სტეპან გრიგორიანი - არ ვარ დარწმუნებული, რომ ფაშინიანის პრემიერობისას ერევანი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნების საკითხზე გაეროში პოზიციას შეიცვლის

სომხეთში პირველად ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ”ინტერპრესნიუსი” გლობალიზიციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, სომხეთში პირველად ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რაკი არჩევნების შედეგებია ბევრწილად ცნობილია, მათზე საუბარი უკვე შესაძლებელია...

- არჩევნების შედეგი ასეთია, ნიკოლ ფაშინიანს ჯერჯერობით აქვს საკმაოდ მაღალი რეიტინგი. სექტემბერში ერევნის მერის არჩევნებზე ფაშინიანის ბლოკმა ხმათა 81% მიიღო. ახლა მათ დაახლოებით 71% მიიღეს. გასაგებია, რომ მათ 10% დაკარგეს, მაგრამ 71% საკმაოდ მაღალი შედეგია, რადგან მის მოძრაობას პარლამენტში კვალიფიციურ უმრავლესობაზე გაცილებით მეტი ეყოლება.

ვადამდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ სომხეთი კვლავაც რევოლუციური განწყობებით ცხოვრობს. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ ფაშინიანის მოძრაობამ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა

ვადამდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ სომხეთი კვლავაც რევოლუციური განწყობებით ცხოვრობს. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ ფაშინიანის მოძრაობამ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, სომხეთის პარლამენტის არჩევნები იყო, ხალხი პირდაპირ ირჩევდა პრემიერ-მინისტრს. შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნები პრაქტიკულად პრემიერ-მინისტრის პირდაპირი წესით არჩევა იყო.

ამგვარი ვითარება იმაზე მიუთითებს, რომ მე სწორი ვიყავი როცა ვამბობდი, რომ წინა ხელისუფლებამ ხალხს თავზე მოახვია მმართველობის საპარლამენტო სისტემა. ამ არჩევნებმაც გვანახა, რომ სომხეთში ეს სისტემა არ მუშაობს. არჩევნებზე ამომრჩეველი ლიდერს ირჩევს.

- რას გვეტყოდით, არჩევნების სხვა შედეგებზე, ფაშინიანის მოძრაობის გარდა კიდევ ვინ შევა სომხეთის პარლამენტში?

- პარლამენტში ასევე შევა სომხეთში ერთ-ერთი უმდიდრესი კაცის გაგიკ ცარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც ხმათა 8%-ზე ოდნავ მეტი მიიღო. პარლამენტში ასევე შევა ედმონ მანუკიანის პარტია „ნათელი სომხეთი“, რომელმაც ხმათა 6% მიიღო.

სინამდვილეში, ჩვენთან შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული რეიტინგული სისტემაა. პროპორციულ სისტემაში რეალურად არიან მაჟორიტარები

სომხეთის პარლამენტში 105 დეპუტატია და ადგილები პროცენტების შესაბამისად გადანაწილდება. 101 დეპუტატი სომხურ მოსახლეობას წარმოადგენს, ხოლო 4 დეპუტატი - ეროვნულ უმცირესობებს. ვინაიდან სომხეთის კონსტიტუციით გამარჯვებულ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს 67%-ზე მეტი, ანუ 2/3-ზე მეტი, დარჩენილი პროცენტები დანარჩენ ბარიერგადალახულ ორ პარტიაზე გადანაწილდება.

კარგია, რომ „რესპუბლიკური პარტია“, რომელსაც სერჟ სარგსიანი ლიდერობს, პარლამენტში ვერ მოხვდა. „რესპუბლიკელებმა“ ხმათა 4,7% აიღებს მაგრამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. კარგია რომ ეს ქვეყანა ამ ნაყარ-ნუყარი ხალხისგან გათავისუფლდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთი იდეალური პარლამენტი მაინც ვერ მივიღეთ, როგორიც გვინდოდა.

- ვინაიდან ჩვენთან ახლა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი აქტუალური თემაა, ამიტომ გკითხავთ - თქვენთან მაჟორიტარული სისტემა არ არსებობს?

- სინამდვილეში, ჩვენთან შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული რეიტინგული სისტემაა. პროპორციულ სიტემაში რეალურად არიან მაჟორიტარები.

