ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2018

ევროპარლამენტიდან ყვითელი ბარათი "ოცნებას“

ბინების გამქირავებლებს გადასახადი მოეხსნებათ

მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა

***

ევროპარლამენტიდან ყვითელი ბარათი "ოცნებას“

“არჩევნების მეორე ტურის წინ ევროკავშირის ოფისში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ერთგვარად უიღბლო გამოდგა, რადგან სწორედ მისი ვიზიტის პარალელურად ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, დაშინებასა და ზეწოლა დიდი ბრალდებების საგანი გახდა ევროპარლამენტში და ევროდეპუტატების მწვავე განცხადებებსა თუ ბრალდებებზე თავის მართლება საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუწია. ევროპელი პოლიტიკოსების აღშფოთების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ 600 000 ადამიანისათვის ვალის გადახდის გადაწყვეტილება იყო და ითქვა, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა. ასევე წითელ ხაზად შეფასდა ყალბი პირადობის მოწმობების სავარაუდო დაბეჭდვაც”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ევროპარლამენტიდან ყვითელი ბარათი „ოცნებას“

"გაისმა ერთგვარი მუქარანარევი განცხადებაც, რომ შესაძლოა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზელიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც კი დადგეს. თბილისში ოპოზიცია ფაქტს საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე ემუქრება. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით კი, „ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას წითელი ბარათი აჩვენეს". „სამსაათიანი ჯოჯოხეთი, რომელიც „ქართულ ოცნებას" ევროპარლამენტში მოუწყეს, ჩემთვისაც არ იყო სასიამოვნო საყურებელი", - განუცხადა ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. ევროდეპუტატების კრიტიკის პასუხად კი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ევროპელების განცხადებებით გაკვირვებულია, გამაფრთხილებელი ბარათი კი არავის უჩვენებია“, - აღნიშნავს გამოცემა

"დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ხელისუფლების ოპონენტებთან მჭიდრო კავშირში არიან, სხვა ევროპარლამენტარები კი ამბობდნენ, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე. ცნობისათვის, 21 ნოემბერს საქართველოს მთავრობის დელეგაცია პრემიერ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ახალ, უმაღლეს ფორმატზე გადასვლის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეხებოდა ეკონომიკის, განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში და ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რის მიხედვით ევროკავშირი საქართველოსთვის 231 მილიონ ევრომდე ფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ვიზიტი წარმატებულ იყო. თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიცია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პრემიერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და შემდეგ უკვე საგარეო საქმეთა მინისტრს ევროდეპუტატებმა კითხვები წინასაარჩევნო გარემოზე დაუსვეს და ეს კითხვები ძალიან კრიტიკული იყო. ჟან-კლოდ იუნკერმა „რუსთავი 2"-ს უთხრა, რომ საარჩევნო გარემოზე მამუკა ბახტაძესთან საუბარი ჰქონდა და ეს იყო მეგობრული საუბარი. მას ეჭვი არ ეპარება, რომ „ყველა დემოკრატიული სტანდარტი დაცული იქნება", - განაგრძობს გამოცემა.

"თავად მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ნეგატივს „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს და ეს არ არის ჯანსაღი, რადგან საქართველოში ტარდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. მისივე თქმით, როდესაც საუბარია დარღვევებზე, საჭიროა კონკრეტული ფაქტები. იუნკერისაგან განსხვავებით დემოკრატიული არჩევნების მოლოდინზე მეგობრული საუბარი სულაც არ ყოფილა ევროდეპუტატების მხრიდან, სადაც ახსენეს - ოლიგარქი, ხმების მოსყიდვა, გაყალბება, ყალბი პირადობების დაბეჭდვა და ა.შ. საგარეო საქმეთა კომიტეტზე, სადაც დავით ზალკალიანი ქვეყნის შიგნით ოკუპაციის პრობლემებზე საუბრობდა, მას მწვავე კითხვები არჩევნებზეც დაუსვეს. ევროპარლამენტში საქართველოს მთავრობამ დიდი კრიტიკა სესხების განულების ინიციატივამ გამოიწვია. როგორც ევროპარლამენტის დეპუტატმა ლატვიიდან სანდრა კალნიეტემ აღნიშნა, საქართველოს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება მოსახლეობის მძევლად აყვანას ემსახურება. „დღეს მე სიბრაზეს ვგრძნობ თქვენი პრემიერის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადებით გამო... ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობა მძევლად აჰყავს,"- განაცხადა ევროდეპუტატმა“, - დასძენს გამოცემა.

