რომლებიც ჯანმრთელები არიან და თვითონაც შეუძლიათ გადაადგილება.

„ზუგდიდის რიგ უბნებში „ქართული ოცნების“ შტაბიდან გაცემულია დავალება გადასატან ყუთთან დაკავშირებით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გადასატან ყუთზე განცხადებები იმ ადამიანებს შეაქვთ, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ისინი არიან სრულიად ჯანმრთელები და არ საჭიროებენ გადასატანი ყუთით მომსახურებას. კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ იმ ადამიანს უნდა მიუტანონ ყუთი, ვისაც გადაადგილება არ შეუძლია. ორი უბნის მონაცემებით შევამოწმეთ და უკვე 12 ასეთი განცხადება აღმოვაჩინეთ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ანა წითლიძემ ასევე აღნიშნა, რომ საოლქოს მიერ დანიშნული კომისიის წევრები სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო კლიპში მონაწილეობენ, რაც მისი შეფასებით, კანონდარღვევაა.

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას, რომ გადასატანი ყუთის სიებში ჯანმრთელი ადამიანები შეჰყავთ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი პასუხობს. მისი თქმით, გადასატანი ყუთების სიები ჯერ არ შემდგარა. მისივე ინფორმაციით, მომართვიანობა 25 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება და კომისია მხოლოდ გადამოწმების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიყვანოს თუ არა ესა თუ ის პირი გადასატანი ყუთით მომსახურების სიაში.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, რომ გადასატან ყუთთან დაკავშირებით მათგან არანაირი დავალება არ გაცემულა და წითლიძის განცხადებას სიცრუეს უწოდებენ.