ჩვენთან ისე არაა, როგორც თქვენთან, სადაც ცალკეა პროპორციული სიები და ცალკე ირჩევენ მაჟორიტარ დეპუტატებს. ჩვენთან საკმაოდ რთული სისტემაა. ამაზე ჩვენთან ბევრს კამათობენ, გამოთქვამენ უკმაყოფილებას, მაგრამ მისი შეცვლა ვერა და ვერ მოხერხდა.

- წინა არჩევნებზე, რომელიც 2017 წელს გაიმართა, სომხეთში არჩევნებზე აქტიურობა 61%-ს შეადგენდა. წელს მხოლოდ 48%-ს. გითხრათ სიმართლე, სომხეთში რევოლუციური სცენარით მოვლენათა განვითარებისა და ასევე რევოლუციური განწყობების ფონზე ამჯერად აქტივობა საკმაოდ დაბალი ჩანს. რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთი დაბალი აქტიურობა?

- საქმე იმაშია, რომ 2017 წლის აპრილში საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკმაოდ სერიოზულად იყო გაყალბებული. მაშინ ოპოზიცია მმართველ ძალას იმაში ადანაშაულებდა, რომ 300-400 ათასი ხმა გაყალბდა. გაყალბება მოხდა იმათ ხარჯზე, ვინც პრაქტიკულად გასულია ქვეყნიდან. ეს ხმები მაშინ მმართველმა ძალამ გამოიყენა თავის სასარგებლოდ.

2017 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, ქვეყნიდან გასულების ხმა არავის გამოუყენებია, არც ადმინისტრაციული რესურსი გამოუყენებია ვინმეს, შესაბამისად, აქტივობის პროცენტი მაშინ იყო გაყალბებული, წელს კი იგი პრაქტიკულად არავის გაუყალბებია

გარდა ამისა, ხელისუფლება დაკავებული იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ასევე ამომრჩევლების საარჩევნო უბნებში ორგანიზებულად მიყვანით. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის საშუალება არ ჰქონდა.

2017 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, ქვეყნიდან გასულების ხმა არავის გამოუყენებია, არც ადმინისტრაციული რესურსი გამოუყენებია ვინმეს, შესაბამისად, აქტივობის პროცენტი მაშინ იყო გაყალბებული, წელს კი იგი პრაქტიკულად არავის გაუყალბებია.

- არჩევნების წინ ნიკოლ ფაშინიანი აცხადებდა, რომ მისი ამოცანაა სომხეთი აგრარული ქვეყნიდან გადააქციოს ინდუსტრიულ ქვეყნად, დაძლიოს სიღარიბე და უმუშევრობა.

ვითარებაში, როცა სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნად რჩება, სერიოზული პრობლემები არსებობს ამ კავშირში ინტეგრაციული პროცესების დასაჩქარებლად, იმ ამოცანების გადაჭრა, რაზეც ფაშინიანი საუბრობს, საკმაოდ ძნელია. თქვენი აზრით, უახლოეს 5 წელში შეძლებს ფაშიანიანი იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებსაც თავად უმთავრესად მიიჩნევს?

- გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. იმ 7 თვის განმავლობაში, რაც სომხეთს ფაშინიანი მართავს, მკაფიოდ არ ჩანს, მისი პოლიტიკა რაში მდგომარეობს. ჩვენ მას აქამდე იმის გამო არ ვაკრიტიკებდით, რომ სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც მას უმრავლესობა აქამდე არ ჰყავდა.

არჩევნებზე ხალხი ნიკოლ ფაშინიანს აძლევდა ხმას. ახლა ფაშინიანი ხელისუფლებაში თავის გუნდთან ერთადაა მოსული. საჭიროა დრო იმის გასაგებად, შეძლებს თუ არა ფაშინიანი და მისი გუნდი იმ პრობლემების გადაჭრას, რაზეც თავად საუბრობდა არჩევნებამდე

არჩევნების შედეგებით მას უკვე ჰყავს უმრავლესობა პარლამენტში. მისი გუნდის უმრავლესობას ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ. მის გუნდში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაა, მთავრობაშიც არიან ახალგაზრდა სახეები.

არჩევნებზე ხალხი ნიკოლ ფაშინიანს აძლევდა ხმას. ახლა ფაშინიანი ხელისუფლებაში თავის გუნდთან ერთადაა მოსული. საჭიროა დრო იმის გასაგებად, შეძლებს თუ არა ფაშინიანი და მისი გუნდი იმ პრობლემების გადაჭრას, რაზეც თავად საუბრობდა არჩევნებამდე.

- ფაშინიანი არჩევნებამდე აცხადებდა, რომ იგი აპირებს ითანამშრომლოს ევროკავშირთან, აშშ-სთან, ჩინეთთან, მაგრამ სომხეთისათვის რუსეთთან ურთიერთობა პრიორიტეტული იქნება. ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსული პრესა შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ფაშინიანი დასავლეთისკენ იცქირება. თქვენი აზრით, სავარაუდოდ რას ეფუძნებოდა რუსეთში ამგვარი განწყობების არსებობა?

- ფაშინიანის მიმართ სიფრთხილე რუსეთში იყო და ამგვარი დამოკიდებულება ნაწილობრივ კიდევ არის. სავარაუდოდ, ასეა იმის გამო, რომ მოსკოვისთვის ფაშინიანი არც კარგად იყო ნაცნობი და შეიძლება ითქვას, გაუგებარ ადამიანად რჩებოდა. საერთოდ, მოსკოვში არ ესმით, თუ როგორ შეიძლება დამყარდეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ლეგიტიმური ხელისუფლება. ასეთი ადამიანებისგან რუსეთი ყოველთვის ელოდება სიურპრიზებს.

მოსკოვი მალე დარწმუნდება, რომ ფაშინიანი სულაც არაა მედასავლეთე... ვინაიდან იგი მედასავლეთე არაა, გარკვეული დროის შემდეგ მოსკოვი ფაშინიანთან მიმართებაში დამშვიდდება

რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს სომხეთში გავლენა და ახდენს გავლენას სომხეთში მიმდინარე პროცესებზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ კრემლი შეეცდება მშვიდობიანად მოძებნოს მასთან საერთო ენა.

მოსკოვი ფაშინიანთან იმუშავებს, მაგრამ არა მგონია, რომ მას შეიყვარებს. ასე იქნება მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მალე დარწმუნდება რომ ფაშინიანი სულაც არაა მედასავლეთე. ფაშინიანი შეეცდება მეტად აწარმოოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ვინაიდან იგი მედასავლეთე არაა, გარკვეული დროის შემდეგ მოსკოვი ფაშინიანთან მიმართებაში დამშვიდდება.

- ფაშინიანი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ სომხეთს აქვს ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციის პრობლემები, სომხეთს სურს რომ ევრაზიულ კავშირში სომხურ ბიზნესს ჰქონდეს თავისუფალი წვდომა. თქვენი აზრით, იმ მოცემულობაში, რომელიც რეალურად არსებობს ევრაზიულ კავშირში, ის რაზეც საუბრობს ფაშინიანი შესრულებადი ან გადაწყვეტადია?

- არა, რა თქმა უნდა, არაა შესრულებადი. მიუხედავად ამისა, მე მისი კარგად მესმის. ევრაზიული კავშირიდან და ოდბკ-დან გასვლა სომხეთს უამრავ პრობლემას შეუქმნის.

ზემო ლარსი ხშირად იკეტება. როგორც გაირკვა პრობლემა არა ზამთრის სუსხია, არამედ რუსული მხარის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერები. სომეხი მძღოლები იმაზე საუბრობენ, რომ ეს ბარიერები იქმნება იმის გამო, რომ მათ რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ

როცა ვამბობ, რომ შეუსრულებადია, ვგულისხმობ იმას, რომ როცა პარტნიორი რუსეთია, ძალიან მაღალია რისკები.

ეს რისკები უკავშირდება კორუფციას, არაეფექტურ ადმინისტრირებას. ზემო ლარსი ხშირად იკეტება. როგორც გაირკვა პრობლემა არა ზამთრის სუსხია, არამედ რუსული მხარის მიერ შექმნილი ხელოვნურ ბარიერები. სომეხი მძღოლები იმაზე საუბრობენ, რომ ეს ბარიერები იქმნება იმის გამო, რომ მათ რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ.

