გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ზუგდიდის სოფლებში ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობენ და პროკურატურას მიმართავენ

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბში ზუგდიდის სოფლებში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობენ და პროკურატურას ამ ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ და შს მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, კონრეტული პირები სხვადასხვა გზით აშინებენ და ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობენ. ქარდავას თქმით, ზუგდიდის სოფელ რიყეში პირადობების მოწმობის სანაცვლოდ შეშას არიგებენ, რასაც მისივე მტკიცებით, სამეგრელოშო სატყეოს უფროსის მოადგილე მამუკა გაბელია ახორციელებს. ოპოზიცია ამბობს, რომ ხმების სანაცვლოდ მოსახლეობისთვის შეშის დარიგება პოლიციის პიკაპებით ხდება.
„სოფელში მოსახლეობას ეუბნებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხმას ზურაბიშვილს არ მისცემენ, სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. გარდა ამისა, სოფელ ჯიხაშკარში გამგებელი ავთო მარღია ამომრჩევლებს ფქვილს ურიგებს, ასევე სოფელ ჭაქვინჯში არის მოსყიდვის ფაქტები“, - განაცხადა ქარდავამ.
მან ჟურნალოსტებს ზურაბიშვილის შტაბის წინ გადაღებული კადრები აჩვენა, რომელშიც მამუკა გაბელია ჩანს. ასევე წარმოადგინა ფოტოები, რომელშიც პოლიციის პიკაპებზე დალაგებული შეშაა ასახული.
გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა გვასალიამ უპასუხა. მისი შეფასებით, ბაჩუკი ქარდავას მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ფაქტები, რომელშიც ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზეა საუბარი, ცილისწამებაა.
„ისინი არიან აგონიაში, რადგან იციან, რომ მარცხდებიან. მათ ჩაატარეს შიდა გამოკითხვა და ნახეს, რომ ჩვენმა მაჩვენებელმა 15 %-ით აიწია. ამიტომაც ცდილობენ, რომ სიტუაცია არიონ და კონფრონტაციამდე მიიყვანონ, მაგრამ არ გამოუვათ“, - აღნიშნა გვასალიამ.

























