ბიზნესომბუდსმენი - აჭარაში ბიზნესი ყველაზე ხშირად სამშენებლო პროექტებსა და ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეულ პრობლემებზე სვამს საკითხებს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი ბუბუტეიშვილთან და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ კომპონენტის ხელმძღვანელთან მაია ერისთავთან ერთად, ბათუმში საშუალო და მცირე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა და საგადასახადო სისტემა მიმოიხილეს. ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ ბიზნესომბუდსმენისა და შემოსავლების სამსახურის მიერ რეგიონში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოესმინათ.

„ჩვენ დავიწყეთ მორიგი რეგიონული შეხვედრები ადგილობრივ ბიზნესთან და პირველი შეხვედრა ბათუმში შედგა. შემდეგი შეხვედრები დაგეგმილი გვაქვს ზუგდიდსა და ქუთაისში. რეგიონული შეხვედრები იმართება USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით.

შეხვედრებზე ბიზნესი სვამს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში მათთვის პრობლემურ საკითხებს და ჩვენ ვაცნობთ იმ მექანიზმებს, რითიც შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტაში მათი მხარდაჭერა. აჭარაში სექტემბრიდან მუშაობს ბიზნესომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენელი და ამ პერიოდში დახმარებისთვის უკვე 30-მა მეწარმემ მიმართა. აჭარაში ბიზნესის მხრიდან დასმულ თემებს შორის ყველაზე ხშირია სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეული პრობლემები, ნებართვებთან და საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც საჭიროებს დროში სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ ჩართული ვართ მედიაციაში, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ მთავრობასთან. თბილისის შემდეგ ბიზნეს აქტივობის მიხედვით ყველაზე აქტიური რეგიონია აჭარა და ბიზნესომბუდსმენის ოფისში მთელი მომართვიანობის 15% სწორედ ამ რეგიონზე მოდის“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაციები ბიზნესომბუდსმენის პორტალის, ზოგადი საგადასახადო პოლიტიკისა და შემოსავლების სამსახურის სერვისებით სარგებლობის, გადასახადების, სახელმწიფო სერვისების დაფინანსების ალტერნატიული გზებისა და საგადასახადო კანონმდებლობაში 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში