გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს

გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს

ბათუმის მერიაში KFW-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ახალი პროექტის დაწყებას, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიონ ევროზე მეტია, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქუჩის რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ბათუმის ინფრასტრუქტურის განვითარებას. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება და 2019 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო დონორების და საფინანსო ინსტიტუტების დახმარების მნიშვნელობას რეგიონისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში. მისი თქმით, გერმანიის რეკონსტრუქციის და და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, აჭარაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყლისა და წყალარინების სისტემის მოწყობა დაიწყება.

„ბოლო თვეების განმავლობაში გვქონდა ძალიან აქტიური და ინტენსიური მოლაპარაკებები დონორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. შედეგად, გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, კერძოდ, ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხი უახლოეს მომავალში გადაიჭრება. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ 2020 წლისთვის ბათუმი და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი წყალმომარაგება-წყალარინების მიმართულებით შესაბამისობაში იყოს მოყვანილი თანამედროვე სტანდარტებთან“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს გიორგი ბრწყინვალის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი და დასახეს სამომავლო გეგმები. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის განცხადებით, სანიაღვრე სისტემის პარალელურად, ეტაპობრივად განხორციელდება გზისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, რის დასრულების შემდეგაც, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა სულაბერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების მონაკვეთში, სრულად იქნება რეაბილიტირებული.