ზესტაფონში სიმონ საყვარელიძის სახელობის ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

ზესტაფონში, ცნობილი მოფარიკავის, ფარიკაობის სკოლის დამფუძნებლისა და დამსახურებული მწვრთნელის - სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ფარიკაობის ტურნირი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით უკვე 6 წელია იმართება და მასში საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან 2002-2004 და 2005-2007 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობენ.
ტურნირი გახსნეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი- მერაბ ბაზაძე; იმერეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით მაღრაძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ელგუჯა კვეტენაძემ.
„მეექვსე წელია, რაც ეს ტურნირი ტარდება და ამ ხნის განმავლობაში უამრავმა ახალგაზრდამ მიიღო მასში მონაწილეობა, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე რეგიონის მასშტაბით. ამჯერად მონაწილეები გვყავს სასომხეთიდან. ტურნირი 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და გარდა იმისა, რომ წმინდა სპორტული მოვლენაა, კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ჩვენი ღირსეული თანამოქალაქის, დიდი სპორტსმენისა და ფარიკაობის სკოლის დამფუძნებლის, სიმონ საყვარელიძის სახელს“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

























