ძლიერმა ქარმა იმერეთში 60 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და 25 ხე წააქცია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს პრობლემები შეუქმნა. მათივე ცნობით, იმერეთში ქარმა 60 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, 25 ხე წააქცია და 5 ავტომანქანა დააზიანა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის, რეგიონიდან შესულია 210 შეტყობინება.

მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობენ. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აქაც ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და დააზიანა ხეები.

























