დიმიტრი შველიძე - ჯერჯერობით ასე გამოდის - არჩევნების შემდეგ არცთუ მშვიდობიანი მომავალი გვაქვს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებსა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, არჩევნები დასრულდა, მაგრამ როგორც ჩანს, არჩევნების შედეგებზე კარგა ხანს იკამათებენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური სუბიექტები. თქვენ როგორ დაახასიათებდით არჩევნების შემდეგ ჩვენში არსებულ პოლიტიკურ სურათს და იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა ანდა ჩამოყალიბების პროცესშია?

- თავიდანვე მინდა განვმარტო, რომ ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე იქნება ისტორიკოსისათვის ჩვეული ნეიტრალური პოზიციიდან. ჩემთვის არ არსებობს ან ერთის, ან მეორის მომხრეობა. არსებობს სურათი, რომელიც ობიექტურად შეფასებას ითხოვს.

თავდაპირველად მეგონა, რომ არჩევნების შემდეგ სიტუაცია მეტ-ნაკლებად დალაგდებოდა. ვგულისხმობ იმას, რომ ოპოზიცია შეურიგდებოდა არცთუ ნორმალურად და არცთუ ობიექტურად ჩატარებული არჩევნების შედეგებს, მაგრამ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ პარლამენტის წინ გამართულმა აქციამ აჩვენა, რომ როგორც ჩანს, ასე არ იქნება. მთლად მშვიდი ცხოვრება არ მოგვიწევს.

მეგონა, არჩევნების შემდეგ სიტუაცია მეტ-ნაკლებად დალაგდებოდა, ოპოზიცია შეურიგდებოდა არცთუ ნორმალურად და არცთუ ობიექტურად ჩატარებული არჩევნების შედეგებს, მაგრამ პარლამენტის წინ გამართულმა აქციამ აჩვენა, რომ როგორც ჩანს, ასე არ იქნება, მთლად მშვიდი ცხოვრება არ მოგვიწევს

ოპოზიციამ აჩვენა, რომ ის არჩევნების შედეგებთან შერიგებას არ აპირებს. მათ გააჟღერეს რადიკალურის მსგავსი განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი არ ცნობენ ახალ პრეზიდენტს და განაცხადეს, რომ საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი. ეს საკმაოდ მწვავე პოზიციაა. გარდა ამისა, მათ სხვა მოთხოვნებიც წამოაყენეს და მათი შესრულების ვადად ხელისუფლებას 16 დეკემბერი განუსაზღვრეს.

არ ვიცი რას იზამს ხელისუფლება, კომპრომისზე წავა თუ თავიდანვე ხისტ პოზიციას დაიჭერს. ძნელია ამის თქმა. ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ასე გამოდის - არჩევნების შემდეგ არცთუ მშვიდობიანი მომავალი გვაქვს.

ეს ყველაფერი ხელს შეუშლის თუნდაც იმ დაპირებების შესრულებას, რაც ხელისუფლებამ გასცა. მხედველობაში მაქვს ის, რომ ის ხალხს დაჰპირდა ერთ წელიწადში ბევრ სფეროში სიტუაციის გამოსწორებას.

- გაერთიანებულმა ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ აღიარა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩავთვლით, ეს ის თემებია, რომლის შესრულება შესაძლებელია. მხედველობაში მაქვს 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა.

თქვენი დაკვირვებით, ხელისუფლება თავად აიღებს ინიციატივას და თავად გახდება ამ ცვლილებების განხორციელების ორგანიზატორი თუ გაჯიუტდება და ოპოზიციის მოთხოვნებს ყურადღების გარეშე დატოვებს?

- არჩევნების მსვლელობისას რომ საკმაოდ ბევრი დარღვევა იყო, ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, მაგრამ ახლა ხელისუფლების ხელშია საკმაოდ მძლავრი იარაღი, - იმავე საერთაშორისო დამკვირვებლებმა მაინც ცნეს ეს არჩევნები. ხელისუფლებას შეუძლია ხისტად უპასუხოს ოპოზიციის მოთხოვნებს და არავითარ დათმობებზე არ წავიდეს. ეს ისეთი პასუხი იქნება, რომ გამოიწვევს ოპოზიციის რადიკალიზაციას.

ხელისუფლებას შეუძლია ხისტად უპასუხოს ოპოზიციის მოთხოვნებს და არავითარ დათმობებზე არ წავიდეს. ეს ისეთი პასუხი იქნება, რომ გამოიწვევს ოპოზიციის რადიკალიზაციას

ჩემი აზრით, ხელისუფლება საკმაოდ ძნელი დილემის წინაშეა თუ რა გზას დაადგეს. მეორე გზაა, რომ კომპრომისის გზა აირჩიოს, ნაწილობრივ დათანხმდეს ამ წინადადებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მერე მას მეტის დათმობა მოუწევს. ხელისუფლების მხრიდან პირველი ნაბიჯი იქნება გადამწყვეტი - თუ წავა გარკვეულ დათმობებზე, შემდეგ კიდევ უფრო დიდ დათმობებზე მოუწევს წასვლა, - თუ არადა, არანაირი ნაბიჯი არ გადადგას, თუნდაც დროებით.

- მიიჩნევა, რომ ქვეყანაში დემოკრატია მეტია. მაგრამ, როცა საქმე არჩევნებს შეეხო ვნახეთ, რომ მთლად თავისუფალი არჩევნებიც არ ყოფილა. ხელისუფლებას მის სასარგებლოდ ტყეებში ეგერების და ქალაქებში კი მეხანძრეების მობილიზაცია მოუწია. ბევრი ამტკიცებს, რომ ამაზრზენი საარჩევნო პროცესი იყო. ფაქტია, რომ ბოლო არჩევნები ძალიან ჰგავდა იმას, რასაც თავის დროზე შევარდნაძის, ხოლო შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა...

- ჩვენს თვალწინ ბევრი არჩევნები მოხდა და ბევრი რამ გვახსოვს. „ნაციონალების“ დროს ბევრი ახალი ტექნოლოგიის შემოსვლაც გვახსოვს. ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ბევრი გაყალბება ვნახეთ და გვახსოვს, მაგრამ უკანასკნელმა არჩევნებმა ყოველნაირ მოლოდინს გადააჭარბა. ყველაფერი ხისტად და ღიად ხდებოდა.

„ნაციონალების“ დროს ბევრი ახალი ტექნოლოგიის შემოსვლაც გვახსოვს. ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ბევრი გაყალბება ვნახეთ და გვახსოვს, მაგრამ უკანასკნელმა არჩევნებმა ყოველნაირ მოლოდინს გადააჭარბა. ყველაფერი ხისტად და ღიად ხდებოდა

მიუხედავად ამისა ვიმეორებ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა 28 ნოებრის არჩევნები სცნეს. მოლოცვები მოვიდა პირველ რიგში საფრანგეთიდან და შემდეგ სხვა ქვეყნებიდანაც.

ოპოზიცია ამბობს, რომ ამ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მიაღწევს. ეს მომავლის საქმეა და ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები.

- ოპოზიციამ, პოლიტიკური ბრძოლის საკმაოდ რთული გზა აირჩია...

- თავიდან მეგონა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია სააკაშვილს გაემიჯნებოდა. მათთვის ბევრად უპრიანი იქნებოდა სააკაშვილს გამიჯვნოდნენ. ისტორია გვეუბნება, რომ ე.წ. „მეორედ მოსვლები“ კარგად არ სრულდება. ნაპოლეონის 100 დღე ან ვთქვათ იგივე ზვიად გამსახურდიას საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების ცდა.

ენერგიულ პოლიტიკოსებს უდგებათ დრო, როცა პოლიტიკიდან მათი წასვლა ქვეყნისთვის სჯობს, ვიდრე მეორედ ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს რომ გაეცნობიერებინა ოპოზიციას და სააკაშვილს გამიჯვნოდა, იგი ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებოდა

ენერგიულ პოლიტიკოსებს უდგებათ დრო, როცა პოლიტიკიდან მათი წასვლა ქვეყნისთვის სჯობს, ვიდრე მეორედ ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს რომ გაეცნობიერებინა ოპოზიციას და სააკაშვილს გამიჯვნოდა, იგი ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოჩდებოდა. დარწმუნებული ვარ, მათ მოთხოვნებს გაცილებით მეტი ხალხი დაუჭერდა მხარს.

ბოლოს და ბოლოს რა არის ეს მოთხოვნები. „ნაციონალები“ იჩემებენ, რომ მათ შეუძლიათ მშენებლობა. ტყუილები რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს ორივე მხრიდან.

როცა ოპოზიცია გვარწმუნებს, რომ ისინი არიან გაერთიანებული ოპოზიცია, ამით ხომ არავინ ტყუვდება. არსებობენ „ნაციონალები“, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული ლიდერი ჰყავთ სააკაშვილის სახით.

- ოპოზიციის ლიდერები და მათი იდეოლოგები ხშირად იმეორებენ, რომ გრიგოლ ვაშაძე სერიოზულ ლიდერად ჩამოყალიბდა. მაგრამ, ფაქტია, რომ ის ხმები, რომელიც მან პირველ ტურში და ბევრწილად მეორე ტურში მიიღო, აშკარად სააკაშვილის ხმებია...

- გეთანხმებით, რომ სააკაშვილის ხმები იყო, მაგრამ თავად სააკაშვილი რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა. დარწმუნებული ვარ, მათი მხარდამჭერებიც ასე ფიქრობენ გულის სიღრმეში.

ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ წამოვიდა სააკაშვილის მხრიდან დაპირებები, რომ იგი ხელისუფლებაში დაბრუნებას არ აპირებს, სურს ანაკლიის მშენებლობას უხელმძღვანელოს. ვფიქრობ, ეს გახლდათ რეაქცია „ნაციონალების“ მხარდამჭერების განწყობებზე.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს. მგონია, რომ „ნაციონალები“ ვაშაძეს დაუჭერენ მხარს. ის აგრესიული იმიჯი, რაც „ნაციონალებს“ გააჩნიათ, ვაშაძეს არ აქვს. მას უფრო მშვიდობიანი პოლიტიკური ლიდერის იმიჯი აქვს.

თავად სააკაშვილი რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა... სააკაშვილი რომ ქართულ დიდ პოლიტიკას ჩამოცილებოდა, ოპოზიციისთვის ბევრად კარგი იქნებოდა

ელექტორატის თვალში ისე აღიქმება, რომ წინა ხელისუფლების აგრესია და დანაშაულები სააკაშვილის პიროვნებიდან და მასთან დაახლოებული რამდენიმე ადამიანიდან მომდინარეობდა.

ვფიქრობ, სააკაშვილი რომ ქართულ დიდ პოლიტიკას ჩამოცილებოდა ოპოზიციისთვის ბევრად კარგი იქნებოდა. რატომღაც ასე არ მოხდა და მგონია, რომ ის მხარდამჭერები, რომლებიც პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, მუდმივად იმ რაოდენობის იქნებიან, რამდენიც იყვნენ და მათი რიცხვი არ გაიზრდება და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიკლებს. ეს ერთი ვარიანტია.

ხოლო მეორე ვარიანტია ის, თუ რისი გამკეთებელია დღევანდელი ხელისუფლება. ანუ ის, რაც ქართულ საზოგადოებას ყველაზე მეტად აღელვებს და ადარდებს. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნისა და ეკონომიკის მშენებლობა ქართული საზოგადოების დაკვეთაა. ძალიან ბევრი დრო გავიდა და გარკვეულ სფეროებში უკუსვლას ვხედავთ. ყველაფერი ლარზე და ეკონომიკაზეა დამოკიდებული და რა სჭირს ლარს კი ვხედავთ.

- თქვენი დაკვირვებით “ოცნებას“ აქვს იმის რესურსი, რომ რადიკალურად შეცვალოს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება?

პრობლემა იმაშია, რომ ჩატარებული არჩევნების შემდეგაც არ ჩანს „ოცნებაში“ ის რესურსი, რომელიც საჭიროა ქვეყნის მშენებლობისთვის

- აქვს თუ არა „ოცნებას“ ქვეყნისა და ეკონომიკის მშენებლობის რესურსი, ეს მან დღემდე ვერ დაამტკიცა. გაუთავებელი საუბარი წინა ხელისუფლების მმართველობის 9 წელიწადზე ხალხს კარგა ხანია აღარ აინტერესებს. მათ ის კი გააკეთეს, რომ ჩვენში დემოკრატია უფრო მოქმედებს და უფრო ცოცხალია, თუმცა ჩვენს საზოგადოებას ცარიელი დაპირებები არაფერში არ არგია.

პრობლემა იმაშია, რომ ჩატარებული არჩევნების შემდეგაც არ ჩანს „ოცნებაში“ ის რესურსი, რომელიც საჭიროა ქვეყნის მშენებლობისთვის. ახლა ხელისუფლება ყოველდღე უნდა ლაპარაკობდეს ამ რესურსის ამოქმედებაზე, მაგრამ ჯერ ჩვენ ამასაც ვერ ვხედავთ.

- იმისთვის, რომ კარგად გამოჩნდეს აქვს თუ არა რესურსი “ოცნებას“, ივანიშვილმა უნდა დაიწყოს რადიკალური ცვლილებები მმართველ გუნდში, განახორციელოს იმავე გუნდში საკადრო წმენდა. თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ამგვარი პროცესები „ოცნებაში“ დაიწყება?

- იმ პროცესებზე დაკვირვებებიდან, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია 6 წელი, მე და არა მარტო მე, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი რესურსი მმართველ გუნდს არ გააჩნია.

მგონია, რომ ახალი ლოზუნგია საჭირო - საქართველო როგორც სააკაშვილის, ისე ივანიშვილის გარეშე. ეს ლოზუნგი ყველაზე კარგი კი იქნებოდა, მაგრამ მოვლენათა ამგვარი განვითარება ოცნებას უფრო მიეკუთვნება, ვიდრე რეალობას

ივანიშვილი თავისი გუნდის წევრებს ვერ შეელევა. ეს ვერ გააკეთა შევარდნაძემ. თავის დროზე დავით აღშენებელის მამამ, გიორგი მეორემაც ვერ გააკეთა ეს. ძალიან ძნელია იმ ხალხთან დამშვიდობება, ვისთანაც ბევრი რამ გაკავშირებს და ბევრი საქმეები გიკეთებია.

ჩემი აზრით, ეს სხვა ძალებმა უნდა გააკეთონ. ღმერთმა ხელი მოუმართოს ხელისუფლებას, თუ მათ რიგებში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდება, მათაც წაადგებათ და ქვეყანასაც.

მე მაინც მგონია, რომ ახალი ლოზუნგია საჭირო - საქართველო როგორც სააკაშვილის, ისე ივანიშვილის გარეშე. ეს ლოზუნგი ყვალზე კარგი კი იქნებოდა, მაგრამ მოვლენათა ამგვარი განვითარება ოცნებას უფრო მიეკუთვნება, ვიდრე რეალობას.

- არა მგონია ხელისუფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს, მაგრამ მალე 16 დეკემბერიც დადგება, ანუ ის დღე, როცა ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა შედგეს. არადა, ოპოზიციამ განაცხადა, რომ ის რუსთაველზე არ დაუშვებს ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარებას. არა მგონია, ხელისუფლებამ ინაუგურაცია რუსთაველზე დაგეგმოს. სავარაუდოდ, სხვა ფორმებზე იფიქრებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციამ პრეზიდენტის ინაუგურაციის რუსთაველზე ჩატარება-არჩატარების თემა ჰაერში გამოკიდა...

- ვფიქრობ, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია არავითარ შემთხვევაში არ ჩაიშლება. თუ სად გაიმართება ინაუგურაცია, ამას უფრო მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ინაუგურაცია აუცილებლად შედგება.

თუ პრეზიდენტის ინაუგურაცია არ შედგა, ეს ხელისუფლების მარცხად აღიქმება და ამაზე ხელისუფლება ვერ წავა

თუ პრეზიდენტის ინაუგურაცია არ შედგა, ეს ხელისუფლების მარცხად აღიქმება და ამაზე ხელისუფლება ვერ წავა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი პრობლემების გარეშე ჩატარდეს.

- ეს არ გამოწვევს შიდა პროცესების გართულებას…

- არა, არა მგონია. ოპოზიციამ თქვა, რომ მათი ბრძოლა იქნება სამართლებრივი და არაძალადობრივი. მათ ინტერესშია, რომ ეს პროცესი კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს არ გაცდეს. ეს არ უნდა არც საზოგადოებას, არც „ნაციონალების“ ელექტორატს.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა