სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე საუბრობენ

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მათი მხარდამჭერი ვალერი მუხიგულაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც ახალგაზრდებმა, რომლებიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში განუცხადეს.
„ვალერი მუხიგულაშვილი ,,ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი და დამსახურებული ადამიანია. ის სოფელ ნაზარლოში იყო ჩასული, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. წლების მანძილზე მეურნეობის დირექტორი იყო. ბატონი ვალერი სოფელში თავის მეგობრებს ხვდებოდა, შემდეგ მოსახლეობასთან ჰქონდა შეხვედრა. ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა ახალგაზრდებმა რომ გაიგეს ვინ იყო და რატომ ჩავიდა ნაზარლოში, ამ ასაკოვან ადამიანს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ძალიან საშინლად მოექცნენ. მე როგორც ვიცი, მათგან ერთ-ერთი ქამრან ბაბაევია, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი.
ვალერი მუხიგულაშვილი მხარდაჭერას უცხადებს სალომე ზურაბიშვილს და ,,ქართულ ოცნებას“. ეს რომ გაიგეს, მივიდნენ და გაუსწორდნენ. ეხლა გადაიყვანენ ექსპერტიზაზე. ჩვენება უკვე მისცა პოლიციაში“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა გარდაბანში ტარიელ ჯანხოთელმა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

