"მისი თქმით, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი საკუთარი ფონდის მეშვეობით მზადაა 600 000 ადამიანს ბანკის ვალი ჩამოაწეროს, ეს არის დაფარული გზა, რომ მოსახლეობის ნახევარი იქცეს იმ ფონდის მძევლად, რომლსაც მართავს უმდიდრესი და პოლიტიკური გავლენების მქონე ადამიანი. სხვა დეპუტატებმაც დასვეს შეკითხვა, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული მაინცდამაინც მეორე ტურის წინ. ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ განაცხადა, რომ „ამგვარი გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ბევრ მიღწევასა და მთავრობისადმი ნდობას". ასევე გაკეთდა განცხადებები, რომ შემაშფოთებელია არასამთავრობოების ინფორმაცია იმაზე, რომ ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება და თუ ეს დადასტურდება, ეს ასოცირების ხელშეკრულების დარღვევად შეფასდება. ასევე ითქვა, რომ უარყოფითია არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა და ეს ოპოზიციის მომხრეების არჩევნების პროცესიდან ჩამოშორების მცდელობად შეფასდა. ევროპარლამენტის დეპუტატი პოლონეთიდან იაცეკ სარიუშ-ვოლსკი კი „რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს, რომ თუ დადასტურდება ივანიშვილის ბანკის მიერ ამომრჩევლების მოსყიდვა და ყალბი პირადობების დამზადება, რაც ევროკავშირი და ევროპარლამენტი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს და ასეთ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასაც არ არის გამორიცხული“, - წერს გამოცემა.

„ევროპელების კრიტიკის პასუხად დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმის მოსმენით, როცა გაყალბებაზე საუბრობენ. მისი თქმით, ევროპა დღეს ოპოზიციის ენით საუბრობს. „ცოტა გაკვირვებული ვარ იმის მოსმენით, რომ გაყალბებებზე საუბრობთ, როგორ შეიძლება ამაზე საუბარი, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება მეორე ტური. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო დამკვირვებლების დადებითი შეფასება, რომ პირველი ტური დემოკრატიულად ჩატარდა," - თქვა მინისტრმა. მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის დავალიანების ჩამოწერის ინიციატივა პრემიერმა დააყენა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, მაისში და არა ახლა და ამიტომ ეს არჩევნების კონტექსტში არ უნდა განიხილებოდეს. „მიზანი მოსახლეების ტანჯვის აღმოფხვრაა. ამ პრობლემაზე მთავრობამ დიდი ხნის წინ დაიწყო საუბარი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ბიუჯეტის ფული. მას გასცემს საქველმოქმედო ფონდი და გაყალბებებთან არანაირი კავშირი არ აქვს და არანირი კავშირი არ აქვს არც მეორე საქმეს, ინფორმაციას პირადობის მოწმობების შესახებ," - განაცხადა ზალკანიანმა ბრიუსელში. ჟურნალისტებთან საუბრისას კი ზალკალიანმა თქვა, რომ ევროპარლამენტში არანაირი ყვითელი ბარათი არ უჩვენებიათ. მისი თქმით, ევროპარლამენტარებისთვის სხვადასხვა წყაროთი, ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის მიერ, მიწოდებული ინფორმაცია ხშირად არასწორი, ან არასრულყოფილია. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ის, რომ ევროპარლამენტის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღის უქმედ გამოცხადების შესახებ. „მქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი, გავეცი ყველა კითხვაზე პასუხი, რაც იყო წარმოდგენილი და ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია იყო აქტიურად მიტანილი,"- აღნიშნა ზალკალიანმა“, - წერს სტატიის ავტორი.

ბინების გამქირავებლებს გადასახადი მოეხსნებათ

„2019 წლის ბიუჯეტმა, შესაძლოა, 30 მლნ დაკარგოს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი "ევროპული საქართველოს" დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივას გაიზიარებს. კანონპროექტის მიხედვით, გადასახადი უნდა მოეხსნათ ბინის გამქირავებლებს, რომელთაც შემოსავალი წლის განმავლობაში 30 000-ზე ნაკლებია. სხვათა შორის, ამ აზრს უმრავლესობაც იზიარებს. ბინის გაქირავებისათვის 5%-იანი გადასახადის მოხსნას დარგობრივ კომიტეტში ხელისუფლების წარმომადგენლებიც მხარს დაუჭერენ. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დააყენა და საკომიტეტო მოსმენაც დაგეგმილია“, - წერს გაზეთ "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ბინების გამქირავებლებს გადასახადი მოეხსნებათ

"კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს, რომლებიც საკუთარ უძრავ ქონებას აქირავებენ და წლის განმავლობაში 30 000 ლარზე ნაკლებ შემოსავალს იღებენ, აღარ მოუწევთ 5%-იანი გადასახადის გადახდა. როგორ გეგმავენ არაფორმალურ სექტორში შემოსავლის განსაზღვრას კანონმდებლები, ჯერ უცნობია. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ ამ ინიციატივის მხარდაჭერა მისი პირადი პოზიციაა, კომიტეტის უმრავლესობის მოსაზრება კი საკომიტეტო მოსმენისას გამოიკვეთება. შემუშავებული კანონპროექტის ჩამოწერა მოხდება შემდეგი პრინციპით. ბინის გამქირავებლები მოხვდებიან დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმში, რის შედეგადაც მათ 5%-იანი გადასახადი მოეხსნებათ. დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმში მოსახვედრად კანონში შევა ცვლილება და ბინის გამქირავებლებს მიენიჭებათ მიკრობიზნესის სტატუსი. უძრავი ქონების სფეროში მომუშავეთათვის გაუგებარია, როგორ აღრიცხავს 30 000 ლარის გადასახადს სახელმწიფო და რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს პირს, დაარეგისტრიროს ბიზნესი მაშინ, როცა დღევანდელი მდგომარეობითაც ამ გადასახადისათვის თავის არიდებას ბევრი გამქირავებელი ახერხებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ნინო მოსულიშვილი დედაქალაქში 3 ბინას ფლობს, რომლებსაც მუდმივად აქირავებს. მას ბიზნესი რეგისტრირებული აქვს და 5%-იან გადასახადსაც იხდის. სამომავლოდ ბინათმფლობელისთვის ნებისმიერი შეღავათი მისასალმებელი იქნება, თუმცა ვინ რამდენ მოგებას იღებს, ამის დადგენა მთავრობას გაუჭირდება."3 ბინა მაქვს ცენტრიდან მოშორებით. სამივეს ვაქირავებ და გადასახადსაც ვიხდი მას შემდეგ, რაც 20%-იდან 5%-მდე შემცირდა. ამას ისიც დაემატა, რომ სესხის გამოტანისას ეს კარგ საბანკო ისტორიას მიქმნიდა. მოკლედ, დაინტერესება ჩემი მხრიდანაც დიდი იყო, რომ ბიზნესი ლეგალურად მექცია. რა თქმა უნდა, რაც ნაკლები ბიუროკრატია და ხარჯი იქნება მცირე ბიზნესისთვის, მივესალმები, მაგრამ როგორ უნდა განსაზღვრონ, ვინ იღებს 29 000-ს და ვინ 30 000-ს, ვერ ვხვდები. აღსრულება რთული იქნება ალბათ და ისევე დარჩება კანონი ფურცლებზე, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში. ხალხი თავის არიდების გზასაც იპოვის და შვილებზე, მეუღლეებზე გადააფორმებენ, რომ შემოსავალი არ დაეკისროთ. ჩემი აზრით, ამას გადასახადის დროებითი ამნისტია ან რამე მსგავსი მექანიზმი სჯობს. თუ შემოსავალს იღებ, სახელმწიფოსაც უნდა გადაუხადო, მთავარია, გადასახადი ადეკვატური იყოს. კარგი იქნებოდა, ამ კუთხით მეტი ემუშავათ", - განაგრძობს გამოცემა.

"ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი ბინების გაქირავებისათვის გადასახადის მოხსნას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ამასთან ერთად აუცილებელია, ყველა დარეგისტრირდეს და მათთვის კონკრეტული სტანდარტი შეიქმნას. "ქვეყანაში 8 მლნ-მდე ტურისტია შემოსული, მათი განვითარების ადგილები კი ძალიან მცირეა. მთელ მსოფლიოში მოგზაურებისათვის ყველაზე ხელსაყრელი 2-3-ვარსკვლავიანი სასტუმროებია. ჩვენთან ასეთი ძალიან მცირეა და რატომღაც ბიზნესი კვლავ ბიზნესკლასის სასტუმროების მშნებლობაზეა ორიენტირებული, რომლებიც ისედაც მრავლადაა და, იშვიათი შემთხვევების გარდა, სანახევროდაც არ არის დატვირთული. სწორედ ამიტომ ყველაზე პოპულარული საშუალება ბინებია, რომელთაც ინტერნეტით ქირაობენ ქვეყანაში სტუმრობის მსურველები. აშკარად პოზიტიკური ნაბიჯია, რომ გადასახადისაგან გათავისუფლდეს ეს სექტორი, თუმცა აუცილებელია მათი რეგისტრაცია და ელემენტარული მოთხოვნები მათაც უნდა დაუწესდეთ. ძალიან ხშირად სტუმრებს საერთოდ სხვა ბინა და სხვა პირობები ხვდებათ და სხვა არის განთავსებული საიტებზე, რაც ამცირებს ვიზიტორების ქვეყანაში ხელმეორედ მობრუნების ალბათობას. ამიტომ მათ უნდა გუმარტივდეთ საგადასახადო ტვირთი", - ამბობს ალადაშვილი "რეზონანსთან". 2017 წელს ბინის გაქირვების 5%-იანი გადასახადით ბიუჯეტში 32 მილიონი ლარი შევიდა. შესაბამისად, ამ საგადასახადო შეღავათის ამოქმედების შემდეგ ბიუჯეტს 30 მილიონ ლარზე მეტი დააკლდება“, - წერს სტატიის ავტორი.

მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა

"ოპოზიციური პარტიების განცხადებები იმას არ ნიშნავს, რომ მათი ამომრჩეველი ან ერთ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ან მეორეს. დარწმუნებით ამის განსაზღვრა რთულია. ეს არ არის პროცესი, ეს არის ამა თუ იმ პიროვნების ინდივიდუალური გადაწყვეტილება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. ოპოზიციური პარტიების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ემხრობა, ნაწილი კი - "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, თუმცა არსებობს საკმაოდ ფართო ფენა, რომელიც არც ერთი მათგანის მხარდაჭერას არ აპირებს. ოპოზიციის ლიდერების პოზიცია ნათელია, ხოლო მათი ამომრჩეველი ვის დაუჭერს მხარს - გრიგოლ ვაშაძეს თუ სალომე ზურაბიშვილს, ამაზე პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა

"ევროპული საქართველოს" (10,97% პირველ ტურში) ამომრჩევლის ძირითადი ნაწილი ალბათ მაინც ვაშაძეს დაუჭერს მხარს, მაგრამ მეორე ნაწილი, შესაძლოა, სულ არ მივიდეს არჩევნებზე. პარტიის ლიდერი რას ლაპარაკობს, იმის მიხედვით განსაზღვრო, ზუსტად შეაფასო, პარტიის რიგითი მხარდამჭერი რას გააკეთებს, ცოტა რთულია", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. ცნობისათვის, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს. ამასთან, მისი თქმით, "შენების მოძრაობის" (2.26%) ამომრჩეველთა ძირითადი ნაწილი, სავარაუდოდ, არჩევნებზე არ წავა. "შენების მოძრაობის" ხმები ალბათ გაიყოფა, ძირითადი ნაწილი არ წავა არჩევნებზე, ან მაინც სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერს მხარს", - მიაჩნია ძაბირაძეს. "შენების მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განაცხადა, რომ მეორე ტურში არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, რადგან არც ერთი კანდიდატი მისთვის მისაღები არ არის“, - განაგრძობს გამოცემა.

"ძაბირაძე ფიქრობს, რომ მეორე ტურში არც "გირჩის" (2.26%) ამომრჩეველი იაქტიურებს. გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ თავიდან თქვა, რომ მეორე ტურში ვაშაძეს მისცემდა ხმას მიუხედავად იმისა, რომ ეს კანდიდატი მისთვის პრინციპულად მიუღებელია, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ხმის მიცემას არც ერთი კანდიდატისთვის არ აპირებს, თავის მომხმრეებს კი მოუწოდა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ. "პატრიოტთა ალიანსის" დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს სახელისუფლებო კანდიდატს", - მიაჩნია პოლიტოლოგს. კვლავ უცნობია, ვის შემოხაზვას მოუწოდებს მომხრეებს შალვა ნათელაშვილი, რომელიც პირველ ტურში 3.74%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა ზურაბიშვილის, ვაშაძისა და ბაქრაძის შემდეგ“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა