ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვს

ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვს

ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი, იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვს. გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

დაღუპული სამხედროს მამა, იმერეთის გუბერნატორს, როგორც ყოფილ სამხედროს სთხოვს, რომ შეხვდეს, რადგან მისი შვილის საეჭვო გარდაცვალების გარემოებები გააცნოს.

შვილმკვდარი მამა ამტკიცებს, რომ სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა იმის გამო გააყალბა, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადათ.

„გაურკვეველია ჩემი შვილის გარდაცვალების მიზეზები. მაინტერესებს, რით გარდაიცვალა ჩემი შვილი, თუმცა პასუხს არავინ არ გვაძლევს. მე ვიცი, რომ იმერეთის გუბერნატორი არის გენერალი, სწორედ მასთან მინდა შეხვედრა, რათა საქმის კურსში ჩავაყენო, თუ რამხელა ტრაგედია დატრიალდა ჩვენი ოჯახის თავს. ვიმედოვნებ, რომ გამონახავს დროს და შემხვდება“, - ამბობს გია ჩაჩუა.

საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე. მისი თქმით, საქმეში უამრავი დარღვევა იკვეთება, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს.

31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის სოფელ გომის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა.