ზაალ ანჯაფარიძე  - „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ურთიერთობა კონფრონტაციულია, თუ ემოციებს დაიცხრობენ და დიალოგის ენაზე გადავლენ, ორივესთვის უკეთესი იქნება

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ რეალობასა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, ვიდრე არჩევნების შემდგომ ჩვენში ჩამოყალიბებულ რეალობასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებს შევეხებოდეთ, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია.

გაუგებარი დარჩა თუ რა იყო ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ვინაიდან რამდენიმე დღეში ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომლითაც საქართველოს არამოქალაქე პირებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე აკრძალვა მკაფიოდაა დაფიქსირებული.

არასაპარლამენტო ოპოზიცია და „ქართული მარში“ ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გარკვეული ჯგუფების ინტერესში იყო და მათ უნდა მიეწეროთ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიწების დაკანონება. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ამ საკითხზე არც ხელისუფლებისგან და არც საკონსტიტუციო სასამართლოსგან კვალიფიციური განმარტებები არ მოგვისმენია?

- საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე ასე ნაჩქარევად გამოტანილი გადაწყვეტილება, მით უმეტეს თქვენს მიერ ნახსენები გარემოებების ფონზე, ნამდვილად აჩენს ეჭვებს.

ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე გამოტანილი გადაწყვეტილებები საზოგადოებაში ბევრ ეჭვსა და კითხვას აღძრავს, რაც ამ ინსტიტუტის ავტორიტეტზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს

წავიკითხე კვალიფიციური იურისტების მოსაზრებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას შეცდომად აფასებენ. სამწუხაროდ, ამ მომენტისათვის არ ვფლობ მეტ ინფორმაციას, რომ უფრო დეტალური პასუხი გაგცეთ, მით უმეტეს, რომ ეს რთული იურიდიული საკითხია.

საერთოდ, ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე გამოტანილი გადაწყვეტილებები საზოგადოებაში ბევრ ეჭვსა და კითხვას აღძრავს, რაც ამ ინსტიტუტის ავტორიტეტზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს.

- პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ დაიწყო ბანკებთან მიმართებაში მოქალაქეების იმ დავალიანების განულება, რასაც იგი მოქალაქეებს დაპირდა. არავინ დავობს, რომ წინასაარჩევნოდ ამგვარი დაპირება აშკარად ამომრჩევლების მოსყიდვად იქნა აღქმული.

ამ საკითხში ხელისუფლებას ყველაზე მეტად „ნაციონალები“ აკრიტიკებენ, რომლებიც მათი მმართველობის დროს პრაქტიკულად იგივეს აკეთებდნენ, როცა ფქვილს, ელექტროენერგიის ვაუჩერებს თუ ხვნისთვის 20 ლიტრ ბენზინს არიგებდნენ.

ვინაიდან ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 600 ათას მოქალაქეს გაუნულებდა დავალიანებას, რისთვისაც „ქართუ ბანკი“ 1,5 მლრდ ლარს დახარჯავდა, ჩემი კითხვა ასეთია - თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რამდენ მოქალაქეს გაუნულდება საბანკო დავალიანება და სავარაუდოდ რა დაუჯდება ეს „ქართუ ბანკს“?

- როგორც ხელისუფლებამ განაცხადა, საუბარია 600,000-ზე მეტ მოქალაქეზე და ზუსტი რაოდენობა შესაბამის მონაცემთა ბაზაში იქნება დაფიქსირებული. ვერ გეტყვით რა დაუჯდება ეს ფონდ „ქართუს,“ ამაზე თავად მისი წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები ისაუბრებენ, როდესაც ეს აქცია დასრულდება.

- საპრეზიდენტო არჩევნები კი დასრულდა, მაგრამ ფაქტია, რომ უკანასკნელი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობა ჩამოყალიბდა. თქვენ როგორ დაახასიათებდით არჩევნების შემდეგ ჩვენში არსებულ პოლიტიკურ სურათს და იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა?

- თვისობრივად ახალი რეალობაა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გვყავს, ასევე ის, რომ ამ არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდისათვის საკმაოდ მძიმე პერიოდი დადგა.

სრულიად ვეთანხმები შეფასებას, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით ამომრჩეველმა ბოლო შანსი მისცა „ქართულ ოცნებას,“ რომელსაც ცაიტნოტში მოუწევს მოქმედება იმისათვის, რომ ამომრჩევლის მოთხოვნებს უპასუხოს ისე, როგორც ამას ამომრჩეველი ითხოვს და ამომრჩეველს სჭირდება და არა ისე, როგორც ეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიაჩნიათ სწორად.

სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით ამომრჩეველმა ბოლო შანსი მისცა „ქართულ ოცნებას,“ რომელსაც ცაიტნოტში მოუწევს მოქმედება

არჩევნების შემდეგ მივიღეთ პოლიტიკური ძალების გადაჯგუფების ახალი ციკლი. ერთ მხარეს „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობის“ მიუღებლობის ნიადაგზე მასთან სიტუაციურ მოკავშირეობაში მყოფი პოლიტიკური ძალები და საზოგადოებრივი ჯგუფები.

მეორე მხარეს, კი ასევე „ქართული ოცნების“ მიუღებლობის გამო სიტუაციურ მოკავშირეებად გადაქცეული ადრე ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები.

- ვინაიდან „ნაცმოძრაობა“ - "ძალა ერთობაშიამ“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა, საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ აქტუალურ თემად რჩება მმართველ გუნდსა და მთავარ ოპოზიციურ ძალას შორის ურთიერთობების თემა.

"ნაცმოძრაობამ“ განაცხადა, რომ არ აპირებდნენ ინაგურაციისათვის ხელის შეშლას და ბრძოლის სამართლებრივი გზა აირჩიეს, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ მათი მოთხოვნების განხილვაზე ხელისუფლებამ უარი თქვა. მხედველობაში მაქვს პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, რასაც ახლა ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობა ითხოვს. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა ფორმას მიიღებს მმართველ გუნდსა და „ნაცმოძრაობას“ შორის ურთიერთობა თუნდაც ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში?

- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ნაცმოძრაობამ“ და მასთან აფილირებულმა პარტიებმა არაერთხელ შეიცვალეს პოზიცია ინაუგურაციასთან დაკავშირებით მათ გეგმებზე.

ეს იმის მანიშნებელია, რომ თავად ამ გაერთიანებაში, სადაც პირველი ვიოლინო სწორედ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფაქტობრივი ლიდერი სააკაშვილია, მიდის პოზიციათა ჭიდილი რადიკალებსა და ზომიერებს შორის.

ალბათობა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დაემსგავსოს „ნაცმოძრაობას,“ ძალიან დაბალია თუ ნულოვანი არა, თუკი საზოგადოებაში ასეთმა განცდამ მოიკიდა ფეხი, მმართველი პარტიისათვის ეს პოლიტიკურად და რეპუტაციულად უკიდურესად დამაზიანებელი იქნებოდა

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ერთი მხარის ხისტი და შეუვალი პოზიცია ასეთივე ხისტ ჩარჩოებში აქცევს მეორე მხარის პოზიციასაც. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ულტიმატიურ განცხადებებზე, რომ ისინი ხელისუფლებასთან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აპირებენ სამუშაო ჯგუფის შექმნას და კიდევ ულტიმატუმის შესრულების ვადის დათქმამ, ბუნებრივია, გამოიწვია ის პასუხი, რაც მათ მიიღეს ხელისუფლებისგან.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხელისუფლება გამოთქვამდა მზაობას ემუშავა ოპოზიციასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, მაგრამ არა ვადამდელ არჩევნებზე.

ჯერჯერობით „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ურთიერთობა აშკარად კონფრონტაციულია და არის ალბათობა, რომ სახიფათო ხასიათი მიიღოს. თუ ორივე მხარე ემოციებს დაიცხრობს და დიალოგის ენაზე გადაერთვება, ორივესათვის უკეთესი იქნება.

ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე პროცესებს გულდასმით აკვირდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ეს აისახება მათ პოზიციებზე საქართველოსთან მიმართებაში.

- თუ „ნაცმოძრაობის“ აქტივობებზე მმართველი გუნდის განცხადებებს მივადევნებთ თვალს, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების გამო ეიფორიიდან ძნელად გამოდის.

არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დაფაცურების თემას შევეხებით, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს ხელისუფლება არ იმჩნევს. 2010 წელს პროპორციულ სისტემაზე უარი სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ თქვა, ახლა იგივეს აკეთებს „ქართული ოცნება“. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ “ოცნება“ 2010 წლის „ნაცმოძრაობას დაემსგავსოს?

- ალბათობა, რომ „ქართული ოცნება“ დაემსგავსოს „ნაცმოძრაობას,“ ძალიან დაბალია თუ ნულოვანი არა, მიუხედავად იმისა, რომ მის რიგებში არაერთი პორტირებული „ნაციონალია". თუკი საზოგადოებაში ასეთმა განცდამ მოიკიდა ფეხი, მმართველი პარტიისათვის ეს პოლიტიკურად და რეპუტაციულად უკიდურესად დამაზიანებელი იქნებოდა

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინებას, როგორც უკვე აღვნიშნე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და საარჩევნო კოდექსის დახვეწის შესახებ დიალოგზე მმართველი პარტია თითქოსდა უარს არ ამბობს.

ალბათ საჭიროა, რომ მან უფრო მკაფიოდ დააფიქსიროს ამის მზაობა. თუმცა, როდესაც ულტიმატუმების და მიტინგების ენით გესაუბრებიან, დიალოგის გამართვა ჭირს. მიუხედავად ამისა, დიალოგი მაინც უნდა შედგეს.

- “ძალა ერთობაშიას“ ლიდერები კი ამტიცებენ, რომ 800 ათასამდე ხმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიღებულია, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერია. „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში გამოთქვა ამგვარი მოსაზრება - „მიშას ხელისუფლება არც იყოფოდა და არც სამომავლოდ დაიყოფა. ეს კაცი წარსულია და „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემაა. „ნაცების“ საშველი მიშისტებად და არამიშისტებად გაყოფაშია”. კიდეც რომ მოხდეს ამგვარი მკვეთრი გაყოფა „ნაციონალებში“, თქვენი დაკვირვებით, სააკაშვილის მომხრე მხარდამჭერები უფრო ანგარიშგასაწევი იქნებიან, როგორც 2018 წლის არჩევნებმა ანახა, თუ არამიშისტი „ნაციონალები“?

- მარჩიელობას იმაზე, თუ რანაირად მოხდება „ნაცმოძრაობის“ დაყოფა ნამდვილად არ დავიწყებ - უსარგებლო საქმეა. იმის გარკვევა კი, თუ როგორ მოაგროვა „გაერთიანებული ოპოზიციის“ მანტიით შეფუთულმა „ნაცმოძრაობამ“ 780,000 ხმა, ნამდვილად საინტერესოა, რადგანაც ჩვენი ამომრჩევლის ქცევის თავისებურებებზე მიუთითებს.

„ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მიმართ ჩნდება კითხვა - ისინი დემოკრატიას ემხრობიან თუ ავტორიტარიზმს?

ზუსტი პასუხის მისაღებად, ალბათ, შესაბამისი კვლევა უნდა ჩატარდეს. თუმცა, ამომრჩევლის ამ სეგმენტს, მიუხედავად იმისა, შეგნებულად მისცა ხმა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს თუ ემოციურად „ქართული ოცნების“ ჯიბრზე შემოხაზა ვაშაძე, უნდა ესმოდეს, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაგდება, ეს სერიოზული პასუხისმგებლობაც არის.

შესაბამისად, ამომრჩეველთა ამ ნაწილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის არჩევანზე. „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერით მათ ფაქტობრივად ხელი მოაწერეს ხელისუფლებაში მათი დაბრუნების შესაძლებლობას და იმ ყველაფრის შემობრუნებას, რის გამოც მოსახლეობამ 2012 წელს „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოაშორა. შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მიმართ ჩნდება კითხვა - ისინი დემოკრატიას ემხრობიან თუ ავტორიტარიზმს?

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს და „ოცნებას“ აწყობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი კონკურენტი ისევ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ იყოს, მაგრამ ბოლო არჩევნებმა გვანახა, რომ ლოზუნგი „არა მიშას“! და ბოლო არჩევნებზე „ოცნების“ მიერ აპრობირებული არჩევნების ჩატარების მეთოდიკა 2020 წლის არჩევნებზე არ იმუშავებს.

თქვენი დაკვირვებით, 2020 წლის არჩევნებისთვის „ოცნება“ ისევ სააკაშვილის გააქტიურების იმედად იქნება, თუ შეეცდება საპარლამენტო არჩევნებამდე ვითარების რადიკალურად შეცვლას?

- არჩევნებამდე დარჩენილ დროში „ქართული ოცნება“ ვითარებას რადიკალურად ვერ შეცვლის და ვფიქრობ, არც უნდა გააჩინოს მოსახლეობაში ამგვარი გადამეტებული მოლოდინები, რადგანაც ეს ცუდად დაუბრუნდება.

სააკაშვილი თავისი წრეგადასული რადიკალიზმით ნამდვილი „საჩუქარია“ მმართველი პარტიისათვის ყოველი არჩევნების წინ და მისი წვლილი „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში არცთუ უმნიშვნელოა. რატომ იტყვის „ოცნება“ უარს ასეთ „საჩუქარზე“?!

რაც „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს რეალურად შეუძლიათ ამ პერიოდში არის ის, რომ გადადგან ნაბიჯები სწორი მიმართულებით, დადონ თუნდაც მცირე, მაგრამ რეალურად ხელშესახები შედეგები, რომლებსაც ვერავინ ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებს და კარგად დაანახონ და აგრძნობინონ ეს შედეგები მოსახლეობას.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილი თავისი წრეგადასული რადიკალიზმით და ბოლო დროს უკვე აშკარად უზნეო გამოხდომებით, შეიძლება ითქვას ნამდვილი „საჩუქარია“ მმართველი პარტიისათვის ყოველი არჩევნების წინ და მისი წვლილი „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში არცთუ უმნიშვნელოა. რატომ იტყვის „ქართული ოცნება“ უარს ასეთ „საჩუქარზე“?!

- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს. ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ვითარების რადიკალურად შესაცვლელად ივანიშვილს „საკადრო რევოლუციის დაწყება“ მოუწევს. მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებზე ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ ჯერ კონკრეტული არც არაფერი ხდება. თქვენი დაკვირვებით, დაიწყებს თუ არა ივანიშვილი მმართველი გუნდის საკადრო პოლიტიკაში კორექტივების შეტანას? თუ კი, სავარაუდოდ, რა სახის ცვლილებებია მოსალოდნელი?

- სიტყვა „რევოლუციის“ ენციკლოპედიური განმარტება ძირფესვიან გარდაქმნას გულისხმობს. თუ სიტუაციას რეალისტურად შევაფასებთ, ივანიშვილს „საკადრო რევოლუცია,“ თანაც მოკლე დროში, რამდენიმე მიზეზის გამო არ გამოუვა.

პირველი ის, რომ ამისათვის ძალიან ბევრი ისეთი ალტერნატიული კადრი უნდა იპოვოს, რომელიც არსებულზე გაცილებით უკეთესია და მიიღოს მათგან თანხმობა. მეორე, ის, რომ „საკადრო რევოლუცია“ გულისხმობს საპარლამენტო ფრაქციის და მთავრობის შემადგენლობის, ასევე ადგილებზე არჩეული მერების და გამგებლების გამოცვლას. ნებისმიერი სხვა სახის საკადრო ცვლილება იქნება არა რევოლუციური, არამედ კოსმეტიკური.

საკადრო სფეროში რევოლუციურ ცვლილებებს არ ველოდები, მაგრამ გარკვეული საკადრო გადაადგილებები და ჩანაცვლებები დიდი ალბათობით იქნება, რადგანაც საზოგადოება ივანიშვილისგან დანაპირების შესრულებას ელოდება

„საკადრო რევოლუცია“ მოითხოვს ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რის გაკეთებასაც „ოცნება“ არ გეგმავს. თუმცა, რა გეგმები აქვს ამ მიმართებით თავად ივანიშვილს, არ ვიცი.

მესამე ის, რომ მასობრივი საკადრო წმენდა თავის თავში არაერთ საფრთხეს შეიცავს მმართველი პარტიისათვის და ზოგადად პოლიტიკური სტაბილურობისათვის. შესაბამისად, ვინც „საკადრო რევოლუციაზე“ საუბრობს, უნდა ახსნან კიდეც თუ როგორ წარმოუდგენიათ ეს პოლიტიკურად, კონსტიტუციურად და ტექნიკურადაც.

აქედან გამომდინარე, საკადრო სფეროში რევოლუციურ ცვლილებებს არ ველოდები, მაგრამ გარკვეული საკადრო გადაადგილებები და ჩანაცვლებები დიდი ალბათობით იქნება, რადგანაც საზოგადოება ივანიშვილისგან დანაპირების შესრულებას ელოდება.

- არჩევნების შემდეგ შესამჩნევად გააქტიურდა საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც ცდილობს მესამე ძალის სტატუსის დამკვიდრებას. დიდ პოლიტიკას დიდი ფული სჭირდება, ფული კი მხოლოდ ივანიშვილსა და „ოცნებას“ და სააკაშვილსა და „ნაციონალებს აქვთ. თქვენი დაკვირვებით, რამდენად არის ქართულ საზოგადოებაში იმის რესურსი, რომ 2020 წლამდე პოლიტიკურ ასპარეზზე ანგარიშგასაწევი ძალა გამოჩნდეს?

- ასეთი რესურსი ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებაში არის და ვფიქრობ, არც ჩვენ უნდა ვიყოთ გამონაკლისი. ვინ იფიქრებდა, რომ ნაკლებად ცნობილი რიგითი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი მოკლე დროში ჭეშმარიტ სახალხო ლიდერად გადაიქცეოდა?!

მაქვს იმედი, რომ ჩვენს საზოგადოებაშიც არის ლიდერთა ადამიანური რესურსი. თუმცა, არ მგონია ეს ის ხალხი იყოს, ვისზედაც ეხლა აქტიურად საუბრობენ და სურთ „მესამე ძალად“ მოგვახვიონ თავს, თანაც ქვეყნის გარედან მათზე დახარჯული ფინანსებით.

არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წლამდე ასპარეზზე ახალი ძალა გამოვიდეს. ბევრი ადამიანი ხვდება - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ეს სრულიად ხელოვნურად შექმნილი ორპოლუსიანი სისტემა უნდა შეიცვალოს

რეალურ ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანი ხალხის ენით უნდა საუბრობდეს, ისე უნდა ცხოვრობდეს როგორც ჩვეულებრივი ხალხი. ხალხმა მასში ის ღირებულებები და პრინციპები უნდა დაინახოს, რაც საერთო ეროვნულ ღირებულებებსა და პრინციპებს პასუხობს და მოქალაქეს მისი სულიერი და ზნეობრივი სამაგრების დაცვაში ეხმარება. რაც მთავარია, ლიდერმა არ უნდა მოატყუოს ხალხი.

მე არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წლამდე ასპარეზზე ახალი ძალა გამოვიდეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი შეიძლება იყოს ის, რომ ბევრი ადამიანი ხვდება - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ეს სრულიად ხელოვნურად შექმნილი ორპოლუსიანი სისტემა უნდა შეიცვალოს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რეალურად არსებობს პოლიტიკური კლასის კრიზისი, თუ თქვენც ასე ფიქრობთ, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა ტიპის პოლიტიკოსებზე იქნება მოთხოვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ?

- სრულიად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ერთ-ერთი რაც ამ არჩევნებმა აჩვენა, ეს სწორედაც რომ პოლიტიკური კლასის კრიზისია, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა.

ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური კლასის კრიზისია, რაც პრობლემაა, რადგან პოლიტიკოსების „ძველმა გვარდიამ“ ბოლომდე გააშიშვლა საკუთარი ნამდვილი სახე და ძირითადად უარყოფითი ნიშნით

ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის პოლიტიკური კლასის მოღვაწეობისა და განახლების ჩვენი ქართული თავისებურებები. მაგალითად, პოლიტიკაში კი მოვიდნენ ახალი სახეები, მაგრამ მთლიანობაში მათ პოლიტიკური ცხოვრება ვერ გააჯანსაღეს, თვითკმარ ლიდერებად ვერ ჩამოყალიბდნენ, კომფორტის ზონაში დარჩენა ამჯობინეს.

მეტიც, ბევრმა თავიანთი არაადეკვატური ქცევით ძალიან მოკლე დროში დაკარგა ხალხის ნდობა და პატივისცემა. პოლიტიკოსების ე.წ. „ძველმა გვარდიამ“ კი ბოლომდე გააშიშვლა საკუთარი ნამდვილი სახე და ძირითადად უარყოფითი ნიშნით.

ჩემის აზრით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უფრო მეტი მოთხოვნა ნაციონალ-პატრიოტულ პლატფორმაზე მდგომ პოლიტიკოსებზე იქნება, რომლებიც ქვეყანას და ხალხს სახელმწიფოს შენების და განვითარების ეროვნულ ფასეულობებზე დამყარებულ ხედვას შესთავაზებენ.

- ინაუგურაციის ჩატარების თემა ქართული მედიის ერთ-ერთი განხილვადი თემაა. ბევრის მსგავსად მეც მიმაჩნია, რომ ინაუგურაციის ადგილის შერჩევა ახლად არჩეული პრეზიდენტის სურვილზე არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული და კანონი არ უნდა დარღვეულიყო. რადგან ახლა აქტუალურია თემაა სკანდალების გარეშე ჩატარდება თუ არა ინაუგურაცია, მეც გკითხავთ - თქვენი აზრით, ინაუგურაცია თელავში ექსცესების გარეშე ჩატარდება თუ არა?

ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციის „ნაცმოძრაობის“ ფრთა ყველანაირად შეეცდება, როგორც მინიმუმ, ინაუგურაციას ჩრდილი მიაყენონ და დააკნინონ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თავის მომხრეებში საპროტესტო მუხტი შეინარჩუნონ

- ჯერ ისიც არ ვიცით ზუსტად, ინაუგურაცია თელავში ჩატარდება თუ სხვაგან. იქნება თუ არა ექსცესები, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზად არის „ნაცმოძრაობა“ და მის ირგვლივ გაერთიანებული პარტიები წავიდნენ რადიკალურ სცენარზე, აქვთ თუ არა საამისო რესურსები და რამდენად მზად აღმოჩნდება ხელისუფლება და მისი შესაბამისი სტრუქტურები, ასევე დანარჩენი საზოგადოება, რომ ეს არ დაუშვან.

ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის „ნაცმოძრაობის“ ფრთა ყველანაირად შეეცდება, როგორც მინიმუმ, ინაუგურაციას ჩრდილი მიაყენონ და დააკნინონ. შესაბამისად, ვფიქრობ, გარკვეული საპროტესტო აქციები იქნება თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციამ მის მომხრეებში საპროტესტო მუხტი შეინარჩუნოს.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა