ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა ერთი დღით ბაღდადის #2 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა და გააცნო, რა პროცედურებს გადის მგზავრი აეროპორტში, სანამ თვითმფრინავში ჩაჯდება.
როგორც „ინტერპრესნიუს“ ქუთაისის აეროპორტიდან აცნობეს, სკოლის მოსწავლეები აეროპორტის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. კერძოდ, როგორ მუშაობს აეროპორტში სარეგისტრაციო დახლი, როგორ მოქმედებს მგზავრთა შემოწმებისას უსაფრთხოების კუთხით საავიაციო უშიშროების განყოფილება და საიდან ხდება ბარგის მიღება-განაწილება თვითმფრინავში ატანამდე.
აღნიშნულ საკითხებზე მე-7 კლასელებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა გადაყვანის სამსახურის მენეჯერი ომარ ტყეშელაშვილი ესაუბრა.
„ბაღდათის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებარე სამგზავრო ტერმინალი დაათვალიერეს და ბაქანზე გავიდნენ. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მოსწავლეებთან ერთად ბაღდათის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მანანა კაპეტივაძე იმყოფებოდა. მოსწავლეებმა მისი დახმარებით სიმულაციური რეგისტრაცია ინგლისურ ენაზე გაიარეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























