ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დირექტორი ია კერზაია თანამდებობაზე რჩება

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დირექტორი ია კერზაია თანამდებობაზე რჩება

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დირექტორი ია კერზაია თანამდებობაზე რჩება. საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევები გამოსწორებადია და ის არ შეიძლება დირექტორის გათავისუფლების მიზეზი ყოფილიყო.

სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი შორენა ხობელია ამბობს, რომ შემოწმების დროს სკოლაში წყლის პრობლემა იყო და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მისვლა. მისივე თქმით, ჭაში წყალი ერთი თვის განმავლობაში დამშრალი იყო და ამის შესახებ დირექციამ ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსში ჩააყენა.

„სამეურვეო საბჭო შეიკრიბა და განვიხილეთ თუ რა დასკვნა მოვიდა სამინისტროდან. რა თქმა უნდა, არც ერთი ჩვენგანი არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო მიღებული. შესაბამისად, შევადგინეთ დოკუმენტი, გავაგზავნეთ და ველოდებით სამინისტროს რეაგირებას. აქ არანაირი დარღვევა არ ყოფილა და რაც დასკვნაში წერია არ შეიძლება დირექტორის გათავისუფლების მიზეზად ჩაითვალოს. სკოლას ერთი თვეა არ აქვს წყალი და იმ პერიოდში იყო მოუწესრიგებელი საპირფარეშო“, - აღნიშნა შორენა ხობელიამ.

აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნანა ძიძიგური.

„ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. არ ვეთანხმებით იმას, რაც აუდიტის დასკვნაში წერია და მიგვაჩნია, რომ ეს არ არის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი. მიგვაჩნია, რომ იმ დარღვევების გამოსწორება შესაძლებელია“,- განაცხადა ნანა ძიძიგურმა.

ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით, მოათავსეს. მას წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება და მართვით სუნთქვაზეა.

სკოლის დირექტორის ია კერზაიას საკითხით სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდა.