გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის შტაბის წევრი „ქართულ ოცნებას" ზეწოლაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის შტაბის წევრი „ქართულ ოცნებას" ზეწოლაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის შტაბის წევრი გიგა შუშანია „ქართულ ოცნებას" ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები კომისიის წევრებს ურეკავენ და კანონის დარღვევით აგიტაციაში მონაწილეობას აიძულებენ. მისი თქმით, არჩევნებში აქტიურად არიან ჩართული ძალოვანი უწყებები.

„საარჩევნო პერიოდში დარღვევის და დაშინების არაერთი მაგალითი გამოვლინდა, ხდებოდა ზეწოლა და მოსყიდვა. რამოდენიმე დღის წინ იმერეთში შსს-ს თათბირი ჩატარდა და პოლიციელებს დაავალეს აქტიურად ჩაერთონ არჩევნებში, დავალებაა მოახდინონ პროვოკაციები უბნებზე, ასევე ხდება ადმინისტრაციული რესურსის იძულებით ჩართვა არჩევნებში. კომისიის წევრებს აიძულებენ აგიტაციაში მიიღონ მონაწილეობა. ახლაც გუბერნატორის პირველი მოადგილე და მაღალჩიონსნები სუს-ში არიან და მაქსიმალურად ცდილობენ, ყველანაირი ხერხით გაიყვანონ სალომე ზურაბიშვილი. ისინი შეეკრენ კრიმინალებს, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, დავიცავთ ჩვენს ხმებს", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ოთარ ლორთქიფანიძემ უპასუხა. მან გიგა შუშანიას მიერ გაჟღერებულ ფაქტებს აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

„პირველმა ტურმა ნათლად დაადასტურა, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. მეორე ტურშიც ასე მოხდება. ილუზიაა, თითქოს ხდება გაყალბება, თუ აქვთ რეალური ფაქტები, მიმართონ სამართალდამცავ უწყებას, რომელიც არის აპოლიტიკური, მაგრამ „ნაციონალურ ოცნებას" არ აქვს რეალური ფაქტები და სატელეფონო საუბარი ვერ გახდება მტკიცებულება, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის ჩაწერა. არც ზეწოლის და დაშინების ფაქტები მომხდარა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ჩვენ მოვიგებთ დამაჯერებლად"-განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.