ირაკლი ბენდელიანი - თბილისის ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებაზე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას

თბილისის ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებაზე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, - ასე ეხმაურება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გასულ სიუჟეტს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მომავალი წლიდან საჯარო ბაგა-ბაღების 61 000 აღსაზრდელი კვების გარეშე შეიძლება დარჩეს.

ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, დედაქალაქის მერიის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფაზე სატენდერო წინადადებების მიღება 12 დეკემბერს დასრულდება და ტენდერში მონაწილე კომპანიების ვინაობა მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ტენდერი შეიძლება ჩაიშალოს და საბავშვო ბაღების მოსწავლეები საკვების გარეშე დარჩნენ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„სამწუხაროა, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერით გავიდა სიუჟეტი, რომელიც არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისეთ საკითხზე, როგორიც არის ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და მათი კვების საკითხი. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი იყო, რომ გამოცხადებულ ტენდერში ჯერ კიდევ არავის მონაწილეობა არ ჩანს. იმ ეტაპზე, როდესაც ტენდერი 2 დღის წინ არის გამოცხადებული და არის დახურული, ფიზიკურად შეუძლებელია რომელიმე მონაწილე კომპანიის ნახვა იმ ეტაპამდე, სანამ ყველა კომპანიის წინადადების მიღება არ დასრულდება. ტენდერი გამოცხადდა 4 დეკემბერს, წინადადებების მიღება სრულდება 12 დეკემბერს. შესაბამისად, 12 დეკემბრის შემდეგ გახდება ცნობილი ტენდერში მონაწილე პირების ვინაობა და გადავალთ შერჩევა-შეფასების ეტაპზე. ამ ყველაფერთან დაკავშირებით დღეს მერიის პრესსამსახურმაც მიაწოდა სიტყვიერი განმარტება „რუსთავი-2“-ს, მაგრამ ინფორმაცია მაინც არასწორად გავრცელდა. ყველა ინფორმაცია, რომელიც ეხება ბავშვების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებულ ტენდერს, არის საჯარო. სატენდერო წინადადებების დასრულების ანუ 12 დეკემბრის შემდეგ კი მეტი დეტალი იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. გვეცოდინება, რომელმა კომპანიებმა მიიღეს ტენდერში მონაწილეობა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, „რუსთავი 2“-ის ეთერით გასული სიუჟეტი შეიცავდა, ასევე, სხვა არასწორ ინფორმაციასაც, რომელიც ეხება ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის გაკოტრებას და ბავშვებისთვის მისაწოდებელი საკვები პროდუქტების დაბალხარისხიანობას.

„არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერია მოახერხებს კომპანიებთან ურთიერთობის დამყარებას, მოხდება დაბალხარისხიანი პროდუქტის შეტანა. თბილისის მერია ინდივიდუალურ რეჟიმში, არცერთ კომპანისთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას, მითუმეტეს, იმ ეტაპზე, როცა ტენდერია გამოცხადებული. დაველოდოთ ტენდერის შედეგებს. მე მესმის, რომ ვიღაცას შეიძლება აწყობდეს, რომ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდეს, არავინ არ მიიღოს მონაწილეობა ან დაბალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს ბავშვებს. ამასთან, მაინტერესებს, ინფორმაცია, სადაც საუბარია, რომ ერთ-ერთი კომპანია კოტრდება, რაიმე იურიდიულ დოკუმენტის მიხედვით არის მომზადებული თუ რომელიმე ოფიციალური პირის კომენტარს ეყრდნობა. მე ვფიქრობ, ეს არის იქ მონაწილე კონკრეტული პირების ფანტაზიის ნაწილი. თუ გადავხედავთ მიმდინარე წელს, მოქმედი კონტრაქტორის ყველა არსებულ გადაცდომაზე მერიის და ბაღების სააგენტოს მხრიდან იყო ადეკვატური რეაგირება. ეს იყო გაფრთხილება, საჯარიმო სანქცია და ა შ. ასე გაგრძელდება მომავალშიც. ტენდერის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე კონკრეტულად შეგვეძლება ტენდერის ღირებულებაზე, ხარისხზეც და კომპანიაზეც საუბარი“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს