„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის ინფორმაცით, მის საცხოვრებელ სახლში სამი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის ინფორმაცით, მის საცხოვრებელ სახლში სამი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილის ინფორმაცით, მის საცხოვრებელ სახლში სამი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს. ბეციაშვილის განცხადებით, სამი ბოთლი, სადაც შავი ფერის სითხე ესხა, ეზოში ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა დაყარეს, რის შედეგადაც მანქანას გაუჩნდა ცეცხლი. მისივე თქმით, მომხდარი მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

"სახლში ვიყავი, სტუმრები მყავდა, რა დროსაც ეზოში მდგარ მანქანაზე ცეცხლი შევნიშნეთ. ბუნებრივია, ახლოს მივედით და სამი ბოთლი ეგდო, სადაც შავი სითხე ესხა. ეს პირდაპირ უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ აქტივობას, რადგან მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და სწორედ ამ უბანში წააგო "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა. გამოვიძახეთ პოლიცია. ამ წუთას მუშაობენ ადგილზე. ვნახოთ რა იქნება. ამით მე ვერ შემაშინებენ. ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან დაშინების მცდელობა. მადლობა ღმერთს, ყველა გადავრჩით“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორმა ელმირა ბეციაშვილმა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.