„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილის მტკიცებით, ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის 27- ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს. როგორც ბეციაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი უბანზე არ დაშვების დავალება კომისიის თავმჯდომარეს გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა მისცა.
„27-ე საარჩევნო უბანზე ვარ „ნაციონალური მოძრაობიდან“ დამკვირვებელი. ჩემთვის, კანონის ფარგლებში ვინიშნავდი რეგისტრატორებისა და შესაბამისი ოქმის ნომრებს, ასევე მოქალაქებს, ვინც ღიად აფიქსირებდა თავის არჩევანს, მოვუწოდებდი ემოქმედათ ფარულად. სწორედ ჩემმა ამ საქციელმა გააღიზიანა მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა. მან მოუწოდა კომისიის თავმჯდომარეს, რომ მე გავეძევებინე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა ელმირა ბეციაშვილმა.
ვეჯინის 27- ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ ბეციაშვილი ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა, რის გამოც მას უბანი დაატოვებინეს.
შეგახსენებთ, ელმირა ბეციაშვილმა რამდენიმე დღის წინ ვეჯინში, საცხოვრებელ სახლში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვა, რაზეც ის პასუხისმგებლობას გურჯაანის მერსა და მის ძმას აკისრებდა.