ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2018

იზორიას იმერეთის გუბერნატორი გენერალი შავლეგო ტაბატაძე შეცვლის

დაუმორჩილებლობის მოწოდება ჯარს და პოლიციას - სააკაშვილზე კიდევ ერთი საქმე აღიძრება?

დიდი სკანდალი საქართველოსა და ირანს შორის

* * *

იზორიას იმერეთის გუბერნატორი გენერალი შავლეგო ტაბატაძე შეცვლის

“უკვე გადაწყვეტილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება და ლევან იზორიას გენერალი შავლეგო ტაბატაძე ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად იმერეთის გუბერნატორია. საგულისხმოა, რომ თუკი მოქმედი სამხედრო პირი დაინიშნება თავდაცვის მინისტრად, ეს შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება. ბოლო მოქმედი გენერალი თავდაცვის მინისტრად დავით თევზაძე იყო 2004 წლამდე, მას შემდეგ ამ თანამდებობას სამოქალაქო პირები იკავებდნენ. მთავრობის კულუარებში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ტაბატაძე მინისტრის პორტფელს უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს. ინფორმაცია თავდაპირველად “პირველმა რადიომ” გაავრცელა” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით იზორია არჩევნებს და სკანდალებს გადააყოლეს, მას იმერეთის გუბერნატორი შეცვლის.

“შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე კი ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელი მსახურობდა. მას გენერლის ჩინი აქვს. სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა. იმერეთის გუბერნიაში გუბერნატორის თავდაცვის სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, იზორიას გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი არჩევნების მეორე ტურში ავღანეთის უბნების წაგებაა, თუმცა იზორიას გათავისუფლებაზე ხმები არჩევნებამდეც ვრცელდებოდა, მიზეზად კი სამინისტროში არსებული დარღვევები სახელდებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ტყვია-წამლის უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო დააკავეს, თუმცა მინისტრ იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს. იარაღის გაყიდვის სკანდალამდე იზორიას სახელი კიდევ ერთ სკანდალს დაუკავშირდა - საუბარია ჩხოროწყუში პოლიციის უფროსის ოჯახიდან აფხაზური აქციზის მქონე სიგარეტის არალეგალურ გაყიდვაზე. რაიონის პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორიაა, რომელიც თავდაცვის მინისტრის ნათესავია. ოპოზიციის ინფორმაციით, იზორიას ნათესავებს და ახლობლებს რაიონში ბიზნესის კონტროლი ბრალდება. ასევე საუბარია, რომ იზორიას თანამდებობიდან გაშვების კიდევ ერთი მიზეზი აუდიტის დასკვნა იქნება, რომლის მიხედვითაც სამინისტროში ფინანსური დარღვევებია. საუბარია ტენდერებზე და შესაძლო თაღლითურ საქმეებზეც, რომლითაც პროკურატურა უკვე დაინტერესდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“აუდიტის დასკვნის მიხედვით, თაღლითურმა სქემამ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში მოქმედებდა, სახელმწიფო ბიუჯეტი 200 ათასი ლარით დააზარალა. სამინისტროს საფინანსო სამსახური ფულს ყოფილი თანამშრომლების სახელფასო ანგარიშებზე რიცხავდა, თუმცა სად მიდიოდა ათი ათასობით ლარი ეს ამ ეტაპზე უცნობია. თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დასრულდა და 5 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში, თუმცა ხუთიდან, მხოლოდ ერთია დაკავებული. ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდში 62%-ით გაიზარდა წარმომადგენლობით ხარჯები ანუ ფული, რომელსაც მინისტრი წვეულებებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის ხარჯავს. სახელმწიფო აუდიტი კიდევ ერთ სავარაუდო დანაშაულის შესახებ მიუთითებს. საუბარია, წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესაძლო კორუფციაზე. 2015 წლის მთავრობის განკარგულების მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებს გასაწევ ხარჯებზე შეზღუდვები დაუწესდათ, 20%-ით უნდა შემცირებულიყო წარმომადგენლობით ხარჯები. თუმცა თავდაცვის სამინისტროში პირიქით მოხდა. 2017 წელს წინა წლებთან შედარებით ორჯერ მეტად გაიზარდა ხარჯები”, - დასძენს გამოცემა.

