დასავლეთ საქართველოში მოღვაწე მეწარმე ქალებთან შეხვედრა იმართება

მეორე დღეა ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში “ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში “ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელსაც დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ქალი მეწარმეები ესწრებიან. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ პროექტს, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ფერმერთა ასოციაციიდან“ აცნობეს, პროექტის ფარგლებში 50 მეწარმე ქალი შეირჩა. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ქალ მეწარმეთა მთავარ გამოწვევად განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. შესაბამისად, შერჩეული მონაწილეები ბიზნესის გასავითარებლად ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს გაივლიან. ბათუმის სამუშაო შეხვედრაზე ბენეფიციარებმა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის მართვის ტრენინგი გაიარეს, რომელსაც სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო „პერიტუს გრუპის“ დამფუძნებელი და პიარ კონსულტანტი ელდარ პირმისაშვილი უძღვებოდა.
ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ტრეინინგების გავლის შემდეგ, მეწარმე ქალებს მიღებული ცოდნა საშუალებას მისცემს თავისი ბიზნესის შემდგომი გეგმები სწორად დასახონ. ასევე, წარმოადგინონ საინვესტიციო წინადადებები და მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა პროექტის ფარგლებში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია დამწყებ ქალ მეწარმეებთან ერთად, დიდ შემდგარ კომპანიებთან იმუშავებს, რომლებიც ბენეფიციარებს ხელს შეუწყობენ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავისი გაყიდვები.
პროექტი ორწლიანია. წლის ბოლოსთვის კი, ბორდი 25 მონაწილეს ბიზნესის გაფართოების მიზნით დაფინანსებას გამოუყოფს.

























