ბათუმში ჰოსტელი გაძარცვეს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ჰოსტელი გაძარცვეს. ჰოსტელის მეპატრონის ინფორმაციით, 4 დეკემბერს, ღამის 2 საათზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები შეიჭრნენ და განაცხადეს, რომ პოლიციიდან არიან.
როგორც ჰოსტელის მეპატრონემ ირაკლი გლაზოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მძარცველებმა განუცხადეს, რომ ნარკოტიკები და პირადი ნივთები გამოეჩინათ და იქვე მყოფებს მობილური ტელეფონები წაართვეს.
„ჰოსტელში 8 სტუმარი იყო, ერთ-ერთი ჩემი სტუმარი ეზოში სიგარეტს ეწეოდა, ორი პირი მას თავს დაესხა. ყვიროდნენ პოლიციელები ვართ, სასწრაფოდ გამოაჩინეთ ნარკოტიკი და ნივთებიო, ერთს მობილური წაართვეს, კორეელი სტუმრისთვის უნდოდათ აიპოდის წართმევა, თუმცა მან არ მისცა. ამ დროს ჩემმა სტუმრებმა ერთ-ერთი დააკავეს და პოლიცია გამოიძახეს. პოლიცია ძალიან ოპერატიულად მოვიდა და მეორეც დააკავა. ერთი რუსეთის მოქალაქე იყო, მეორე კი ქართველი. როგორც გავიგე რუსეთის მოქალაქეს დანა აღმოაჩნდა",- განაცხადა ჰოსტელის მეპატრონე ირაკლი გლაზოვმა.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ფაქტზე ორი პირია დაკავებული.

