დაუმორჩილებლობის მოწოდება ჯარს და პოლიციას - სააკაშვილზე კიდევ ერთი საქმე აღიძრება?

“პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი უნდა გახდეს. საქმე კი სააკაშვილის 28 ნოემბრის განცხადებას ეხება, სადაც მან არჩევნების დასრულებისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, პოლიციას, ჯარს და ჩინოვნიკებს “მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ” მოუწოდა. “რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას, მე, როგორც იურისტს შემიძლია ვთქვა, რომ ეს გამოთქმები სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველია და ამაზე აუცილებელია მოხდეს რეაგირება. ჩვენ დავინტერესდებით რამდენად სწრაფად მოხდება შესაბამისი რეაგირება”, - განაცხადა კობახიძემ “იმედის” ეთერში. ამასთან, მან კანონდარღვევა უწოდა სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, რამდენადაც იგი საქართველოს მოქალაქე არაა”, - წერს გაეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დაუმორჩილებლობის მოწოდება ჯარს და პოლიციას: სააკაშვილზე კიდევ ერთი საქმე აღიძრება?

“ის, რომ მოქალაქეობის არმქონე პირი აქტიურად ჩართულია პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში, კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და ძალზე სამწუხაროა, რომ ამ დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება არ იყო”, - აღნიშნა კობახიძემ. როგორც ჩანს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არც თუ უსაფუძვლოა, რადგანაც რამდენიმე დღის წინ უკრაინის ექვსი და ერთი საქართველოს მოქალაქის დაკავებამ გააჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლება სააკაშვილსა და მათ შორის გარკვეულ კავშირს ეძებს. შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება ბატალიონ “დონბასის” მებრძოლებსა და ყოფილ მმართველ პარტია “ნაცმოძრაობას” შორის კავშირის ვერსიას განიხილავს. “დიახ, საგამოძიებო ორგანოს აქვს გარკვეული ეჭვები იმ კავშირების შესახებ, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა არ მინდა, რომ მოვლენებს გავუსწრო. ეჭვები გვაქვს თვითონ ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით. ამიტომ ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ და დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ”, - განაცხადა მეზვრიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, თუ დაკავებულებსა და სააკაშვილის პარტიას შორის კავშირი დადასტურდება, შსს გაავრცელებს ინფორმაციას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მეზვრიშვილმა უარყო ადვოკატის განცხადება, რომ დაკავებულებს იარაღი პოლიციამ ჩაუდო. “ფაქტია, რომ ისინი, ვინც დააკავეს, ტურისტები არ არიან, ეს სპეციალურად მომზადებული მებრძოლები არიან შესაბამისი აღჭურვილობით. ამ თემაზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა შესაბამისი განცხადება უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რომ მათი ჩამოსვლა მიტინგს უკავშირდება, რომელსაც სააკაშვილი აანონსებდა”, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე თბილისში 2 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სწორედ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა. თბილისის სასამართლომ ყველა დაკავებული - როლანდ მელია, ალექსანდრ ნოვიკოვი, დმიტრი კურაგინი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო, სერგეი კლადკო და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია პატიმრობაში დატოვა”, - განაგრძობს გამოცემა.

“საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და მოწოდება, რომ ჯარი და სამხედროები ხელისუფლებას არ დაემორჩილონ, შემაშფოთებელი იყო. თუმცა ამის უკან რამდენად დგას რეალური მიზნები, ეს უკვე გამოძიების და სამართალდამცველი ორგანოების დასადგენია. მისი თქმით, შეკრების და მანიფესტაციის უფლება კანონით ყველას აქვს. თუმცა თუ საუბარი აქ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით შეცვლას, რელიგიური და ეთნიკური გზით შუღლის გაღვივებას ეხება, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მოქმედება ადეკვატური უნდა იყოს. სალაძე ამბობს, რომ რთული შესაფასებელია სააკაშვილის განცხადება რამდენად რეალურია, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს თუ კი ამაზე უფრო მეტი ინფორმაცი აქვთ, მაშინ გამოძიება უნდა დაიწაყოს. მისი აზრით, მთავარი ის არ არის კობახიძე რა განცხადებას აკეთებს, მთავარი ისაა თუ სააკაშვილის ნათქვამი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს რამდენად შეიცავს”, - დასძენს გამოცემა.

“ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ახალი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. საქართველოში მას 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დაუსწრებლად 6 წლის ვადით, ხოლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შეწყალებისთვის 3 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით განიხილავს კიდევ ორ საქმეს - 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას”, - წერს სტატიის ავტორი.

დიდი სკანდალი საქართველოსა და ირანს შორის

"ირანსა და საქართველოს შორის შესაძლოა ახალი სკანდალი დაიწყოს. უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს საზღვარზე, ირანისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მის მოქალაქეებს ქვეყანაში არ უშვებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ირანის 200-მდე მოქალაქე დეპორტირებული იქნა. ირანელებს საქართველოში უვიზოდ 45 დღე შეუძლიათ იცხოვრონ, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, სამშობლოში წასულებს საქართველოში უკან აღარ უშვებენ. საქართველოს საზღვარზე ირანის მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებს 3 დეკემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ბაჰრამ ქასემი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანის რამდენიმე მოქალაქეს საბუთები წესრიგში ჰქონდა, საქართველოს ხელისუფლებამ მათი დეპორტაცია მიანც მოახდინა. თეირანი თბილისთან ამ საკითხის გასარკევად მოლაპარაკებებს გამართავს. ირანული მედია, საქართველოში ირანის საელჩოზე დაყრდნობით, წერს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობს და ითხოვს საიმიგრაციო კანონებისა და რეგულაციების განმარტებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დიდი სკანდალი საქართველოსა და ირანს შორის / რომელიც შეიძლება ამერიკის მიერ თეირანზე დაწესებულ უმკაცრეს სანქციებს უკავშირდებოდეს.

“აღნიშნულ განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ - ირანელი კოლეგებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფლობს - “მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა განსხვავებული პოზიცია გვაქვს, განსხვავებული ინფორმაცია, ბუნებრივია იქნება კომუნიკაცია მათ საელჩოსთან თბილისში, იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათთვის ინფორმაცია და ბუნებრივია მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ გასცენ იმ კითხვებს პასუხი, რომელიც არსებობს”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 1 დეკემბერს უკან გააბრუნეს ირანელი მუსიკოსი აჰუ, რომელიც თბილისში გერმანიიდან ჩამოფრინდა და ღამის კლუბში “მტკვარზე” კონცერტი უნდა ჰქონოდა. ამის შესახებ ფეისბუკის გვერდზე კლუბიც წერდა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველად არ გამოთქვამს უკმაყოფილებას თავისი მოქალაქეებისადმი უპატივცემულობის გამო. 16 აგვისტოს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისის აეროპორტში ჰიჯაბის უპატივცემულობის გამო და ირანში საქართველოს ელჩი ახსნა-განმარტებისთვისაც დაიბარეს. თუმცა მაშინ სკანდალი აღარ გამწვავებულა”, - განაგრძობს გამოცემა.

“შს სამინისტროს სტატისტიკით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს 12 513 პირს. მათგან უარის თქმის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ირანი. საქართველოში ირანის 1 949 მოქალაქე არ შემოუშვეს. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველი 131 ადამიანიდან 1-ს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. 2014 -2017 წლების სტატისტიკით, ირანი რიგით მეოთხე ქვეყანა იყო, საქართველოში შემოუშვებლობის სტატისტიკის თანახმად. ამ წლებში ირანის 2 665 მოქალაქეს ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უარი, რაც საერთო უარების 10 %-ია. “რეზონანსთან” ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლება ირანის მოქალაქეებთან დაკავშირებით ამერიკის რეკომენდაციებს იზიარებდეს. მათი თქმით, ამერიკამ ირანს ნოემბრის დასაწყისში უპრეცედენტო სანქციები დააკისრა, რამაც გავლენა არა მარტო საქართველოზე არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებზეც იმოქმედა. მათი თქმით, ირანის ძალიან ბევრ მოქალაქეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში უარი ქვეყანაში შესვლაზე სხვა ბევრმა ევროპულმა ქვეყნებმაც უთხრეს და სტატისტიკურად გამონაკლისი მხოლოდ საქართველო არ არის. ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები 4 ნოემბერს შევიდა ძალაში, რომელიც ნავთობის სექტორს ეხება. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ეს ყველაზე მკაცრი სანქციებია, რაც კი აქამდე აშშ-ს ირანის წინააღმდეგ გამოუყენებია”, - დასძენს გამოცემა.

“ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანის მოქალაქეებისთვის უარის თქმის მიზეზი ხშირად ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრდაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია სახელდება, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსი გააჩნია. ასევე ნარკოტიკების შემოტანის საკითხი, სადაც ირანის მოქალაქეების დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანა-გასაღების ფაქტებზე ხშირად ხდება. აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი ვასილ პაპავა აცხადებს, რომ საქართველოდან 200 მოქალაქის უკან გაგზავნა ირანისთვის პოლიტიკურად სილის გაწვნას ნიშნავს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველო სწორედაც ამერიკის რეკომენდაციებს ითვალისწინებდეს და ეს სუფთა პოლიტიკური საკითხი იყოს... პაპავას აზრით, არ გვაქვს ისეთი მოქნილი საგარეო პოლიტიკა, რომლის განხორციელებასაც სერიოზული მოკავშირის მხარდაჭერის გარეშე შევძლებდით. ამიტომაც სულ უფრო მეტია იმის ეჭვი, რომ საქართველომ ამ შემთხვევაში ამერიკის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ირანის მოქალაქეები დემონსტრაციულად ქვეყნიდან გააძევა. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას და მებაჟეს აქვს უფლება საკუთარი სურვილის მიხედვით ვინც უნდა შემოუშვას და ვინც უნდა არა”, - წერს სტატიის ავტორი.

“იგივეს ამბობს “რონდელის ფონდის” მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი, რომ საქართველოს საბაჟოს თანამშრომელს სრული უფლება აქვს ქვეყანაში ვინც უნდა ის შემოუშვას და ამ გადაწყვეტილების შესახებ ახსნა-განმარტებაც არ მისცეს. მისი თქმით, საქართველოში ირანელების გარდა, ხშირია, როდესაც ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეთნიკურ ჩეჩნებს, ინდოეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც ეუბნებიან. “ძალიან რთული სათქმელია, რომ საქართველო ამერიკისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდეს, რათა ირანის მოქალაქეები ქვეყანაში არ შემოუშვას. თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინებაც გამორიცხული არ არის. ირანის მოქალაქეებს არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყნებშიც ბოლო დროს აღარ უშვებენ. საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს ქვეყანაში ვინც უნდა ის შემოუშვას და ამაზე ახსნა-განმარტებები არავის ჩააბაროს. ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, რის გამოც მათ ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. დოკუმენტების წესრიგში არ ქონა, უბრალოდ არ უნდა მებაჟეს და არ უშვებს. ასევე, შეიძლება ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიდან იყოს გარკვეული მითითებები. ამიტომ ამისთვის არ მგონია, რომ ირანთან რაიმე დიდი სკანდალი მოხდეს”, - განმარტავს ბატიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ “ალბათ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ განმარტებებს ირანს მიაწვდის, თუმცა ამის ვალდებულებაც არა აქვს“, - დასძენს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს