ალექსანდრე კუხიანიძე - ოპონენტებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის  შეხედულებებს, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი კალაპოტიდან არ ამოვარდება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, ალექსანდრე კუხიანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია პრაქტიკულად დასრულებულია. საარჩევნო კამპანიის შეფასებაზე საუბრისას ყველა თანხმდება, რომ იგი საკმაოდ ბინძური და ძვირადღირებული იყო.

კარგია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე ტური იმართება, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით საარჩევნო კამპანიას და იმ პოლარიზებულ ვნებათაღელვას, რომელიც ამ კამპანიას ახლდა?

- ძალიან მოკლედ ამ თემაზე საუბარი რთულია, მაგრამ ალბათ ახლა სიტუაციის შეფასება უფრო სწორი იქნებოდა. ჩემი აზრით, ის რაც ხდება, კარგია ხალხისათვის. კარგია იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნებში მონაწილე არც ერთი მხარე არაა დარწმუნებული, რომ არჩევნებს გარანტირებულად მოიგებს. შესაბამისად, ორივე მხარე ცდილობს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის მეტს გააკეთებს, ვიდრე მისი კონკურენტი.

არჩევნებში მონაწილე არც ერთი მხარე არაა დარწმუნებული, რომ არჩევნებს გარანტირებულად მოიგებს. შესაბამისად, ორივე მხარე ცდილობს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის მეტს გააკეთებს, ვიდრე მისი კონკურენტი

ორივე პარტიის, „ნაცმოძრაობისა“ და „ოცნების“ უბედურება ის გახლავთ, რომ მათ თავის დროზე პარლამენტში მიიღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თავიდან ამ პროცესს ახლდა ეიფორია, ზეიმი, მაგრამ საბოლოოდ ჯამში ეს ყველაფერი ცუდად მთავრდება. გამარჯვება ორივეს თავში აუვარდა და ნაკლებად გრძნობდა ოპოზიციასთან დიალოგის აუცილებლობას.

ეს დაემართა თავის დროზე „ერთიან ნაცმოძრაობას“. ოპოზიცია მაშინ გავიდა ქუჩაში და იქედან დაიწყო ბრძოლა. პოლიტიკურმა ბრძოლამ პარლამენტის კედლებიდან ქუჩაში გადაინაცვლა. ამან გამოიწვია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და კიდევ სხვა პროცესები.

მსგავსი რამ დაემართა „ქართულ ოცნებას“. ეს ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც მან ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბევრჯერ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როცა მოახდინა არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის, არამედ ხშირად ხალხის ინტერესების აბსოლუტური იგნორირება.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიას ბევრი ბინძურადაც კი აფასებს, ეს ყველაფერი არ სცდება პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებს

სწორედ ამიტომაა ორივე პარტია აღმოჩენილი რთულ მდგომარეობაში. ახლა „ოცნებაც“ და „ნაცმოძრაობაც“ ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ჯერ კიდევ შესწევთ უნარი ბევრი რამ გააკეთონ ხალხის საკეთილდღეოდ.

ვფიქრობ, რომ ეს ქართული დემოკრატიისთვის კარგია. კარგია ასევე ის, რომ მიუხედავად იმისა საარჩევნო კამპანიას ბევრი ბინძურადაც კი აფასებს, ეს ყველაფერი არ სცდება პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებს. გასაგებია, რომ ზოგიერთი ინციდენტი, მაგალითად, რაც ახალქალაქში და სხვაგანაც მოხდა, კარგი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ამას არ გამოუწვევია პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადანაცვლება.

- თქვენ შეეცადეთ აგეხსნათ თუ რამ მიიყვანა პოლიტიკური პროცესი იმ მდგომარეობამდე, რაშიც ახლა ვიმყოფებით. მაგრამ თუ მაინც საარჩევნო კამპანიების შეფასების თემას დავუბრუნდებით, რას იტყოდით?

- პრინციპში, მე მაინც მგონია, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ისეთი განსაკუთრებული და განსხვავებული არ მომხდარა.

საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ისეთი განსაკუთრებული და განსხვავებული არ მომხდარა, რაც ქვეყნისთვის საშიში და სახიფათო იქნებოდა

ბევრ სხვა ქვეყნებში ხდება მსგავსი რამ - კლიპებიც, ბრალდებებიც, კომპრომატების ბრძოლაც, ამიტომ მე აქ რამე განსაკუთრებულს, რომელიც ქვეყნისთვის საშიში და სახიფათო იქნებოდა, ვერ ვხედავ.

- საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის არჩევნებმა დატოვა განცდა, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა ჩამოყალიბდა. ამგვარ განცდას აღრმავებდა არჩევნების შედეგებით ხელისუფლების ჯერ დაბნეულობა, შემდეგ შეშფოთება, შემდეგ კი მისთვის არადამახასიათებელი ძალთა ტოტალური მობილიზაცია და გააქტიურება. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა ნიშნებით ხასიათდება ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ქვეყანაში არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მივიღეთ?

- ვერ ვიტყოდი, რომ ამის კარგი, მაგრამ ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ მოხდა საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი პოლარიზაცია - ვგულისხმობ არა მხოლოდ დაპირისპირებულ და კონკურენტულ ძალებს შორის ურთიერთობას, რაც, სხვათა შორის, მტრობაშია გადაზრდილი. ეს შეეხო მოსახლეობის ნაწილსაც კი. მე არ ვიცი რამდენად დიდია ეს ნაწილი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ეს ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილია.

საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში პოლიტიკური ბრძოლა არის საკმაოდ ანტაგონისტური, დაპირისპირება საკმაოდ ღრმა, რაც ქვეყნისთვის კარგი ნამდვილად არაა. ასეა იმის გამო, რომ თუ ეს პროცესი ქუჩაში გადავა, საკმაოდ არასახარბიელო ვითარებას მივიღებთ, რასაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს

პრინციპში აქ ახალი არაფერი არ არის, თუ გავიხსენებთ ზვიად გამსახურდიას მმართველობას 1991 წელს. მაშინ ქვეყანა გაიყო ე.წ. ზვიადისტებად და ე.წ. დემოკრატებად. მაშინ სიტუაცია გაცილებით უარესი იყო, ვინაიდან იგი გადაიზარდა სამოქალაქო ომში. გვახსოვს რა ვითარება იყო რუსთაველის პროსპექტზე, თუ სწორად მახსოვს, 106 თუ 107 ახალგაზრდა დაიღუპა. ამას შემდეგ სახელმწიფოში რამდენიმეწლიანი ქაოსი და სეპარატისტების გააქტიურება მოჰყვა.

ახლა ე.წ. ზვიადისტები და მათი ოპოზიციაც ისტორიის კუთვნილება არიან. ისინი საზოგადოების უდიდეს ნაწილს ალბათ არც ახსოვს. ახლა ყველას ახსოვს „ოცნება“ და ნაცმოძრაობა“.

ჩვენ ახლა ვუშვებთ იმავე შეცდომებს. არსებობს პირადი ცხოვრება და არსებობს პოლიტიკური შეხედულებები. ოპონენტებმა, რა განსხვავებაც არ უნდა იყოს მათ შეხედულებებში, პატივი უნდა სცენ ერთმანეთის პოლიტიკურ შეხედულებებს. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი თავისი განვითარების ბუნებრივი კალაპოტიდან არ ამოვარდება.

სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ალბათ იმიტომ, რომ საქართველო მდებარეობს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში. აქ საქმე არ არის მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პრობლემაში. ფაქტია, რომ აქ პრობლემაა საქართველოს ორიენტაციის საკითხი.

ორივე მხარე ერთმანეთს პრორუსულობას აბრალებს. როგორც ჩანს, ეს ორივე მხრიდან პროპაგანდისტული კლიშე და ილეთია და მეტი არაფერი

ერთი მხარე უფრო ლოიალურად უყურებს პროცესს, ხოლო მეორე უფრო ხისტად და უფრო აქვს დასავლური ორიენტაცია. თუმცა ორივე მხარე აცხადებს, რომ ევროპული და ატლანტიკური ორიენტაციის მომხრეა. ორივე მხარე ერთმანეთს პრორუსულობას აბრალებს. როგორც ჩანს, ეს ორივე მხრიდან პროპაგანდისტული კლიშე და ილეთია და მეტი არაფერი.

ყოველ შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში პოლიტიკური ბრძოლა არის საკმაოდ ანტაგონისტური, დაპირისპირება საკმაოდ ღრმა, რაც ქვეყნისთვის კარგი ნამდვილად არაა. ასეა იმის გამო, რომ თუ ეს პროცესი ქუჩაში გადავა, საკმაოდ არასახარბიელო ვითარებას მივიღებთ, რასაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს.

- არჩევნების შედეგების პროგნოზირება ჭირს, მაგრამ მე კითხვას მაინც ასე დავსვამდი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სავარაუდოდ, რას გვაჩვენებს ან დაგვანახებს არჩევნების შედეგები?

- ჩემი აზრით, თუ არჩევნების შედეგების მასიურ ფალსიფიკაციას არ ექნება ადგილი, არ გამოვრიცხავ, რომ ვაშაძეს ექნება უპირატესობა. არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილს 1 თუ 2%-იანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ სხვა კანდიდატებსაც ჰქონდათ პროცენტები და სავარაუდოდ, ეს ხმები ალბათ უფრო ვაშაძის სასარგებლოდ წავა, რადგან „ერთიანი ნაცმოძრაობა“ მარტო აღარაა, მას სხვა პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

თუ არჩევნების შედეგების მასიურ ფალსიფიკაციას არ ექნება ადგილი, არ გამოვრიცხავ, რომ ვაშაძეს ექნება უპირატესობა

ფაქტობრივად მოხდა ის, რაც 2012 წლის არჩევნების წინ „ნაცმოძრაობას“ მოუვიდა, როცა პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური ოპოზიცია მათ წინააღმდეგ გაერთიანდა. დღეს, "ქართული ოცნება“ თითქმის მარტოა დარჩენილი. ზოგიერთმა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელმა თავი კი შეიკავა, მაგრამ ბევრმა დაუჭირა მხარი „ნაცმოძრაობას“.

თუ „ოცნებამ“ მეორე ტურში მასიურად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი, რასაც ჩვენ პრინციპში ახლა ვადევნებთ თვალს, არჩევნების შემდეგ საუბარი იქნება არჩევნების ფალსიფიკაციაზე, ასეთ შემთხვევაში „ოცნება“ შეძლებს გამარჯვებას.

- ბრძანებთ, რომ გარკვეული უპირატესობა აქვს „ძალა ერთობაშიას“, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ტურამდე ხელისუფლებამ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა. დედაქალაქში მოეწყო აქციები - „არა მიშას!“, „არა ნაცებს!“ და „არა წარსულში დაბრუნებას!“. თუ ამას დავუმატებთ ხელისუფლების დაპირებას, რომ საბანკო ვალები განულდება, ოპოზიციისთვის საკმაოდ არასახარბიელო სურათი იკვეთება. თქვენი აზრით, ამან არ იმუშავა?

- ჩემი აზრით, მეორე ტურამდე ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ნაკლებად იმუშავა. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ „ოცნება“ 6 წელია ხელისუფლებაშია და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია. მთავრობა და ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკა ვითარდება, ხალხი კი ხედავს, რომ ისინი სულ უფრო ცუდად ცხოვრობენ.

შეიძლება ხალხის ნაწილმა დაიჯეროს, შესაძლოა ბევრმა არ დაიჯეროს „ოცნების“ დაპირებები, მაგრამ არა მგონია ამ დაჯერებას მასობრივი ხასიათი ჰქონდეს

ლარი გაუფასურებულია, ხელფასები განახევრებულია. ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე ხალხი აკეთებს ერთ მარტივ და ლოგიკურ დასკვნას - თუ ეკონომიკა ვითარდება, ჩვენ, ხალხი რატომ ვცხოვრობთ უარესად. ფული მიდის ან მდიდრების ან იმათ ჯიბეებში, ვინც ხელისუფლებაშია.

ხალხი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ „ოცნების“ დაპირება სამართლიანობის აღდგენაზე ტყუილი აღმოჩნდა. შესაბამისად, „ოცნების“ ახლანდელი დაპირებები, მათ შორის საბანკო ვალების გასტუმრებაზე, ნაკლებად მუშაობს. ხალხს აღარ უნდა მოტყუვდეს. შეიძლება ხალხის ნაწილმა დაიჯეროს, შესაძლოა ბევრმა არ დაიჯეროს „ოცნების“ დაპირებები, მაგრამ არა მგონია, ამ დაჯერებას მასობრივი ხასიათი ჰქონდეს.

რაც შეეხება „ნაცებს“, მეშვიდე წელია „ოცნება“ მათ აკრიტიკებს. თავიდან ეს მუშაობდა, რადგან მოხდა მათი დემონიზაცია. ნაწილობრივ ეს გამართლებულიც იყო, მაგრამ როცა ხალხი ხედავს, რომ მისი ცხოვრება არ გაუმჯობესებულა, ამ ფონზე ის ცდილობს ალტერნატივაზე იფიქროს.

არ გამკვირვებია, როცა ხალხმა პირველ ტურში იმ ძალის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, რომლის მმართველობისას მას მეტი ფული ჰქონდა

მერე ახსენდება, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას საქართველოს ბიუჯეტი 12-ჯერ გაიზარდა, ხელფასები გაეზარდა პოლიციას, ჯარს, უნივერსიტეტებს. ყველა სოციოლოგიურ კვლევაში მთავარ პრობლემად სიღარიბე და უმუშევრობა სახელდება. ამ მიმართულებითაც, „ნაცების“ ხელისუფლების შედეგები უფრო შესამჩნევი იყო. ამიტომ, მე არ გამკვირვებია, როცა ხალხმა პირველ ტურში იმ ძალის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, რომლის მმართველობისას მას მეტი ფული ჰქონდა.

- ბრძანეთ - “ოცნება“ მარტოა დარჩენილიო, მაგრამ ამ დღეებში „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ თბილისში ჩატარებულმა აქციამ დაგვანახა, რომ მმართველი პარტია სულაც არაა მარტო. ამ აქციის მსვლელობისას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა - ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა.

ამ აქციაში უცნაური ის იყო, რომ მათ თავად დაასახელეს თავი მთავარ ოპოზიციურ ძალად და დაუჭირეს მხარი ზურაბიშვილს, რომელიც გვპირდება რომ პროევროპულ პოლიტიკას გაატარებს. არადა, ცნობილია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ უფრო მოსკოვთან ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას. რას შეიძლება ნიშნავდეს ზურაბიშვილისადმი „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერა?

- პატარა პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ „ოცნების“ კეთილი ნების შედეგად აღმოჩნდა პარლამენტში. მსგავსი ოპოზიცია პარლამენტში ჰყავდა „ნაცმოძრაობასაც“. არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალაა „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სხვა პარტიები.

პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სხვა პარტიები არიან და არა „პატრიოტთა ალიანსი“

„პატრიოტთა ალიანსი“ ნამდვილად არ გახლავთ მთავარი ოპოზიციური ძალა. არა მგონია მათი პოპულარობა იზრდებოდეს იმის გამო, რომ მათი დეპუტატები მოსკოვში დადიან და ხვდებიან სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული მთავრობების წარმომადგენლებს. არ მგონია ეს, უპირველეს ყოვლისა, კარგი იყოს მათთვის.

- არჩევნების სავარაუდო შედეგებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ოცნება“, როგორც მინიმუმ, 200 ათასი ხმით მეტს მიიღებს. შესაძლოა, ეს მას არც უნდა ეთქვა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებაშიც იციან - მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში განწყობები მართლაც პოლარიზებული და არაპროგნოზირებადია, არჩევნებში გამარჯვების შანსები ორივე მხარეს აქვს...

- მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. თუ ხელისუფლება ვარაუდობს, რომ „ნაციონალებზე“ 200 ათასით მეტ ხმას მიიღებს, აქ მთავარი კითხვა იქნება - რის ხარჯზე აპირებენ ისინი ამას? მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უარყოფს ფალსიფიცირებული პირადობის მოწმობების ბეჭდვას, გინდა არ გინდა ჩნდება ეჭვი, რომ სპიკერის ეს წამოცდენა, მთლად უსაფუძვლოც არ უნდა იყოს.

თუ ხელისუფლება ვარაუდობს, რომ „ნაციონალებზე“ 200 ათასით მეტ ხმას მიიღებს, აქ მთავარი კითხვა იქნება - რის ხარჯზე აპირებენ ისინი ამას?

ან იმას ხომ არ აქვს ადგილი, რომ „ოცნება“ ღარიბ ქვეყანაში ხმების ყიდვით იქნება დაკავებული არჩევნების დღეს? თუ ისინი ამ ხმების მობილიზებას დაშინებით აპირებენ? თავის დროზე ამას „ნაციონალებიც“ აკეთებდნენ. თუ ეს ჰქონდა მას მხედველობაში, როგორც ჩანს, „ოცნებამ“ სხვის მაგალითზეც ვერ ისწავლა ვერაფერი და ახლა ფაქტობრივად იმასვე აკეთებს.

რთულია იმის თქმა, შეძლებენ ისინი ამას თუ არა. ვალერი გელბახიანი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია. მან ტვ „კავკასიაში“ გამოსვლისას განაცხადა - „ხელისუფლებას გაუჭირდება ხმების ზურაბიშვილის სასარგებლოდ მობილიზება.“

- დამკვირვებელთა უმრავლესობა აცხადებს, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, „მთავარი ამბები არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყება“. თქვენც ასე ფიქრობთ?

- იმის პროგნოზირება თუ რა მოხდება, საკმაოდ რთულია. თუ არჩევნების შედეგების სერიოზული ფალსიფიცირება მოხდა, ეს გაამწვავებს პოლიტიკურ პროცესებს და არაა გამორიცხული პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს. თუმცა, მე არა მგონია დღეს ქვეყანაში იყოს ისეთივე რევოლუციური სიტუაცია, როგორც ეს 2003 წელს იყო.

2003 წელს ხალხს უფრო მეტად უჭირდა, იყო უხელფასობა, უშუქობა, დანგრეული გზები, კორუფცია, გართულებული კრიმინალური ვითარება, ხალხი იძულებული გახდა ქუჩაში გამოსულიყო. დღეს საქართველო მეტ-ნაკლებად ფეხზე დგას და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება გაუარესებულია, არა მგონია არჩევნების შემდეგ იმგვარი რევოლუციური სიტუაცია ჩამოყალიბდეს, რაც 2003 წელს იყო. ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოყვანა ორივე დაპირისპირებულ ძალას გაუჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება გაუარესებულია, არა მგონია არჩევნების შემდეგ იმგვარი რევოლუციური სიტუაცია ჩამოყალიბდეს, რაც 2003 წელს იყო. ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოყვანა ორივე დაპირისპირებულ ძალას გაუჭირდება

პრეზიდენტის უფლებამოსილება იმდენად შეზღუდულია, დაპირებები, რომელიც ჩვენ კანდიდატებისგან მოვისმინეთ, მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებებად დარჩება - მათ თავიანთი დაპირებების შესასრულებლად არანაირი რეალური ბერკეტები არ ექნებათ.