- თუ ისევ ფაშინიანის განცხადებებს გავიხსენებთ, მას სურს არა მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკის გატარება, არამედ „ყველასთან ურთიერთობის განვითარება“. ყველასთან ურთიერთობების თანაბრად გაღრმავება ძნელი საქმეა, მაგრამ დაუშვებს მოსკოვი იმას, რომ ერევანს თანაბარი ურთიერთობები ჰქონდეს ევროკავშირთან, ინდოეთთან, ჩინეთთან?

- არ მგონია, რომ მოსკოვმა ასე იოლად მისცეს უფლება ერევანს ითანამშრომლოს ყველასთან. მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანის ლეგიტიმაციის დონე საკმაოდ მაღალია, მოსკოვს აქვს უამრავი მექანიზმები, რომ აკონტროლოს ერევანი. სწორედ ამიტომ იყო კარგი, რომ პარლამენტში მოხვედრილიყვნენ ის ძალები, რომლებიც ნაკლებად არიან დამოკიდებული რუსეთზე. რადგან ასე არ მოხდა, მოსკოვს მეტად შეეძლება კორექტივები შეიტანოს ფაშინიანის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში, არამედ საშინაო საქმეებშიც.

მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანის ლეგიტიმაციის დონე საკმაოდ მაღალია, მოსკოვს აქვს უამრავი მექანიზმები იმისთვის, რომ აკონტროლოს ერევანი

ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ ფაშინიანის მკაფიო საგარეო პოლიტიკას. შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ იგი ლიდერია არა პარტიის, არამედ მოძრაობა „ჩემი ნაბიჯის“. ამ მოძრაობაში განსხვავებული ადამიანები არიან გაერთიანებული. ჯერ უცნობია ფაშინიანის საგარეო პოლიტიკა რამდენად მკაფიო იქნება. როცა ამ საკითხში ისინი ჩამოყალიბდებიან, ამაზე მხოლოდ შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ.

- არჩევნების წინ ფაშინიანი საუბრობდა ევრაზიული კავშირის ფარგლებში ნავთობისა და გაზის ერთიანი ბაზრის შესახებ, ასევე, ურთიერთგადახდის ერთიან ფორმაზე. იმაზე, რომ ყველა ქვეყანა არაა მზად დედოლარიზაციისათვის... თქვენი აზრით, რეალურად რაზე საუბრობს სომხეთის ახალი ლიდერი?

- თქვენ მეტად მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. რუსეთი დიდი ხანია ცდილობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვაჭრობა იყოს არა დოლარებზე, არამედ რუსულ რუბლებზე. რუსული რუბლი იყოს კონვერტირებადი ვალუტა. ეს სომხეთს არ აწყობს, ამიტომაც ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთი ამისთვის მზად არაა.

რუსეთი დიდი ხანია ცდილობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვაჭრობა იყოს არა დოლარებზე, არამედ რუსულ რუბლებზე, რუსული რუბლი იყოს კონვერტირებადი ვალუტა. ეს სომხეთს არ აწყობს, ამიტომაც ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთი ამისთვის მზად არაა

რაც შეეხება ევრაზიული კავშირის ფარგლებში ნავთობისა და გაზის ერთიან ბაზარს. ამ საკითხს კარგა ხანია აყენებს ბელორუსი და სწორადაც სვამს საკითხს. ასეთ შემთხვევაში სომხეთში გაზზე ფასი ორჯერ შემცირდება. ეს არ აწყობს რუსეთს, რადგან მას სომხეთისა და ბელორუსისთვის გაზის დაბალ ფასში მიცემის ნაცვლად, შეუძლია თავისი გაზი უფრო ძვირად გაყიდოს.

ამიტომ ის საკითხები, რასაც ფაშინიანი აყენებს, სრულებით გასაგებია, მაგრამ ამაზე რუსეთი არ დათანხმდება, რადგან ეს მისთვის წამგებიანია.

- ფაშინიანმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ ევრაზიული კავშირის ფარგლებში სომხეთს სურს დააზუსტოს პარტნიორების, მათ შორის ოდბკ-ს ფარგლებში პარტნიორების მიერ თავის თავზე აღებული ვალდებულებები.

მან იქვე დაამატა, რომ პარტნიორები საერთაშორისო ორგანიზაციებში ყარაბაღის საკითხში ხშირად აძლევენ ხმას სომხეთის ინტერესების წინააღმდეგ. თქვენ თუ გახსოვთ, რომელი ქვეყნები აძლევდნენ ხმას სომხეთის წინააღმდეგ?

- საუბარია იმაზე, რომ ოდბკ-ს წევრები რუსეთი და ბელორუსი იარაღს აწვდიან აზერბაიჯანს. ისინი ამგვარი მოქმედებით არღვევენ ოდბკ-ს ფარგლებში აღებულ ვალდებულებას არ მიაწოდონ ოდბკ-ს არაწევრ ქვეყანას იარაღი. თან საუბარია იმ ქვეყანაზე, რომელთანაც სომხეთი პრაქტიკულად ომის მდგომარეობაში იმყოფება.

როცა სომხეთი ევრაზიულ კავშირში შედიოდა, ბელორუსმა და ყაზახეთმა სომხეთისაგან მოითხოვეს რომ სომხეთსა და ყარაბაღს შორის დაეწყო ფუნქციონირება საბაჟო პუნქტებს. ასევე საუბარია იმაზე, რომ ევროპის საბჭოში ევრაზიული საბჭოს წევრები ხშირად ხმას აძლევენ სომხეთის წინააღმდეგ.

- ფაშინიანმა სომხეთის უმნიშვნელოვანეს პარტნიორებს შორის საქართველო და ირანი დაასახელა, რომლებთანაც იგი აპირებს ურთიერთობების გაღმავებას. ასეთ ქვეყნებად მან ჩინეთი და ინდოეთიც კი დაასახელა. ეს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გაგრძელებად უნდა აღვიქვათ თუ მხოლოდ ხმამაღალ განცხადებებად?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ამაზე მას თავად უნდა ჰკითხოდ. ფაშინიანი ხმამაღალ განცხადებებს კი აკეთებს, მაგრამ ჯერ მათ გაგრძელება არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ ამგვარი განცხადებები მისი მხრიდან საგარეო პოლიტიკაში მრავალვექტორული ხაზი გატარების სურვილს უკავშირდება.

ფაშინიანი ბევრ ხმამაღალ განცხადებას კი აკეთებს, მაგრამ ჯერ მათ გაგრძელება არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა მაინც მგონია, რომ ამგვარი განცხადებები მისი მხრიდან საგარეო პოლიტიკაში მრავალვექტორული ხაზის გატარების სურვილს უკავშირდება

შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციებში სომხეთის წინააღმდეგ ხმის მიცემაზე საუბრისას, შესაძლოა ფაშინიანი გულისხმობდა ისლამურ კონფერენციას, რომელშიც შედიან ევრაზიული კავშირის წევრები ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. რამდენადაც ვიცი, ამ კონფერენციაზე უყარეს კენჭი ყარაბაღის საკითხს. ასე რომ, ალბათ ფაშინიანმა ესეც იგულისხმა.

- გასაგებია, რომ სომხეთი საერთაშორისო ორგანიზაციებში თავისი პარტნიორებისგან ყარაბაღის საკითხში მეტ თანადგომას ითხოვს. მაგრამ, ვითარებაში, როცა ერევანი საქართველოს თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად განიხილავს, გაუგებარია გაეროში თუ რატომ აძლევს ხმას სომხეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგ.

თქვენი დაკვირვებით, ფაშინიანის მმართველობის პერიოდში სომხეთი გააგრძელებს გაეროში ამ საკითხში გაუგებარი პოზიციის დაფიქსირებას?

- მე ამ საკითხზე სომხურ მედიაში არაერთხელ ვისაუბრე. გასაგებია, რომ გაეროში სომხეთმა ხმის მიცემისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან რუსეთს ხშირად არ მოსწონს მისი პარტნიორების მიერ დაფიქსირებული პოზიციები. მაგრამ, სომხეთის მხრიდან დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგ ხმის მიცემა სხვა არაფერია, თუ არა დიდი სისულელე.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობისას ერევანი გაეროში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნების საკითხზე პოზიციას შეიცვლის. ასე იმიტომ ვამბობ, რომ ფაშინიანისგან ბევრი ხმაურიანი განცხადება მოგვისმენია, მაგრამ, მათ რეალური საქმე არ მოჰყოლია.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა