რუსთავში გამწვანების აქცია ,,მეტი სიმწვანე რუსთავს“ გაიმართა

რუსთავში ფართომასშტაბიანი გამწვანების აქცია - ,,მეტი სიმწვანე რუსთავს“ გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, თბილისი-რუსთავის ავომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს სხვადასხვა ჯიშის ხის 700 ნერგი დაირგა.
მათივე ინფორმაციით, ქალაქის შესასველის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება-განაშენიანების პროექტის -,,მეტი სიმწვანე რუსთავს“, ინიციატორი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძეა.
აქციაში მონაწილეობა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, პარლამენტარმა გიორგი ბეგაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და სხვადასხვა პროფესიის მოხალისეებმა მიიღეს.
„პროექტის პირველი ეტაპით, ყველას მიეცა შესაძლებლობა გამხდარიყო პროექტის ერთ-ერთი მონაწილე და ქალაქისთვის, ხე დაერგო. დღეს ერთად დავრგეთ 700-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი, იმისათვის, რომ ქალაქის შემოსასვლელი რეკრეაციულ სივრცედ ვაქციოთ. ხეების დარგვის აქციით, ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ინიციატივას - ფინეთის პროგრამა ENOს, რომლის ფარგლებშიც დედამიწაზე სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია 100 მილიონი ხის დარგვა. ხეების დარგვისა და მოვლის ღონისძიებები ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და ENO პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო დანიშნულებისაა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ნერგების დარგვა და მათი მოვლა-პატრონობა 21-ე საუკუნის კლიმატურ პირობებიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
„დღეს ადამიანები ოჯახებთან ერთად მოვიდნენ, რგავენ ხეებს, რომლებსაც მოუვლიან ჩვენთან ერთად. ჩვენი ქალაქი, ერთი დიდი ოჯახია და ეს აქცია არის ერთ-ერთი დიდი სიკეთე და კარგი გამოწვევა თითვეული ჩვენთაგანისათვის. მადლობა ყველას, რადგან ამ აქციას, ძალიან დიდი და კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა აქციის ინიციატორსა და ორგანიზატორს მადლობა გადაუხადა.
„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო აქციის ინიციატორს - რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბეგაძესა და ორგანიზატორს - რუსთავის მერიას. ეს არის ძალიან მასშტაბური გამწვანების აქცია, ბევრი ადამიანი, ბევრი ენთუზიასტი ხალისიანად მოვიდა მასში მონაწილეობის მისაღებად, ისინი ყველაზე კარგ საქმეს აკეთებენ, ამწვანებენ გარემოს. ამ დიდებულ საქმეში როგორც ხედავთ, ყველა თაობაა ჩართული“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

