ამიტომ, არა მგონია ამ მხრივ პრინციპულად რაიმე შეიცვალოს. თუ ვაშაძემ გაიმარჯვა, იგი ამინისტიას გამოაცხადებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს თავის თანაპარტიელებს ვინც ციხეშია, ხელს შეუწყობს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ დაბრუნდეს საქართველოში. ეს კი ნამდვილად შეცვლიდა ვითარებას საქართველოში.

„ოცნების“ ლიდერებს კოშმარულ სიზმარშიც არ უნდათ ნახონ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება. სააკაშვილის დაბრუნება „ნაცმოძრაობას“ გააძლიერებდა, რაც მათ ინტერესებში სულაც არ შედის, ვინაიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არც ისე შორსაა.

- ეს არჩევნები „ოცნებამ“ პრინციპულ არჩევნებად გამოაცხადა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ არჩევნებში ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ 2020 წლამდე ხელისუფლებამ რადიკალურად შეცვალოს ვითარება ქვეყანაში.

ბევრი თვლის, რომ „ოცნებისთვისაც“ არ იქნებოდა ცუდი, თუ ამ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებას 2020 წლამდე სააკაშვილის ჩამოსვლის პერსპექტივა აფრთხობს...

სააკაშვილის დაბრუნება ხელისუფლების პოზიციების მკვეთრ შესუსტებას ნიშნავს... ეს არც „ოცნების“ ხელისუფლებას და არც რუსეთს არ აწყობს

- დიახ, ასეა. სააკაშვილის დაბრუნება ხელისუფლების პოზიციების მკვეთრ შესუსტებას ნიშნავს. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორი და რუსეთის პოზიცია ამ საკითხში.

ხელისუფლებას ბრალს სდებენ იმაში, რომ იგი არაპირდაპირ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რუსეთიდან იმართება. სამწუხაროდ, ამაზე ბევრნი საუბრობენ. ცხადია, რუსეთსაც არ აწყობს საქართველოში არც სააკაშვილის და არც „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება.

დღეს რუსეთი ძალიან საშიში ქვეყანაა, ვხედავთ რა ხდება აზოვის ზღვაში. რუსეთი დღეს ძალიან აგრესიული და საშიშია. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

მეორეცაა, „ნაცმოძრაობა“ კიდევაც რომ დაბრუნდეს რაღაც ფორმით ხელისუფლებაში ანუ თუ ვაშაძემ გაიმარჯვა, ის ვერ შეძლებს საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას.

თუ არჩევნების შედეგების მასიური გაყალბება არ იქნება, მაშინ არჩევნები დიდი ექსცესების გარეშე ჩაივლის, თუ იქნება - იმის პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება პროცესები, ძალიან რთულია

2012 წელს დამარცხების შემდეგ „ნაცმოძრაობას“ კარგად ესმის, რომ ხალხს მეტად უნდა გაეწიოს ანგარიში. თავადაც აღიარებენ ამას და მე არა მგონია, რომ „ნაცმოძრაობა“ იგივეს გააკეთებს, რაც გაკეთა 2003 წლის შემდეგ. ვგულისხმობ დარღვევებს, რაზეც ოპოზიცია ახლა ამახვილებს ყურადღებას.

- უნდა გვქონდეს იმედი, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის?

- იმის გამო, რომ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ალბათ ცალკეულ ექსცესებს ექნება ადგილი. თუ არჩევნების შედეგების მასიური გაყალბება არ იქნება, მაშინ არჩევნები დიდი ექსცესების გარეშე ჩაივლის, თუ იქნება, იმის პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება პროცესები, ძალიან რთულია.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს