ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2018

ვახტანგ ძაბირაძე - “ინაუგურაციის თელავში გამართვა შეცდომაა”

ოკუპირებულ აფხაზეთში “საპრეზიდენტო” არჩევნების გადმოწევას სოხუმის საკრებულოშიც ითხოვენ

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ინაუგურაციის თელავში გამართვა შეცდომაა”

სალომე ზურაბიშვილის არგუმენტები ინაუგურაციის თელავში გამართვასთან დაკავშირებით ჩემთვის დამაჯერებელი არ არის - ამბობს, თელავი წავაგე და იმიტომო... ამ ლოგიკით რუსთავიც წააგო და მაშინ რატომ რუსთავში არა? ის ამ არგუმენტით ცდილობს აჩვენოს, რომ ზეპარტიულია, რაც აბსოლუტურად გაუგებარი და ლოგიკას მოკლებულია - რა შუაშია ზეპარტიულობა? თან მახსენდება მისი უცხოური ინტერვიუ, სადაც ამბობს, ბიძინამ მითხრა, დამოუკიდებელი იქნებიო... - ამ ვითარებაში როგორ უნდა ირწმუნო მისი არგუმენტები” - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვახტანგ ძაბირაძე: “ინაუგურაციის თელავში გამართვა შეცდომაა”.

“მე ცოტა განსხვავებულ ვერსიას ვუკავშირებ. ოპოზიციამ 16 დეკემბრამდე მისცა ხელისუფლებას დრო, უფრო სწორად ულტიმატუმი წაუყენა. ცნობილია, რომ ოპოზიცია 16 დეკემბერს საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს და როგორც ჩანს, გართულებებს მოერიდნენ. თელავი, კონკრეტულად ერეკლეს სასახლე, საკმაოდ კარგად არის დაცული. თავის დროზე ლეკიანობისაგანაც კარგად იყო დაცული. ახლა ნაციონალებისგან დაცული იქნება. ახლა ეს საფრთხე რამდენად უტოლდება ლეკიანობას, ეს სხვა საკითხია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ზედმეტ გართულებებს მოერიდნენ და გადაწყვიტეს მშვიდად და წყნარად ჩაატარონ თელავში ინაუგურაცია. პროტესტს რუსთაველზე სულ სხვა ფასი აქვს და პროტესტს თელავში - სულ სხვა. აქ პოლიტიკურ სიმძაფრეს, პოლიტიკურ ცენტრსა და ტრადიციას ვგულისხმობ და არავითარ შემთხვევაში - სხვა რამეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ პროტესტი თელავში უფრო მასშტაბური, უფრო მწვავეც იყოს. შეიძლება რუსთაველის გამზირისთვის ისეთი მასშტაბური არ იყოს რამდენიმე ათასი ადამიანი, მაგრამ თელავისთვის შეიძლება ეს ძალიან მასშტაბური იყოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სწორი სტრატეგიაა შერჩეული ოპოზიციის მიერ, რომელიც ახლა ეპიცენტრის გადატანას სწორედ თელავში აპირებს, რადგან ეს პროტესტი მთელ კახეთს მოედება და თელავში ყველა ჩავა, განსხვავებით თბილისისგან. ზურაბიშვილი თელავში ინაუგურაციის ჩატარებით ზეპარტიულობის ხაზგასმას ახდენს, მაგრამ შეიძლება შედეგად მიიღოს ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” კახეთიც დაკარგოს - ვგულისხმობ იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კახეთი შეიძლება სრულად ოპოზიციურად განეწყოს. ეს სულაც არ არის გამორიცხული. ამიტომ არ ვიცი, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა თელავში ინაუგურაციის ჩატარება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მეორე ტურში “ქართულმა ოცნებამ” კატასტროფულად გააყალბა არჩევნები - თუ ასეა, ნაციონალური მოძრაობა რატომ არ დებს გაყალბების სერიოზულ ფაქტებს? შეიძლება უცხოელი დამკვირვებლებისთვის ეს სრულიად გაუგებარი იყოს, მაგრამ რამ შეასრულა მთავარი როლი მეორე ტურში ხელისუფლების გამარჯვებაში, რამ იმუშავა?! ხალხი გამოვიდა შიშით, ვაითუ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდეს! გადამწყვეტი ფაქტორი იყო ეს და არა ამომრჩევლის მოსყიდვა. ნაციონალური მოძრაობა და მისი კანდიდატი რომ არ ყოფილიყო მეორე ადგილზე და ყოფილიყო სხვა ძალა, მერწმუნეთ, ამ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებდა და არა ხელისუფლება - ეს უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ კარგად. უცხოელი დამკვირვებლისთვის ეს რთულად დასაჯერებელია, მაგრამ რეალობაა. ამიტომ რთულია, არალეგიტიმურად გამოაცხადოს ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნების შედეგები და ის არ ცნოს”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

“მე მახსენდება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც რეალურად დადგა არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ. მაშინ სააკაშვილის გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაშინაც გაგრძელდა საპროტესტო ტალღა, მაგრამ მან ვერ შეცვალა მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. ახლა ოპოზიცია 16 დეკემბერს ინაუგურაციას ვერ ჩაშლის და არც ჩაშლის. ინაუგურაციის შემდეგ საპროტესტო მუხლი რამდენად იქნება ძლიერი, რამდენად გამოვა ხალხი, ამაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. აქ არ ვგულისხმობ პრეზიდენტის ლეგიტიმურობის საკითხს. პრეზიდენტზე უკვე საერთოდ აღარ იქნება საუბარი, - ეს არის მხოლოდ საბაბი, რეალურად კი ხელისუფლების შეცვლაზე იქნება საუბარი”, -დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ახლა ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და საარჩევნო სისტემის ცვლილებების მოთხოვნით გამოდის. წავა ამაზე ხელისუფლება?” - პასუხობს:

“სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. თუმცა ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება, რაც ვერც ერთხელ ვერ შეძლო ოპოზიციამ. ეს ნაციონალური მოძრაობა რომ არ იყოს ძველ ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული, რომლის მობრუნება ნამდვილად არ უნდა ხალხს, მაშინ ხელისუფლების ცვლილება ახლავე და გარდაუვალად მოხდებოდა. ეს პრობლემა რეალურად დგას”.

ოკუპირებულ აფხაზეთში “საპრეზიდენტო” არჩევნების გადმოწევას სოხუმის საკრებულოშიც ითხოვენ

“აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ვადამდელი “საპრეზიდენტო” არჩევნების საკითხი ისევე ხშირად განიხილება, როგორ თბილისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ყველაზე მეტად აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას უსუსური და კორუმპირებული პრეზიდენტობის ვადამდე დასრულებას ოპოზიცია მოითხოვდა. ბოლო დროს ამ თემაზე უფრო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის “აფხაზეთის ახალგაზრდობის ფორუმი” გააქტიურდნენ. მოთხოვნის შესარბილებლად აღარ გამოიყენებოდა ტერმინი “ვადამდელი”. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ სასურველია 2019 წლის ზაფხულში დაგეგმილი არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება. საზოგადოების ამ ნაილის პრეტენზიას იზიარებენ სოხუმის თვითმმართველობის არჩეული დეპუტატები - არჩევნების რამდენიმე თვით გადმოტანა ქალაქის საკრებულოშიც მოითხოვეს. მათი განმარტებით, ზაფხული ტურისტული სეზონის პერიოდია, არჩევნები კი ამას ხელს შეუშლის”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ოკუპირებულ აფხაზეთში “საპრეზიდენტო” არჩევნების გადმოწევას სოხუმის საკრებულოშიც ითხოვენ / ცხინვალი სოხუმის “საგარეო” პოლიტიკას შენატრის.

“ხაჯიმბას პრესსამსახურს ნათქვამი აქვს, რომ არჩევნები წელიწადის დროებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და დადგენილი ვადები არ შეიცვლება. ხაჯიმბას გარემოცვამ სოხუმის საკრებულოს დეპუტატებსაც უპასუხა. “ვიღაცის ამოცანაა, არ მისცეს ამ ხელისუფლებას ვადის ამოწურვამდე მუშაობის საშუალება” - ასკვნიან ისინი. ამასთან, ხაჯიმბას აპარატი აცხადებს, რომ კონსტიტუციით დადგენილ ვადებზე 5 ან 6 თვით ადრე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ და ხელისუფლებას ამხელენ ის პირები, რომლებიც ადრე იკავებდნენ თანამდებობებს. “ეს ხალხი ამახინჯებს ფაქტებს და ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ადრე, 2014 წლამდე, ყველაფერი კარგად იყო. ეს არის სიცრუე. ეს ადამიანები აქტიურობენ მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავლებიდან წილებს ელოდნენ და ვერ მიიღეს. აფხაზეთში წინსვლაა - სახელმწიფო ბიუჯეტი 5 მლრდ რუბლამდე გაიზარდა საკუთარი შემოსავლების ხარჯზე. ბიზნესმენები, ძირითადად, აგრძელებენ საქმიანობას და იხდიან გადასახადებს”, - ამტკიცებს ხაჯიმბას გარემოცვა. მათი განმარტებით, “ნაწილმა ბიზნესი დახურა, იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან ფული ვეღარ მიიღო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რეალურად, აფხაზეთში დიდი კორუფციაა და შავი ფული ტრიალებს. ბიუჯეტი, რომელიც რუსეთის სუბსიდიებით ივსება, ვერ სრულდება. პატარა ჯგუფის გამდიდრების პარალელურად, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რამაც გაზარდა უკმაყოფილება რუსეთის მიმართ. აფხაზი საზოგადოება გაწბილებულია იმითაც, რომ დაპირებული "დამოუკიდებლობა" არ ჩანს...” - განაგრძობს გამოცემა.

“მეორე ოკუპირებული მხარე - ცხინვალის რეგიონი, რამდენჯერმე ცდილობდა რუსეთთან მიერთებას. დღეს იქიდან სხვა ნოტები გაისმის. ცხინვალელი პოლიტოლოგები, აფხაზეთთან ურთიერთობის წლის შედეგების შეჯამებისას, სოხუმის “საგარეო” პოლიტიკას შენატრიან და თავიანთ ჩამორჩენაზე საუბრობენ. დინა ლაბოროვას თქმით, აფხაზეთს უფრო აქტიური საგარეო ურთიერთობები აქვს. მაგალითად, აფხაზებს ჰყავთ ოფიციალური წარმომადგენელი თურქეთში - აღიარებს თუ არა თურქეთი აფხაზეთს, სხვა საკითხია. აფხაზები ძალიან აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. მისივე თქმით, აფხაზები სარგებელს იღებენ იმითაც, რომ უშვებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს “საქართველოს მხრიდან”და აფხაზი ახალგაზრდების ნაწილი დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებშიც ახერხებს სწავლას”, - დასძენს გამოცემა.