ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2018

კახა კუკავა - "ნიღაბი ჩამოიხსნეს როგორც “ოცნებამ”, ისე “ნაციონალურმა მოძრაობამ”

ხაჯიმბა აფხაზური პასპორტებით უცხოეთში სიარულის ნებართვას ითხოვს

* * *

კახა კუკავა - "ნიღაბი ჩამოიხსნეს როგორც “ოცნებამ”, ისე “ნაციონალურმა მოძრაობამ”

პირველ ტურამდეც ასე იყო და ახლაც ასეა, რომ არც ერთ კანდიდატს არ ვუჭერთ მხარს და მოგვაჩნია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ძალაა - იმ კუთხით, რომ ისინი ხელს უშლიან ქართული სახელმწიფოს განვითარებას და ბუნებრივია, მას მხარს არ ვუჭერთ. ეს საარჩევნო კამპანია, რომელიც წელს იმართება, საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე სამარცხვინო და ამორალური”, - აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა კუკავა: “დღეს ორივე - ივანიშვილიც და სააკაშვილიც - საქართველოს პრობლემაა / “ნაცმოძრაობას" და “ოცნებას” რუსული ავტორიტარიზმის თვისებები აქვს”

“იმედი მაქვს სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება, მაგრამ ეს ორი ძალა არის მანკიერი და ორივე ამბობს, მე თუ წავაგებ შეიძლება ქვეყანაში დაპირისპირება იყოს. ეს ორივე არის ავტორიტარული და კორუმპირებული ძალა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე იბრალებს, რომ პროდასავლურია, სინამდვილეში რუსულია - არა თავისი საგარეო ვექტორით, არამედ შინაარსით - ორივე პარტიას რუსული ავტორიტარიზმის თვისებები აქვს, მიაჩნიათ, რომ მათ გარდა ამ ქვეყანაში ყველა მოღალატე და მტერია. სანამ ეს ორი დომინანტი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკაში, მუდმივად ამ საგიჟეთში ვიცხოვრებთ. დღეს ეს განცდაა, რომ საგიჟეთში ვცხოვრობთ. ამ არჩევნებმა ერთი ეს კარგი მოიტანა - მე ვფიქრობ, რომ ნიღაბი ჩამოიხსნეს როგორც “ოცნებამ”, ისე “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ადრე თუ ფიქრობდნენ რაღაც პოზიტივზე ელაპარაკათ, ახლა გამოაჩინეს, რომ დაახლოებით ისეა, აფრიკაში ტომების ომი რომ არის ხოლმე და გაჟლეტენ ათასობით ადამიანს - დაახლოებით იმ ისტერიკით მიმდინარეობს ეს საარჩევნო კამპანია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

“ორივე ამბობს, რომ აუცილებლად მოგებული აქვს არჩევნები, ორივე ამბობს, რომ ნებისმიერი სხვა შედეგი იქნება არჩევნების გაყალბება და გამოიყვანს ხალხს ქუჩაში და დაიწყებს დაპირისპირებას. ეს არის ძალიან დიდი რისკი. ამომრჩეველი რომ არ ჰყავდეთ და 3-3% უჭერდეს მხარს არანაირი პრობლემა არ იქნებოდა - 3%-იანი ფაშისტური ძალები გერმანიაშიც არსებობს, კომუნისტები საფრანგეთშიც არიან, მაგრამ ისინი ვერ ახდენენ დესტაბილიზაცია, რადგან იქ მრავალპარტიული სისტემაა, აქ კი ამ ორმა ძალამ მოახდინა მოახდინა ქართული საზოგადოების მძევლად აყვანა. რეალურად არც იმდენი მომხრე ჰყავთ, რამდენსაც იბრალებენ - “ნაციონალურ მოძრაობის” ელექტორატის ნახევარზე მეტმა ხმა მისცა არა სააკაშვილს ან ვაშაძეს, არამედ ხმა მისცა ივანიშვილის წინააღმდეგ...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დავიღალე ივანიშვილის “ანალიზების კეთებით” და აღარც აქვს მნიშვნელობა. საზოგადოებამ წინ რომ გადადგას ნაბიჯები, ჩვენ კი არ უნდა ვარჩიოთ მიშას და ბიძინას ამბები, მართალია თუ არა საიდუმლო ჩანაწერები, ვინ ნათლიას მისთხოვდა თუ მეჯვარეს - აქ არ არის მთავარი მათი დანაშაული. მთავარია, რომ ორივე მანკიერია, ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას და თავისი ცხოვრებით იცხოვრონ. დღეს ორივე - ბიძინაც და მიშაც საქართველოს პრობლემაა, დღეს რომ საქართველო ამ ვითარებაშია, არც კუკავას, არც ნათელაშვილის ან უსუფაშვილის ბრალია - ეს არის სააკაშვილის და ივანიშვილის ბრალი. მათი დემონიზაცია კი არ უნდა მოვახდინოთ - არამედ მათი ჩამოცილება - როგორც ძველ საბერძნეთში იყო პერსონალურად ამ ორ ადამიანს პოლიტიკაში მოღვაწეობა უნდა ავუკრძალოთ - რა თქმა არა იურიდიულად, დემოკრატიულ ქვეყანაში ასე არ ხდება - უნდა დაიმახსოვროს ქართველმა საზოგადოებამ, რომ ადამიანი, რომელსაც 2-ზე მეტი ვადით უნდა პრეზიდენტობა, პოლიტიკური ცხოვრებიდან უნდა გაირიყოს და მილიარდერი, რომელიც პოლიტიკაში შემოსვლას მოინდომებს, მასაც წითელი უნდა აუნთოს. უნდა შევეცადოთ საქართველო ნელ-ნელა დავამსგავსოთ ევროპულ ქვეყანას”, - დაასკვნის “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი და შეკითხვაზე - “სააკაშვილმა ახსენა, გახსოვთ, როგორც მოვატანინე ფული ჯოხთაბერიძესო...” - პასუხობს:

“კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც ივანიშვილის განხილვა არ არის სწორი, ისე სააკაშვილის, ვამტკიცოთ, რომ შავი შავია - სააკაშვილი, რასაკვირველია, რევანშისტია. გასაგებია, რომ ასეთები არსებობენ. 100 წელი რომ იცხოვრონ, მაინც ვერაფერს ისწავლიან. გასაღები მათში არ არის - გასაღები იმ მილიონამდე ამომრჩეველშია, რომელიც ან ნეგატივით აძლევს ხმას ან გაპასიურებულია. ამ ამომრჩევლის პოზიტიურ კონტექსტში ჩართვაა გამოსავალი. თუ ამომრჩეველი ისევ სახლში დარჩება, გარანტიას გაძლევთ, რომ საპალამენტო არჩევნებიც ზუსტად ასეთი იქნება”.

“რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს - რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ვთვლი, რომ ის არ უნდა ჩატარდეს ძალიან მალე - მის ჩატარებამდე უნდა მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რაც ამ არჩევნებზე იყო. აუცილებლად უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიაში გაშუქების წესი, კამპანიის დაფინანსების წესი. გასაგებია, იდეალური გარემო ვერ შეიქმნება, მაგრამ რაც მოხერხდება, ეს უნდა გაკეთდეს, რათა თვისობრივად ახალ რაღაც მივიღოთ”, - დასძენს კახა კუკავა.

ხაჯიმბა აფხაზური პასპორტებით უცხოეთში სიარულის ნებართვას ითხოვს

“აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი დიდი ხანია აყენებს აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილებისა და საერთაშორისო შეკრებებსა და ფორუმებში აფხაზეთის მონაწილეობის საკითხს. ერთადერთი ადგილი, სადაც აფხაზები საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდებიან, ჟენევის მრავალმხრივი მოლაპარაკებებია. იქაც აფხაზები და ოსები მხარედ არ ითვლებიან. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ევროკავშირიდან და ეუთოდან 22 ნოემბერს სოხუმში იმყოფებოდნენ. ჟენევის მოლაპარაკებების დასავლელი მონაწილეები დისკუსიების მორიგ, 46-ე რაუნდს შეეხნენ - ეს შეხვედრა 10-11 დეკებმერს გაიმართება. სტუმრებმა აღნიშნეს მოლაპარაკებებში ცვლილებებისა და სიახლეების შეტანის აუცილებლობა. მათი აზრით მოსაძებნია გზები ჟენევის მოლაპარაკებების უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ხაჯიმბა: “აფხაზური პასპორტებით უცხოეთში სიარულის ნებართვა გვჭირდება” / ჟენევის მოლაპარაკებების დასავლელი მონაწილეები მის რეფორმირებაზე ალაპარაკდნენ.

“მანამდე აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ თავის პრეტენზიები ადრინდელზე ხისტად წამოაყენა - “საერთაშორისო სამართლის ნორმები მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნისთვის არ არის დადგენილი. ჩვენც გვაქვს ცხოვრების, განვითარებისა და გარე სამყაროსთან ურთიერთობის უფლება, მაგრამ ცოტას ესმის, რომ აფხაზეთი სახელმწიფოა, რომელსაც სჭირდება ურთიერთობა მსოფლიო თანამეგობრობასთან” - განუცხადა საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. მისი თქმით, აფხაზეთის მოქალაქეებს აფხაზური პასპორტებით უნდა მიეცეთ უცხოეთში მიმოსვლის უფლება, აფხაზეთს კი უნდა ჰქონდეს საშუალება, გაახმიანოს საკუთარი პოზიციები საერთაშორისო ორგანიზაციებში და საერთაშორისო მოედნებზე,” - აღნიშნავს გამოცემა.

“დეფაქტო საგარეო საქმეთა ნინისტრმა დაურ კოვემ დისკუსიებს მონაწილეებს თბილისის მოქმედებების გამო შესჩივლა. მისი შეფასებით შეშფოთებას იწვევს ქართული მხარის ნაბიჯები ნატოში შესვლის მისწრაფების თვალსაზრისით. კოვეს თქმით, რეგიონში უსაფრთხოებას არღვევს საქართველოს-აშშ-ის შეთანხმება ვაზიანში ნატოს ეგიდით ახალი აეროდრომის მშენებლობის შესახებ... ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების სოხუმში ვიზიტამდე ხაჯიმბა სოჭში პუტინს შეხვდა. წააქეზა თუ არა ის პუტინმა ნატოს წინააღმდეგ დახურულ კარს მიღმა, უცნობია. არც ისაა ცნობილი, დაუჭერს თუ არა ხაჯიმბას კრემლი მხარს “საპრეზიდენტო” არჩევნების დროს მომავალ წელს”, - განაგრძობს გამოცემა.

“აფხაზეთში შექმნილი მძიმე ვითარება ნაწილობრივ კრემლის მეთაურმაც აღიარა - “ახალი საწამოები, მართალია, მუშაობს, მაგრამ ეს არასაკმარისია. აუცილებელია დამატებითი ძალისხმევა ეკონომიკის დაძვრისთვის” - განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა. რუსეთის გარდა აფხაზეთში, როგორც ჩანს, საერთაშორისო ორგანიზაციებიც გააქტიურდებიან - ამაზე მეტყველებს გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმოამდგენლების განცხადებები, ასევე დასავლელი ექსპერტების მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთს მეტად უნდა დაეხმაროს ჯანდაცვისა და განათლების საკითხებში და ეს უნდა მოხდეს არაღიარების პოლიტიკის შესაბამისად”, - დასძენს გამოცემა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